Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტული პროგრამა "რბენა წინაღობებით"


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ახალი ციკლის, "ქართული სპორტის საუკუნე:

დაუვიწყარი სახელები" დღევანდელი გადაცემა ომარ ფხაკაძეს ეძღვნება.

ომარ ფხაკაძე: დაიბადა ქუთაისში 1944 წლის 12 აგვისტოს. ველოსიპედისტი, სპრინტერი. 1965 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატების მეორე და მესამე პრიზიორი, მიუნხენის მე-20 ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი და ოთხგზის თასის მფლობელი, მსოფლიოს რეკორდსმენი 200 მეტრზე გიტში და 500 მეტრზე ადგილიდან, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი 1986-93 წლებში. გარდაიცვალა თბილისში 1993 წლის 23 მაისს.

ესპანეთი, სან-სებასტიანი, ომარ ფხაკაძე, მსოფლიოს ჩემპიონი... თითოეული ეს სიტყვა სპორტის გულშემატკივრის წარმოდგენაში ერთ უწყვეტ ჯაჭვად არის შეკრული და შეგვახსენებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამბავს ჩვენი სპორტის ისტორიაში: ქართველმა ველოსიპედისტმა სპრინტის მეფის ტიტული მოიპოვა და, მართალია, მას შემდეგ თითქმის 40 წელიწადი გავიდა, იმ დიდი გამარჯვების ხიბლი ხალხის მეხსიერებაში დღემდე არ გახუნებულა. ომარ ფხაკაძეს, მანამდეც და მერეც, არაერთი ჯილდო და ტიტული რგებია, მაგრამ სან-სებასტიანის მსოფლიო ჩემპიონატი გვირგვინია მისი სპორტული კარიერისა. იშვიათი ფიზიკური მონაცემების ათლეტს, ხასიათიც ჩემპიონისა აღმოაჩნდა და სრულიად ახალგაზრდამ ერთბაშად აიღო სხვათათვის მიუწვდომელი სიმაღლეები. მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა, 21 წლისა იყო. ფხაკაძის გამარჯვება ჩემპიონატის სენსაციად მოინათლა. ფავორიტებად სეზონის ფრანგი ლიდერები - პიერ ტრანტენი და დანიელ მორელონი სახელდებოდნენ, მაგრამ ფინალში იტალიელი ჯოვანი ტურინი და ყველასათვის უცნობი ფხაკაძე გავიდნენ. აი, რას წერდა 1965 წლის 12 სექტემბერს გაზეთი "ლელო" (ციტატა): "დარჩა ბოლო, გადამწყვეტი რბოლა. მეტოქეებს სტარტზე უხმობენ. იტალიელმა საწყისი პოზიცია დაიკავა, ფხაკაძე კი არსად ჩანს. დიქტორმა მისი გვარი უკვე მეოთხედ თუ მეხუთედ გამოაცხადა. თანაგუნდელები ომარის მოსაყვანად მოსაცდელი ოთახისკენ გარბიან. როგორც იქნა, გამოჩნდა, მაყურებლები ტაშით ეგებებიიან. სტარტი. წინაა ტურინი, ფხაკაძე 3-4 მეტრის მოშორებით მიჰყვება, ჩაფხუტს ისწორებს, თითქოს რბოლა ჯერ არც დაწყებულა, მაგრამ აი, უეცარი გრიგალი და მძლავრი ფინიში. იტალიელი ყველაფერს ხედავს და გრძნობს, მაგრამ გონს მოსვლას ვერ ასწრებს. ფხაკაძე ჩემპიონია" (ციტატის დასასრული). "ლელოს" იმავე ნომერში გადმობეჭდილია უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ წერილთა სათაურები: "ომარ ფხაკაძე - ჭკვიანი, ეშმაკი, გამჭრიახი", "ველოსპორტის სამხრეთელი ვეფხვი", "ქუთაისელი ხარი", "მოვიდა, ნახა, გაიმარჯვა". იმდროინდელი პრესა ყურადღებას ამახვილებდა, რომ ქუთაისში, ფხაკაძის მშობლიურ ქალაქში, ველოტრეკი საერთოდ არ იყო. მაგრამ ველოტრეკი იყო თბილისში, იყვნენ გამოცდილი მწვრთნელებიც, რომლებმაც კუნთმაგარ ქუთაისელ ყმაწვილში მომავალი ჩემპიონი ამოიცნეს.
ომარ ფხაკაძის ხასიათის ნიშნებიდან მწვრთნელები პირველ ყოვლისა, ხაზს უსვამენ მის გულკეთილობას და ალალმართლობას, მიზანდასახულობას და შეუპოვრობას. ამ თვისებებით ომარი საოცრად ჰგავდა შესანიშნავ ფილმში - "ხარება და გოგია" - მის მიერ განსახიერებულ მთავარ გმირს - ხარება ჯიბუტს. ამ ფილმში ხარებას უმცროსი ძმის - სიმონის როლს ცნობილი მწერალი ნუგზარ შატაიძე თამაშობს. ბატონი ნუგზარი იხსენებს:
(ნუგზარ შატაიძის ხმა): "კახეთში გადაღებაზე რომ ჩავედით, რეჟისორმა ომარს ცხენი მიჰგვარა - აბა, ერთი როგორი მხედარი ხარო. ომარი გამოტყდა, რომ ცხენზე არასდროს მჯდარა. მერე თქვა - კარგით, ნუ შეშინდით, დავჯდები, ოღონდ ცოტა წამეხმარეთო. როგორც კი შევსვით, ცხენი გატრიალდა და მოქუსლა. ისე შორს გავარდნენ, რომ უკვე აღარ ჩანდნენ. შევშინდით, დავიბენით. დაახლოებით ერთ საათში მობრუნდა გახვითქული ცხენით, ისე იჯდა, თითქოს ცხენზე გაიზარდაო."
ახლა მოგასმენინებთ თავად ომარ ფხაკაძის ხმას, რომელიც ჩაწერილია 1992 წელს, როცა საქართველოში დიდი არეულობა იყო და სპორტისთვის თითქმის არავის ეცალა. ომარი მაშინ საქართველოს ველოსპორტის ფედერაციას ხელმძღვანელობდა და ურთულესი პრობლემების მიუხედავად, მომავალს ოპტიმისტურად უყურებდა.
(ომარ ფხაკაძის ხმა): "ამ პოლიტიკურმა სიტუაციამ და ამ მდგომარეობამ იმოქმედა ჩვენი სპორტის სახეობაზე. მარტო ჩვენზე არა. ალბათ, ყველა სახეობაზე. იმედია, ყველაფერი ჩაწყნარდება, ყველანი ჩვენს საქმეს მივხედავთ და, ალბათ, საერთაშორისო არენაზე, მსოფლიო არენაზე ჩვენი მიზანია ოლიმპიური თამაშები, კიდევ 4 წელი გვაქვს წინ და ეს 4 წელი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ რაც მე ვერ შევძელი, როგორც სპორტსმენმა საქართველოს სახელით, მე მინდა, რომ ჩემი ერის წარმომადგენლებმა შეძლონ, ჩემი ნატვრა იმათ შეასრულონ. ეს იქნებოდა ჩემი სურვილი."
ამ სიტყვებით და სურვილებით დაგვემშვიდობა დიდი ჩემპიონი, რომელმაც ქართული სპორტის ისტორიაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა.
XS
SM
MD
LG