Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში განიარაღების შეთანხმების შეუსრულებლობას ნებისყოფის უქონლობით ხსნიან


მსოფლიოს ლიდერები, რომლებიც მომდევნო კვირაში გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავენ, იმედოვნებენ, რომ კიდევ ერთხელ ატეხენ განგაშს მასობრივი განადგურების იარაღის აკრძალვის შესახებ.

მაგრამ ასეთი შეშფოთება აქამდე არ გამოთქმულა იმაზე, რომ არ სრულდება განიარაღების ის ინიციატივები, რომლებიც 1990 წელს იქნა მიღებული. როგორც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტ რობერტ მაკმაჰონს განიარაღების დარგში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, იაპონელმა დიპლომატმა ნობვასუ აბემ უთხრა, იმ დროს, როდესაც პოლიტიკოსები ტერორიზმში ხედავენ მთავარ საფრთხეს, შეშფოთებას იწვევს იარაღის გლობალური კონტროლისა და განიარაღების სფეროში არსებული სუსტი პროგრესი.

ამ თვის დასაწყისში, ჟენევაში გამართული საერთაშორისო ფორუმი, რომელიც განიარაღების შთანხმებას ეძღვნებოდა, უშედეგოდ დამთავრდა. ფორუმის მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, თუ როგორი პროგრამით იმოქმედონ და ასე გრძელდება უკვე მეხუთე წელია. ნობვასუ აბეს თქმით, ამ კონფერენციის ჩაშლამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეიარაღების შემცირება უკვე აღარ წარმოადგენს იმ მნიშვნელობის პრობლემას, როგორც ე.წ. "ცივი ომის" დროს იყო.

[ნობვასუ აბეს ხმა] "უკვე აღარ არსებობს საზოგადოებისა და მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა მოლაპარაკებებში მონაწილე შუამავლებზე, ნიუ-იორკში იქნება ეს თუ ჟენევაში, რომ მიუბრუნდნენ განიარაღების შეთანხმების საქმის არსს. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყნებს შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მაგრამ თუ იქნება სერიოზული ზეწოლა, მაშინ ეს ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მიაღწიონ კომპრომისს და დაიწყონ მუშაობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ზეწოლა არ არსებობს".

ამ წლის სესია დასრულდა შეთანხმების მიღებით, რომელიც ითვალისწინებდა ბირთვული იარაღისთვის საჭირო ე.წ. გახლეჩვადი მასალების წარმოების აკრძალვას. მაგრამ ჩინეთმა საჭიროდ ჩათვალა, რომ დრის წესრიგში შეეტანათ აგრეთვე გამალებული შეიარაღების აკრძალვა კოსმოსის სფეროში, რამაც ჩიხური ვითარება შექმნა, რადგან შეერთებეულ შტატები წინააღმდეგია, რომ ეს საკითხი მოლაპარაკების საგნად იქცეს.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე წუხს, რომ ძალში არ შევიდა შეთანხმება ბირთვული იარაღის გამოცდის შესახებ, რომელსაც ხელი 7 წლის წინ მოეწერა. მაგრამ იმის გამო, რომ რამდენიმე წამყვანმა სახელმწიფომ - აშშ-მ, ჩინეთმა, ისრაელმა, ინდოეთმა, პაკისტანმა და ჩრდილოეთ კორეამ არ მოახდინეს დოკუმენტის რატიფიცირება, იგი ძალაში ვერ შევიდა. მეტიც, ჩრდილოეთ კორეა სულ ახლახან შეუერთდა ინდოეთს, პაკისტანსა და ისრაელს, რომლებიც გაუვრცელებლობის შეთანხმებას არ ცნობენ.

[ნოვბასუ აბეს ხმა] "თუ თქვენ ყოყმანს დაიწყებთ მაშინ, როცა თქვენგან გაბედული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, შესაძლოა, კატასტროფულ ვითარებაში აღმოჩნდეთ. ეს იქნება ვითარება, როცა ქვეყნები ბირთვული პროგრამების მიხედვით წარმატებით შეძლებენ ბირთვული იარაღის შექმნას, მერე გამოცდიან მათ და ბოლოს რაკეტებზეც დაამაგრებენ. თუ ეს მოხდა, მაშინ მთელი გაუვრცელებლობის რეჟიმი და მთელი ხელშეკრულება ნაწილებად დაიშლება".

ნობვასუ აბეს თქმით, იგი გაგებით ეკიდება განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლების პოზიციას, რომ ბირთვული იარაღის შექმნით ისინი აიძულებენ მსოფლიოს წამყვან ბირთვულ სახელმწიფოებს ანგარიში გაუწიონ მათ. მაგრამ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე დარწმუნებულია, რომ სტაბილურობის მიღწევის სწრაფი გზა განიარაღებაში მდგომარეობს, ხოლო იმისთვის, რომ სხვებიც დაარწმუნონ ამაში, აბე გამოდის ინიციატივით - შეიქმნას ერთგვარი სასწავლო პროგრამები, რომლებიც მსოფლიო საზოგადოებას ბირთვული იარაღის საფრთხეს შეახსენებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG