Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა


ქართველმა არტისტებმა, რომლებიც, ასე თუ ისე,

მაინც ჩართეს წინასაარჩევნო მარათონში, შემოქმედებისთვის ჯერ ვერ მოიცალეს - თეატრალური და მუსიკალური სეზონი მხოლოდ იხსნება. უფრო სწორად, თეატრალურ და მუსიკალურ სეზონს "გასტროლიორები" ხსნიან და არა თბილისელები: ოპერისა და ბალეტის თეატრში 16 და 17 სექტემბერს ირმა ნიორაძემ იცეკვა. სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის პრიმას თბილისში ჩამოყვნენ რუსული ბალეტის ვარსკვლავები იგორ ზელინსკი, იულია მიხალინა, ევგენი ივანჩენკო და ილია კუზნეცოვი, რომელთანაც ერთად ნიორაძემ მარიას თეატრის ახალი სპექტაკლი, "მადამ ლიონელი" წარმოადგინა. ჯონ ადამსისა და გევინ ბრაიერსის მუსიკაზე დადგმული "მადამ ლიონელი" ქორეოგრაფმა კირილ სიმონოვმა სანქტ-პეტერბურგის 300 წლის იუბილეს მიუძღვნა. პირველად ეს სპექტაკლი სანქტ-პეტერბურგში უჩვენეს. ხოლო მაისში "მადამ ლიონელის" პრემიერა ლონდონში, "ალბერტ-ჰოლში" გაიმართა. მოსკოველები კირილ სიმონოვის დადგმას მხოლოდ ოქტომბერში იხილავენ. რუსი კრიტიკოსები "მადამ ლიონელის" ღირსებად დიზაინერ იგორ ჩაპურინის ნამუშევარს მიიჩნევენ. სპექტაკლის თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ ეს ბალეტი დიზაინისა და ქორეოგრაფის სინთეზია. თუმცა, დიზაინი - თანამედროვე კოსტიუმები და ცათამბჯენები, აქ უფრო ნიღაბია, რომელმაც უნდა "დაგვიმალოს" თავად ქორეოგრაფიის ერთფეროვნება, სრულიად უმწეო კორდებალეტი, წარმოდგენის დრამატურგიის სწორხაზოვნება - ამბავი ქალზე, რომელიც მკაცრია ოფისში და ნაზი, რბილი - სახლში. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ირმა ნიორაძის დონის ბალერინა არაა საჭირო იმისათვის, რომ ეს ორი ხასიათი შეიქმნას; "სინაზისა" და ‘სიმკაცრის" გამოხატვა მოცეკვავე ქალისთვის არც ისე ძნელი უნდა იყოს. მითუმეტეს, როცა საცეკვაო ბევრი არცა გაქვს. საბედნიეროდ, "მადამ ლიონელის" აღმოაჩნდა ერთი ღირსება - წარმოდგენა დიდხანს არ გრძელდება... ხშირად არ გიწევს დახედო საათს, ანტრაქტის და, შესაბამისად, მეორე მოქმედების მოლოდინში. მითუმეტეს, როცა იცი, რომ მეორე განყოფილებაში მარიას თეატრის ვარსკვლავებმა "კლასიკა" უნდა იცეკვონ.

ირმა ნიორაძის გასტროლების დასრულების შემდეგ თბილისელ მაყურებელზე ისევ იტყვიან - ვერ იტანენ თანამედროვე ბალეტებს, რუსულ კლასიკაზე კარგავენ ჭკუასო. მაგრამ საქმეც ისაა, რომ თბილისელებს ვერა და ვერ ეღირსათ მაღალი დონის თანამედროვე ქორეოგრაფიის ნახვა. ის "მოდერნი", რომელიც დროდადრო იდგმება თბილისში, თანამედროვე ბალეტის სუროგატი უფროა, ვიდრე ქორეოგრაფია. ამიტომაცაა, რომ ქართველებს ურჩევნიათ ხელახლა ნახონ ის, რაც კარგად იციან და რისი შეფასებაც შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ მარიას თეატრის მსახიობების სპექტაკლის "კლასიკურ ნაწილში" ირმა ნიორაძის გარდა, სხვამ ვერ გამოიჩინა თავი - მეტისმეტად "აკურატული" იყო მახალინა, მეტისმეტად უბრალო ივანჩენკო, - თბილისელმა ბალეტის მოყვარულებმა სწორედ "კლასიკაზე" დაიწყეს "ბრავოს" ძახილი... თანაც, სახელისუფლო ბლოკსაც ჩაეთვალა - აღმოჩნდა, რომ ირმა ნიორაძის გასტროლები ბლოკ "ახალი საქართველოს" მხარდაჭერით გაიმართა. ამას ჰქვია სწორედ "წინ დასავლეთისკენ, რუსეთთან ერთად".

და არა მარტო დასავლეთისკენ... და არა მარტო რუსეთთან ერთად. 16 სექტემბერს ედუარდ შევარდნაძემ რიყეზე "დიდი აბრეშუმის გზის" პირველი ქარავანი მოინახულა. მერე კი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო რესპუბლიკის მოედანზე გამართულ კონცერტს, რომელიც დავით დოიაშვილმა დადგა. ამ საერთაშორისო მნიშვნელობის "სამთავრობო პროექტში" ნიჭიერი რეჟისორის ჩართვამ "მოდერნისტული იერი" შემატა ღია ცის ქვეშ გამართულ წარმოდგენას. როგორც ჩანს, ხელისუფლება მიხვდა, რომ ასეთი ტიპის კულტურულ ღონისძიებებზე, არჩევნების წინ არა იმდენად წარსულზე, რამდენადაც აწმყო-მომავალზე უნდა აიღო ორიენტაცია. "ნათელი მომავალი" აქ ახალგაზრდებს საქართველოს პრეზიდენტმაც უწინასწარმეტყველა. ამბობენ, რომ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა დაგეგმილი არ იყო, არავინ იცოდა, როგორ შეხვდებოდა პრეზიდენტს ლელა წუწუმიასა და "ქუჩის ბიჭების" მოსასმენად შეგროვილი პუბლიკა. მაგრამ, ჩვენს პრეზიდენტს, მოგეხსენებათ, უყვარს მოულოდნელი გამოსვლები:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "ყველას, ვინც იმ სასტუმროში ცხოვრობს, ესენი არიან ლტოლვილები, აფხაზეთიდან გამოდევნილები. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ - "დიდი აბრეშუმის გზა", "ტრასეკა" და სხვა გეგმები, მათ შორის - საქართველოს აღორძინება, სამხედრო ძლიერება, ყველაფერი გვინდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა დავბრუნდეთ აფხაზეთში და დავიბრუნოთ აფხაზეთი".

საზეიმო საღამოზე შესრულდა ჰიმნი, რომელიც ნიკა მემანიშვილმა საგანგებოდ დაწერა "აბრეშუმის გზისთვის". აქაც უფრო მომავალზე იყო ლაპარაკი - ჰიმნის ავტორებს არ დაუკონკრეტებიათ "ვისთან ერთად?", თუმცა მაინც წამოსცდათ, სად მიგვიყვანს ნეტა ეს გზაო...

[მუსიკა, ჰიმნი. "სად მიგვიყვანს ნეტა"]

საერთოდ, სადღესასწაულო კონცერტზე შესრულებული სიმღერების ტექსტში რაღაც ერთი "მიმართულება" იგრძნობოდა. "მიგულე, მიგულე, მუდამ გვერდით მიგულე... რატომ ხდება ხშირად ეს, როცა დაკარგავ ვინმეს, მაშინ ხვდები მასთან ერთად ყოფნის ფასს", - მღეროდა თამთა ჭელიძე, "მომეფერე და ერთხელ კიდევ მაკოცე, მოპოვება ძნელია, შენარჩუნება კიდევ უფრო მეტად", - ამტკიცებდა თიკა ფაცაცია, "მინდა შენთან დღეს", - ხმას აძლევდნენ გოგონებს "ქუჩის ბიჭები"... და ყველაფერ ამას სიამოვნებით ისმენდა საქართველოს პრეზიდენტი, ასევე ავთანდილ ჯორბენაძე და მისი თანმხლები პირნი. ხოლო კონცერტის წამყვანი ყველას ერთად უმტკიცებდა:

[კონცერტის წამყვანის ხმა] "ეს სიმღერები დავიმახსოვროთ, ცოტა ხანში ჰიტებად გადაიქცევა".

ვერ გეტყვით, მართლა გადაიქცევა თუ არა ჰიტებად სიმღერები, რომელიც "პირველ ქარავანს" მიუძღვნეს ჩვენმა გოგო-ბიჭებმა, მორთულ-მოკაზმულმა ვარსკვლავებმა, მაგრამ ამ "ჰიტებს" დიდხანს რომ არ იმღერებენ საქართველოში, ამის სრულ გარანტიას გაძლევთ... არ იმღერებენ, რადგან ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფასობს კარგი მუსიკა და, უამრავი პრობლემის მიუხედავად, მაინც ეწყობა კარგი მუსიკალური ფესტივალები.

20 სექტემბერს თბილისში გაიხსნა ფესტივალი - "შემოდგომის თბილისი", - გაიხსნა მუსიკალური კულტურის ცენტრში, იქ, სადაც თავის დროზე დაარსდა ჯანსუღ კახიძის თაოსნობით. თბილისში ჩამოვიდა გენადი როჟდესტვენსკი მეუღლესთან, პიანისტ ვიქტორია პოსტნიკოვასთან და შვილთან, მევიოლინე ალექსანდრე როჟდესტვენსკისთან ერთად. დაგეგმილია სხვა სტუმრების, მათ შორის "მოსკოველი ვირტუოზების", ანსამბლ "ბაბიე ლეტოს", ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ჩვენი თანამემამულის, გიორგი ვაჩნაძის ჩამოსვლაც. როგორც ჩვენთან საუბარში თბილისის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კახიძემ განაცხადა:

[ვახტანგ კახიძის ხმა] "ჰონორარებს არ თხოულობენ, რადგან ესმით ჩვენი მძიმე მდგომარეობა და ეს ხდება დიდი მეგობრობისა და მუსიკალური სინდისიერების ხარჯზე... მაგალითად, გენადი როჟდესტვენსკი 30 წელია თბილისში არ არის ნამყოფი".

განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს 5 ოქტომბრის საღამო - ბიზეს "კარმენის" საკონცერტო შესრულება. ქართველ მუსიკის მოყვარულებს საშუალება ექნებათ შეაფასონ, თუ როგორ დაიხვეწა ლა სკალაში ნინო სურგულაძისა და გიორგი ონიანის ხელოვნება. თბილისში ჩატარებული სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით, "შემოდგომის თბილისზე" პრემიები და პრიზები არ გაიცემა. როგორც ვახტანგ კახიძე აღნიშნავს:

[ვახტანგ კახიძის ხმა] "არა, ჩვენ ეს ტრადიცია არა გვაქვს, თუ კარგი კონცერტი გამოდის, ეს უკვე პრიზია მსმენელისთვის, თუ კარგ დონეზე შევასრულეთ ეს ყველაფერი, ამ საჩუქრით დავკმაყოფილდებით".

"შემოდგომის თბილისი" 12 ოქტომბერს დაიხურება კონცერტით, რომელიც თბილისის სიმფონიური ორკესტრის დაარსების ათ წლისთავს ეძღვნება. ვახტანგ კახიძის ორკესტრი, სოლისტებთან - ირმა ბერძენიშვილთან, ქეთევან ქემოკლიძესთან, თეიმურაზ გუგუშვილთან და გია ასათიანთან ერთად ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას შეასრულებს. "ოდა სიხარულისადმი", იგივე "ოდა თავისუფლებისადმი" - "წყვდიადიდან სინათლისკენ"... აი, ასეთი იქნება გეზი, რომელიც პოლიტიკაში ჩართული ქართველი არტისტებისგან განსხვავებით, "შემოდგომის თბილისის" სტუმრებმა და მასპინძლებმა აიღეს.
XS
SM
MD
LG