Accessibility links

logo-print

ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების საერთაშორისო დანიშნულება


20 სექტემბერს საქართველოში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე

ოფიციალურად დასრულდა ორკვირიანი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება სახელწოდებით "მედკერ-რესკიუერი", რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 300-მდე სამხედრო წარმომადგენელი ღებულობდა მონაწილეობას. ზუსტად ისე, როგორც საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებშია მიღებული, სამხედრო მედიკოსთა მრავალეროვნული კონტინგენტი დაზარალებულ მოსახლეობას და სამოქალაქო პერსონალს წარმოსახული კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის საქმეში შველოდა. თუმცა, სამედიცინო ხასიათის დახმარება, რომელიც მოსახლეობას ამერიკელმა აღმოუჩინეს სრულიად რეალური იყო, რის გამოც "მედკერის" შესახებ საქართველოში კეთილი მოგონებები რჩება.

თუ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებში საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტების გამოყენების გეორგაფიას გადავავლებთ თვალს, პასუხს იოლად გავცემთ შეკითხვას, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ნატოს 10 წლის წინანდელ ინიციატივას, რომელიც "მშვიდობისათვის პარტნიორობის" პროგრამის სახელწოდებითაა ცნობილი. დღეს მრავალეროვნული საჯარისო კონტინგენტები, რომელთა შემადგენლობაში ნატოს წევრი ქვეყნების გარდა ერთ დროს ყოფილი მოწინააღმდეგის, ვარშავის ბლოკის ქვეყნების წარმომადგენლებიც შედიან, საერთაშორისო მშვიდობას ბალკანეთში, ავღანეთსა და ერაყში იცავენ.

პარტნიორობის სულისკვეთების ფარგლებში საქართველოში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გამართული სწავლების ხელმძღვანელის, ამერიკელი პოლკოვნიკ უილიამ გარდნერის თქმით, ასეთი მანევრების დროს ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც რეალურ საბრძოლო პირობებში საერთო ამოცანის შესრულებას აიოლებს.

[უილაიმ გარდნერის ხმა] "მთავარი, რისთვისაც ჩვენ აქ ვართ არის ის, რომ გავწვრთნათ მაშველი რაზმები, რომლებიც შემდგომში თავადვე შეძლებენ დაეხმარონ უბედურების ზონაში მყოფ ადამიანებს. ამ თვალსაზრისით ჩვენ ბევრი რამე ვასწავლეთ ჩვენს ქართველ კოლეგებსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ვარჯიშებში მონაწილეობდნენ. ჩვენ აგრეთვე შესაძლებლობა გვქონდა გაკვეთილები ჩაგვეტარებინა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისა და სამოქალაქო ადმინისტარციის წარმომადგენლებსითვის, რომლებსაც ასევე თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ კატასტროფის ლიკვიდაციის დროს. და შესაბამისად რაკი ჩვენ სხვებს ვასწავლიდით, ამით ჩვენც ბევრი რამ ვისწავლეთ. რადგან ასწავლო სხვას, ეს ცოდნის გაღრმავების საუკეთესო საშუალებაა."

ორკვირიანი სწავლება სახელწოდებით "მედკერ-რესკიუერ 2003" მთლიანად ამერიკულმა მხარემ დააფინანსა. რაც შეეხება სწავლების მეორე ორგანიზატორს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ზედ სწავლების წინ თავს დატეხილი სეკვესტრის გამო, სამხედრო უწყება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ მხოლოდ რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყოფა მოახერხა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ ჩათვალა საჭიროდ პოლკოვნიკმა გარდნერმა იმ დახმარებაზე შეჩერება, რაც ცალკე მოსახლეობამ და ცალკე ქართველმა სამხედროებმა მიიღეს. სწავლების მეთაურის მოდაგილის, ვიცე-პოლკოვნილ იარაკლი ბატკუაშვილის თქმით, ეს დახმარება ასეულ ათასობით დოლარის ოდენოებისაა.

[ირაკლი ბატკუაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

რაკი სწავლება სამედიცინო ხასიათისა იყო, მასში მონაწილე ქართველი სამხედრო მედიკოსების, და არა მარტო მათი, ფიქრები მიპყრობილი იყო ერაყისკენ, სადაც მათი კოლეგები უკვე მეორე თვეა იმყოფებიან. სწავლების მეთაურმა პოლკოვნიკმა გარდნერმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განასკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ქართველი და ამერიკელი სამხედროები არა მარტო ვირტუალურად, არამედ რეალურადაც თანამშრომლობენ მსოფლიოს ყველაზე "ცხელ წერტილში."

[უილიამ გარდნერის ხმა] "როგორ ვაფასებ? მე ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესოა. ჩვენ, ამერიკელმა სამხედროებმა, ვიცით, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი პარტნიორების, განსაკუთრებით მშვიდობისათვის პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობა. და ჩვენ აქ იმისთვის ვმუშაობთ ერთად, რომ როდესაც საჭირო იქნება ჩვენც დაგვეხმარონ პარტნიორები, როცა მსოფლიოში ასეთი პრობლემები იჩენენ თავს. ამიტომაც ძალიან გვიხარია, რომ საქართველო, სხვა ქვეყნების მსგავსად მონაწილეობს ამ ოპერაციაში. არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ისწავლო, თუ როგორ დაეხმარო კაცობრიობას."

თუმცა, ერაყში მოქმედი ქართული სამხედრო კონტინგენტის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს ცნობა მოვიდა ოთხი გამნაღმველის დაჭრის შესახებ, ქართული კონტინგენტის მიმართ ინტერესი გაძლიერდა. ამ ინტერესის გათვალისწინებით ერაყში, სექტემბრის დასაწყისში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი ჩავიდა. მაგრამ როგორც რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში გოგოტიშვილმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რათა ერაყში მყოფი ქართველ სამხედროების თაობაზე საზოგადოება კიდევ დიდხანს იყოს დარჩენილი ინფორმაციულ ვაკუუმში.

[თენგიზ გოგოტიშვილის ხმა] იხ.აუდიოვერსია

საინტერესოა აღინიშნოს, რომ საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობა არა მხოლოდ ერაყში მყოფი კონტინგენტის შესახებ ინფორმაციას უმალავს საზოგადოებას. კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კონტროლის პალატა შემოწმების შემდეგ თავდაცვის უწყებაში უცხოური გრანტებითა და შემოწირულობების გზით მიღებული მატერიალური ფასეულობების დაკარგვის ფაქტებს წააწყდა. მაგრამ სამხედრო საიდუმლოების მომიზეზებით თავდაცვის სამინსიტრომ ამ ინფორმაციას ემბარგო დაადო. ისღა გვრჩება, დავიმახსოვროთ იმ ფასეულობების ჩამონათვალი, რაც ამერიკელმა სამხედროებმა სამედიცინო სწავლების შემდეგ დატოვეს და ერთი წლის შემდეგ მოვიკითხოთ მათი არსებობა.
XS
SM
MD
LG