Accessibility links

logo-print

რის ხარჯზე მოხერხდა თბილისის ბუნებრივი აირით მომარაგება


როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე თბილისში ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა დაიწყო, - მიუხედავად იმისა, რომ "თბილგაზს" ჯერაც არ

გაუსტუმრებია ბუნებრივი აირის მომწოდებელი კომპანია "იტერას" მიმართ არსებული დავალიანება. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია თუ რის ხარჯზე დაიწყო დედაქალაქის გაზით მომარაგება და იქნება თუ არა თბილისში ბუნებრივი აირი არჩევნების დამთავრების შემდეგაც, ანუ ზამთარში.

"თბილგაზმა" გამოაცხადა, რომ 22 სექტემბრიდან თბილისის საბურთალოსა და ვაკის რაიონებში ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას იწყებს. ეს რაიონები გაზით 2 თვის მანძილზე არ მარაგდებოდა. ამის მიზეზად თავდაპირველად სარემონტო სამუშაოები დასახელდა, მაგრამ ნათელი იყო, რომ "თბილგაზი" "იტერას" მიმართ არსებულ დავალიანებას ვერ ისტუმრებდა და რესურსებს წინასაარჩევნო პერიოდში თბილისელთათვის კარგი ცხოვრების ილუზიის შესაქმნელად ინახავდა. თუმცა, თბილისის საკრებულოს ენერგეტიკის კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ მინდელის ინფორმაციით, "თბილგაზმა" "იტერას" დავალიანება უკვე გაისტუმრა და თბილისის დანარჩენი რაიონების გაზმომარაგება უახლოეს დღეებში აღდგება.

[ზურაბ მინდელის ხმა] "ჩაირთვება ის დანარჩენი უბნები თანდათანობით. მე ვფიქრობ, 3-4 დღის განმავლობაში ჩაირთვება უბნებად, სქემა რამდენადაც მისცემს საშუალებას, აი, ისეთი თანმიმდევრობით და ეხლა ჩართვის პროცესი ხვალ-ზეგ დაიწყება".

"იტერას" მიმართ დავალიანების გასტუმრებას ადასტურებს "თბილგაზის" მმართველი ვახტანგ ცაავაც. თუმცა სულ სხვა ინფორმაციას ფლობს "იტერას" საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი თამაზ პატარიძე. მისი თქმით, "თბილგაზს" აგვისტოს დავალიანება სრულად არ გაუსტუმრებია და ხელშეკრულების მიხედვით, არც სექტემბერ-ოქტომბრის თანხა გადაუხდია წინასწარ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "იტერას" გაზის მოწოდება არ აღუდგენია.

როგორც ირკვევა, თბილისის გაზმომარაგება "გაზპრომის" გაზით ხორციელდება, რომელიც საქართველოს გაზის საეთაშორისო კორპორაციას სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ეკუთვნის. "თბილგაზს" იმედი აქვს, რომ ოქტომბერში "გაზპრომთან" ხელშეკრულებას გააფორმებს და საკმარის გაზსაც მიიღებს. თამაზ პატარიძე ამას არარეალურად მიიჩნევს.

[თამაზ პატარიძის ხმა] "გაზპრომი" წელიწადში მოიხმარს 550 მილიარდს, ჩვენ გვჭირდება სულ მილიარდ 100 მილიონი. ეს არის "გაზპრომის" 17 საათის სამუშაო. "გაზპრომი" რომ ასე გაგიჟებული იყოს ამ ბაზარზე... მე ვფიქრობ, ეს არ არის ასე".

იგივეს ადასტურებს რუსეთის საინფორმაცი სააგენტო "რია ნოვოსტის" მიწვევით ქართველი ჟურნალისტების მოსკოვში ვიზიტიც. დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, პაატა ვეშაპიძის თქმით, "გაზპრომის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა - რიაზანოვმა ქართველ ჟურნალისტებს პირდაპირ განუცხადა, რომ ის თბილისის მოსახლეობის გაზით მომარაგების წინააღმდეგია.

[პაატა ვეშაპიძის ხმა] "როგორც "გაზპრომში" ამბობენ, თუ ეს მაინც მოხდა, თუ თბილისის მოსახლეობის მომარაგებას დაიწყებს "გაზპრომი", ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და არანაირი ბიზნესი და კომერციულ გადაწყვეტილებაზე ლაპარაკი იქ არ იციან, გასაგები მიზეზების გამო. ცუდი გადამხდელია საქართველო და არ უნდათ ამ ხათაბალაში გაეხვნენ".

ასე რომ, ძნელი სათქმელია, ექნება თუ არა თბილისს გაზი არჩევნების შემდეგ, რადგან "გაზპრომი" დიდ ენთუზიაზმს არ იჩენს, ხოლო "იტერასთვის" დაახლოებით 6 მილიონიანი დავალიანებაა გასასტუმრებელი.
XS
SM
MD
LG