Accessibility links

logo-print

ვინ იღვწის იმისთვის, რომ პარლამენტში არ შევიდეს


დავით პაიჭაძე, თბილისი ძნელია გაიხსენო საქართველოში როდის გადადგა იმდენი თანამდებობის პირი, რამდენმაც ამ დღეებში დატოვა თანამდებობა დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად. შეიძლება ითქვას,

რომ არც ერთი არჩევნების წინ სახელმწიფო პოსტებიდან ასეთი "ფოთოლცვენა" არ ყოფილა. შეინიშნება საპირისპირო ტენდენციაც: პოლიტიკურ გაერთიანებათა ლიდერები, რომლებიც ბევრს აკეთებენ თავიანთი პარტიებისა თუ ბლოკების პარლამენტში შესაყვანად, თავად არ ესწრაფიან ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს წევრობას. ჩვენ შევეცადეთ ამ ორი მოვლენის მიზეზების გარკვევას.

პარლამენტში კენჭის საყრელად თავიანთი პოსტები დატოვეს ადამიანებმა, რომლებიც თითქოს შეზრდილნი იყვნენ კონკრეტულ თანამდებობებს: ქვემო ქართლის გუბერნატორი, მაგალითად, აღარ არის ლევან მამალაძე. შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს აღარ ხელმძღვანელობს გენერალი ჯონი ფირცხალაიშვილი. განცხადება თბილისის პრემიერის პოსტიდან გადადგომის შესახებ დაწერა გია შერაძემ, - შეგახსენებთ, ერთი წლის წინათ დედაქალაქის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე შერაძის გასაყვანად მერმა ვანო ზოდელავამ ისე იმუშავა, რომ ახლადარჩეულმა საკრებულომ მისი კანდიდატურის ჩაგდება ვერ მოახერხა. არადა, მანამდე თავად ვანო ზოდელავასთვის ჰქონდა გამოცხადებული უნდობლობა. დეპუტატობის ყველა ეს კანდიდატი ხელისუფლების ბლოკის მხარდაჭერით სარგებლობს. ამავე ბლოკში შეიფარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გია ზესაშვილი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობდა. ვერ იტყვი, რომ თანამდებობას შეეზარდნენ, თუმცაღა ბლოკში "ახალი საქართველოსთვის" მოსახვედრად ის დატოვეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, "ქართუს" პრეზიდენტის ძმამ, ლევან ჩრდილელმა, აგრეთვე თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს უფროსმა ნუნუ ოვსიანიკოვამ. გადამდგართა კოჰორტას შეუერთდა პარლამენტის აპარატის უფროსი, ზურაბ ჟვანიას ოდინდელი თანამებრძოლი ხათუნა გოგორიშვილი.

იოლი შესამჩნევია, რომ ჩამოთვლილმა პირებმა მხოლოდ დანიშვნითი თანამდებობები დატოვეს. თუ ისინი საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებიან, უმეტესობას, შევარდნაძის საკადრო პოლიტიკის გათვალისწინებით, აქვს შანსი არ დარჩეს რაიმე თანამდებობის გარეშე. სახელისუფლებო ბლოკში საწინააღმდეგო შინაარსის ტენდენციაც შეინიშნება: ითვლება, რომ სახელმწიფო მინისტრი ხელმძღვანელობს ხელისუფლების ბლოკის საარჩევნო კამპანიას, მაგრამ თვითონ ავთანდილ ჯორბენაძე ბლოკის სიაში არ ხვდება.

რაც შეეხება ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს, "ნაციონალურ მოძრაობაში" გადაწყვეტილი აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყრის კენჭს პარლამენტში მოსახვერდად. ეს მაშინ, როცა სააკაშვილი საარჩევნო აგიტაციისათვის შეუსვენებლად მოძრაობს საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში და ბლოკსაც "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია. საკრებულოს წევრმა გიორგი არველაძემ ასე განმარტა მისი ლიდერის პოზიცია:

[არველაძის ხმა] "მარტივი პასუხი კითხვისა, თუ რატომ რჩება მიხეილ სააკაშვილი საკრებულოში, ის გახლავთ, რომ აქ ძალიან ბევრი საქმეა საკეთებელი. ჩვენ გვინდა დაწყებული საქმეები ბოლომდე მივიყვანოთ. მიხეილ სააკაშვილი იყო ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ, როგორც დეპუტატი, ვაკეს ვერ ეხმარებოდა ისე, როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. საქმის კეთების თვალსაზრისით, პარლამენტის რიგითი წევრი გაცილებით შეზღუდულია, ვიდრე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე".

ამავე კითხვით - ჩაეწერება თუ არა პარტიის საარჩევნო სიაში, თუ შეასრულებს მხოლოდ პარლამენტში შემყვანი ლოკომოტივის როლს, - მე მივმართე ქართველი ლეიბორისტების ლიდერს, შალვა ნათელაშვილს.

[ნათელაშვილის ხმა] "არა მარტო ვეწერები პარტიულ სიაში, არამედ ვაპირებ მოღვაწეობას საქართველოს პარლამენტში იმისათვის, რომ შევარდნაძის წასვლამდე დავიწყოთ შევარდნაძის პოლიტიკის ლიკვიდაცია ქვეყანაში".

ინფორმაციის სხვა წყაროები, რომელთაც ვერ დავასახელებ, ირწმუნებიან, რომ შალვა ნათელაშვილი მართლაც იქნება სიაში, პარლამენტშიც შევა, მაგრამ დეპუტატობაზე უარს იტყვის, როგორც ეს გააკეთა თბილისის საკრებულოს არჩევნების შემდეგ.
XS
SM
MD
LG