Accessibility links

ახალგაზრდული პროგრამა


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე ახალგაზრდული პროგრამა დღეს დაეთმობა ჩვენში რამდენადმე იშვიათ

მოვლენას - მოხალისეობას. კერძოდ, მოხალისეობას ახალგაზრდებს შორის. განვითარებულ ქვეყნებში მოხალისეობა სამოქალაქო სექტორის განუყრელი მახასიათებელია. სამოქალაქო აქტივობა იქ დიდწილად მოხალისეობას ეფუძნება, რაც საზოგდოებისთვის სასარგებლო, ნებაყოფლობით და არაანაზღაურებად შრომაში გამოიხატება. საქართველოში ასე ძალიან იშვიათად ხდება. ჯერ ერთი, სამოქალაქო სექტორი თითქმის მთლიანად ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლიობას და მეორე: ასეთ ორგანიზაციებში საქმიანობა ძირითადად გულისხმობს ანაზღაურებად შრომას. მოქალაქეობრივად აქტიური მოხალისეები საქართველოში ცოტაა. მე და ჩემი კოლეგა, ეკა წამალაშვილი ამაში თითქმის დარწმუნებული ვიყავით, ამ მასალის გაცნობის შემდეგ კი შეიძლება თქვენც სხვაგვარად იფიქროთ. ყოველ შემთხვევაში, ეკა ამტკიცებს, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესში 3000-მდე მოხალისეა ჩართული და წარმოგიდგენთ ორ მათგანს. შემდეგ კი შემოგთავაზებთ მასალას ახალგაზრდების ორ სამოქალაქო ინიციატივაზე, რომელთა განხორციელება ასევე მოხალისეებმა იკისრეს.

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ადგილობრივი დამკვირვებლების სტატუსით ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" 3000 კაციანი მოხალისეთა გუნდი იქნება წარმოდგენილი. ეს გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ენთუზიასტებისგან კომპლექტდება. მოხალისე ახალგაზრდების შეკრების პროცესი "სამართლიან არჩევნებს" ჯერ არ დაუსრულებია. მის მიერ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გავრცელებულ მოწოდებებს - " შემოგვიერთით ადგილობრივ დამკვირვებელთა 3000 კაციან გუნდს! " - ახალგაზრდები აქტიურად ეხმიანებიან. იმას, ვისაც სურს არჩევნებზე დაკვირვებით საკუთარი წვლილი გაიღოს სამართლიანი არჩევნების მიღწევაში, ტრეინინგებს ამ საქმეში კარგად გამოცდილი პირები უტარებენ, როგორც თბილისში ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. თუ როგორ ამზადებენ მომავალ დამკვირვებლებს მეტად საპასუხისმგებლო ფუნქციის შესრულებისთვის, ამაზე ქვემოთ, მანამდე კი წარმოგიდგენთ 2 ახალგაზრდას: ეკა ბასილაშვილსა და სოფო ბერიშვილს. ისინი "სამართლიანი არჩევნების" მოხალისეთა გუნდის წევრები რამდენიმე თვეა გახდნენ და 2 ნოემბრის არჩევნებზე დამკვირვებლის ფუნციის შესასრულებლად აქტიურად ემაზდებიან. რა მიზანმა მიიყვანა ისინი ორგანიზაციაში, რომელიც არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს, ვინ არიან ისინი და რას ფიქრობენ 2 ნოემბრის არჩევნებზე, ამის შესახებ თავად ისაუბრებენ.

[ეკა ბასილაშვილის ხმა] "მე ვარ ეკა ბასილაშვილი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ამჯერად ვარ "სამართლიანი არჩევნების" მოხალისე და ვპირდები ამომრჩეველს, რომ ამ არჩევნებზე ვიმოქმედებ ობიექტურად. შევეცდები ხალხს დავანახო, რას ნიშნავს სამართლიანი არჩევნები".

[სოფო ბერიშვილის ხმა] " მე ვარ სოფო ბერიშვილი . მეც ვარ მოხალისე ამ ორგანიზაციის. ვმონაწილეობ ამ პროგრამში, რათა შევეცადო ყველას დავანახო, რომ შეიძლება დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ოღომდ იმ შემთხვევაში თუ ყველა ერთად დადგება".

[შეკითხვა] "როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობის იქნება ჩვენი ქვეყნისთვის 2 ნოემბრის არჩევნები?"

[სოფო ბერიშვილის ხმა] "2 ნოემბრის არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის სახეს, როგორც საერთაშორისო გზაზე, ისე შიგნით. ეს იქნება გადმწყვეტი, რადგან პოლიტიკა შეიცვლება ან არ შეიცვლება და თუ არ შეიცვლება, დაინგრევა ეს ქვეყანა, რაც ძალიან არ გვინდა. ასევე, ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეხედავენ ჩვენს ქვეყანას დასავლელი პარტინორები".

[ეკა ბასილაშვილის ხმა] "პირველ რიგში, დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. ამაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს ქვეყანა უნდა გავიდეს მსოფლიო ასპარეზზე, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, თუ ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. რაც მთავარია, ხალხი, რომელიც არავის არ ენდობა, დაინახავს, რომ რაღაცის გაკეთება და რაღაცის შეცვლა შესაძლებელია".

ასეთი განწყობით ემზადებიან სოფო და ეკა არჩევნებისთვის, თუმცა კარგად იციან, რომ ამ არჩევნებზე მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ექსცესები. იციან, რომ ეს 2 ნოემბერს, არჩვნების დღეს, უაღრესად დაძაბულ პირობებში და დაძაბულ რიტმში მოუწვეთ მუშაობა. მოხალისეები განმარტავან, რომ სადამკვირვებლო სამუშაოს გაწევისთვის არაფერს უხდიან და რომ ისინი იმ ენთუზიაზმით მოქმედებენ, რომელიც სამართლიანი არჩევნების მიღწევის სურვილს ემყარება. ამ ეტაპზე მოხალისეები სწავლობენ კანონს და იმას, როგორც დამკვირვებლებმა როგორ უნდა მოახდინონ რეაგირება კანონის დარღვევაზე. მოხალისეებს ტრეინინგები სისტემატურად უტარდებათ. საარჩევნო კანონზე მათ წარმოდგენა უკვე გააჩნიათ. ეკას და სოფოს აზრით, ახალი საარჩევნო კანონი ძველ კანონზე მეტად ზღუდავს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას.

[ეკა ბასილაშვილის ხმა] "რომ შევადარეთ ძველ კოდექს, ვნახეთ, რომ ამოღებულია რამდენიმე პუნტი, რომელთა საშუალებითაც შეიძლებოდა გაყალბება. ახალი კოდექსით შედარებით ნაკლებია გაყალბების შანსი. ტრეინინგებს გვიტარებს ნუგზარ კუპრეიშვილი და ძალიან საინტერესოდ მიდის ეს ტრეინინგები".

[სოფო ბერიშვილის ხმა] "ლექციის მაგვარია, მაგრამ რაიმე კითხვა თუ დაგვებადება, ამომწურავ პასუხს მივიღებთ. ამ ყველაფერს ვინიშნავთ და შემდეგ ტესტირების სახით ხდება ჩვენი გამოცდა. ნიშნებს, რა თქმა უნდა, არ გვიწერენ".

ასე ემზადებიან "სამართლიანი არჩევნების" ახალგაზრდა მოხალისეები არჩევნებისთვის. მათ გუნდში ამა თუ იმ პარტიის ინტერესებით მოქმედი ჯერ არავინ გამოუვლენიათ. ასეთი ფაქტების აღსაკვეთად დამკვირვებელბის სია გადასამოწმებლად სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც გაეგზავნებათ.
ეკა ბასილაშვილს და სოფო ბერიშვილს არჩევნებზე დაკვირვება პირველად მოუწევთ, მოხალისეთა გუნდში კი არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებსაც გარკვეული სადამკვირვებლო გამოცდილება გააჩნიათ. ახალბედა დამკვირვებლებიც ფიქრობენ, რომ 2 ნოემბრის გამოცდილებას შემდგომ არჩევნებზე გამოიყენებენ. ეს იქნება ხმების პარალელური დათვლისა და საარჩევნო დარღვევებზე სწრაფი რეაგირების გამოცდილება და ვნახოთ, როგორ გაართმევს ამ ურთულეს მისიას თავს მოხალისეთა გუნდი, რომელიც 3000 კაცისგან უნდა დაკომპლექტდეს.

ახლა კი ვისაუბროთ ორ არაპოლიტიკურ აქციაზე, რომელიც გასული კვირის მიწურულს ახალგაზრდებმა მოაწყვეს. ორივე აქცია მოხალისეთა ძალისხმევით წარიმართა: ერთი ეკოლოგიური შინაარსისა იყო, მეორე კი, ასე ვთქვათ, გასართობ-საგანმანათლებლო.

ეკოლოგიური შინაარსის აქცია ახალგაზრდების ჯგუფმა მთაწმინდის კალთაზე გამართა. თუმცა, უფრო ზუსტი იქნებოდა, გვეთქვა, რომ არავითარი აქცია ეს არ იყო: 30-მდე ადამიანი, უბრალოდ, ასუფთავებდა ნაგავსაყრელად ქცეულ ადგილს მთაწმინდაზე. მე ვკითხე ერთ-ერთ მონაწილეს, ლაშა ჩხარტიშვილს, გაუმკლავდნენ თუ არა ამოცანას:

[ჩხარტიშვილის ხმა] "სრულყოფილად არა, იმიტომ, რომ ჩვენ გატანა ვერ მოვახერხეთ. ჩვენ დავმარხეთ ეს ნაგავი. დამარხვა არ არის ცუდი ვარიანტი, რადგან საქართველოში, საუბედუროდ, რაც კი ნაგავი მიდის "ოფიციალურ" ნაგავსაყრელებზე, მთლიანად იმარხება. ნაგვის გადამუშავების ეფექტიანი და გარემოს დაცვის თვალსაზრისით, მომგებიანი საშუალებები ჩვენში არ არსებობს. ასე რომ, დიდი განსხვავება არ იყო, ამას გავიტანდით და ნაგავსაყრელზე მოხვდებოდა თუ არა".

ლაშა ამბობს, რომ ადგილობრივი, ანუ მთაწმინდის მოსახლეობიდან ხუთიოდე ადამიანი თუ შეუერთდა მათ ინიციატივას. ახალგაზრდებს უფრო ბავშვები ეხმარებოდნენ. მოვიდა მოქალაქე მთაწმინდისგან გვარიანად დაშორებული უბნიდან - ვარკეთილიდან, რომელიც თვითონ წარმოგვიდგა.

[მოქალაქის ხმა] "მე ვარ ალექსი (ალი) ასლანიშვილი, მხატვარი, ირანის ფერეიდანიდან რეპატრირებული ქართველი. რეკლამას მოვკარი თვალი ტელევიზიით - გავასუფთავოთ მთაწმინდა, ვუშველოთ ქალაქს, დავიცვათ ნაგვისგან და ა.შ. დავურეკე და ვუთხარი, ეს პრობლემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, თქვენთანა ვარ, როცა კი ასეთ აქციებს დაგეგმავთ-მეთქი. ბუნებრივია, ეს ჩემი ტკივილია - ქალაქი ნაგვით არის სავსე და მხოლოდ სადარბაზოს შიგნით იწყება ჩვენი ერის ცხოვრება".

ლაშა ჩხარტიშვილი შიშობს, რომ მათი შრომა შეიძლება წყალში ჩაიყაროს. საქმე ისაა, რომ მთაწმინდის ფერდობზე, დასახლების ადგილას არ ადის ნაგვის მანქანა და არც ერთი ურნა არ დგას.

[ჩხარტიშვილის ხმა] "შესაბამისად, ამ მოსახლეობას არა აქვს საშუალება, ნაგავი ცივილური ფორმით გადაყაროს. ჩვენ ვაპირებთ, უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღეში მივმართოთ კეთილმოწყობის სამმართველოს და ვთხოვოთ, ამ ქუჩებზე დადგას ურნა, ასევე სისტემატურად იაროს აქ ნაგვის მანქანამ, რომელიც ამ ნაგავს გაიტანს. თუ ეს არ მოხდება, ძალიან მალე აქციას მოვუწყობთ და შეიძლება ისეთ ფორმასაც მივმართოთ, როგორიცაა ნაგვის მიტანა და დაყრა მათ წინ".

ეს სამოქალაქო-სანიტარული აქცია ახალგაზრდების ჯგუფმა (მათ შორის აქტიურობდნენ მოძრაობა "კმარას" თანამგრძნობნი) პარასკევს მოაწყვეს, შაბათს კი საზოგადოება "მზიურში" მიიწვიეს ახალ აქციაზე. თუმცა ამ ღონისძიებასაც აქციას პირობითად თუ უწოდებ. "მზიურში" ახალგაზრდების მიზიდვას ინიციატორები ამჯერად სხვა იდეით - უფასო კონცერტითა და სასკოლო ბიბლიოთეკებისათვის წიგნების შეგროვებით შეეცადნენ და უფრო გაუმართლათ, ვიდრე წინა დღეს. მოწოდებამ - იაზროვნე ალტერნატიულად - ხორცი ასე შეისხა: კონცერტზე მისულებს ვითომდაც ბილეთის სანაცვლოდ ერთი წიგნი მაინც უნდა მიეტანათ. კონცერტი ახალი დაწყებული იყო, როცა გამოველაპარაკე ორ ახალგაზრდას. ისინი შემოწირულ წიგნებს იღებდნენ:

[ყმაწვილების ხმა] "ერთი შეხედვით, 100-ზე მეტი წიგნია. ბევრი ისე მოვიდა, წიგნი არ მოუტანია - უბრალოდ, მხარს გვიჭერს. ეს არის ხალხი, ვინც ნამდვილად ალტერნატიულად აზროვნებს და ეთანხმება ჩვენს დევიზს - "წიგნიერი მომავლისათვის". ასეთი მხარდაჭერა სრულიად საკმარისია ჩვენი იდეისათვის ხორცის შესასხმელად.

- თუ აკვირდებით, რა წიგნები შემოდის?

- ძირითადად საბავშვო: ბუნების კარი, დედაენა, ისტორიის, მათემატიკის, ქიმიის სახელმძღვანელოები. არის მხატვრული ლიტერატუირაც, ასევე ძირითადად საბავშვო: ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღები", დიუმას "20 წლის შემდეგ" და სხვა წიგნები".

ჩვენი საუბრისას წიგნებს განუწყვეტლივ ემატებოდა სხვა წიგნები: შევნიშნე გალაკტიონ ტაბიძის ერთტომეული, უილიამ გოლდინგის "ბუზთა ბატონი", მიგელ დე უნამუნოს "ბურუსი", ბეთჰოვენის წერილები და თბილისში ახლახანს გამოცემული "თავისუფლების კანონი".

კონცერტის დაწყებიდსან ორიოდ საათში სცენასთან დაახლოებით 500 წიგნი მაინც მოგროვდა. მე გავესაუბრე გოგონას, რომელსაც შავი მაისური ეცვა მოძრაობა "კმარას" ემბლემით და ვკითხე, თუ მოელოდა ასეთ მოსავალს.

[გოგონას ხმა] "ნამდვილად არ მოველოდი, რომ ამ რაოდენობის ხალხი მოვიდოდა და სახლიდან წიგნებს მოიტანდა. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს მაგალითი მსგავსი სამომავლო აქციებისათვის. წიგნების შეგროვება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ აქ გამოვაცხადებთ, რომ აქცია გრძელდება და ვისაც წიგნის შემოწირვა სურს, ჩვენს მისამართზე მოიტანოს. გარდა ამისა, იქნება პროექტი "კარდაკარ". ჩვენი მოხალისეები ივლიან კარდაკარ, ჩვენ თვითონაც გავალთ საზოგადოებაში და ავაგროვებთ წიგნებს".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG