Accessibility links

logo-print

13 ჩეჩენი მოქალაქის საქმე ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო


ევროსასამართლოს ისტორიაში სასამართლომ პირველად განიხილა 13 კერძო პირის საჩივარი ერთდროულად ორი ქვეყნის - საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წინააღმდეგ. ადამიანის უფლებების დაცვის

ევროპის სასამართლომ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში ბრალდებული 13 ჩეჩენის საქმის წარმოებაში მიღების საკითხი 16 სექტემბერს განიხილა და უმოკლეს ვადაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. არ არის გამორიცხული, რომ საქმის არსებითი განხილვა სასამართლო სხდომების სახით წარიმართოს. თუკი ეევროსასამართლო ჩეჩნების სარჩელებს დააკმაყოფილებს, მაშინ დაზარალებულთა სასარგებლოდ ორივე სახელმწიფოს ფინანსური სანქციები დაეკისრება. "შამაევი და 12 სხვა საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ"- ასეთი სახელწოდებითაა ცნობილი საქმე, რომლის საფუძველი ჩეჩნების საქართველოდან რუსეთში უკანონო ექსტრადირებაა.

2002 წლის 3 და 5 აგვისტოს გირევის საგუშაგო ჩეჩნების ორმა ჯგფუფმა გადმოკვეთა. ქართველი მესაზღვრეების მიერ საზღვრის უკანონოდ დარღვევის გამო დაკავებული ეს ადამიანები სამედიცინო დახმარების გასაწევად თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2002 წლის 4 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნით, აღსრულდა საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილება და 13-დან 5 ჩეჩენის რუსეთში ექსტრადირება მოხდა. დარჩენილი 8 პირიდან მოგვიანებით სამის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა კვლავ მიიღო რუსეთში ექსტრადირების დადგენილება, მაგრამ დადგენილების შეჩერება ქართველმა ადვოკატებმა ამჯერად უკვე მოახერხეს. დღევანდელი ვითარებით, სამი პირის მიმართ ექსტრადიციის საშიშროება დროებითაა მოხსნილი, სამის საკითხი ღიად რჩება, ხოლო ორი საქართველოს მოქალაქეა. ამ თითქოსდა განსხვავებული პირობების მიუხედავად, საქმემ მაინც კრებითი სახელი შეიძინა. 13 ჩეჩენი მოქალაქის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია - "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ცნობილი ადვოკატები ლია მუხაშავრია და ნანა კინწურაშვილი იცავენ.

[ლია მუხაშავრიას ხმა] "ჩვენი მოთხოვნაა კონკრეტულად შემდეგი, რომ რუსეთმა და საქართველომ ერთად და ცალ-ცალკე დაარღვიეს ევროკონვენციის რამდენიმე მუხლი, აი, ამ ცამეტი პირის მიმართ, იმითი, რომ მოახდინეს იმ ხუთის ექსტრადიცია, დარჩენილი რვის მიმართ კიდევ მოვიდა ექსტრადიციის მოთხოვნა და ისინი ამდენი ხანი უდანაშაულოები იმყოფებიან ციხეში, რაც მთლიანობაში ერთად ქმნის ამ დარღვევათა მთელ კასკადს".

როგორც ადვოკატი ლია მუხაშავრია ამბობს, საქმის დასაშვებობაზე სხდომის დანიშვნა, რომელიც 16 სექტემებრს გაიმართა, უკვე ნიშნავს იმას, რომ ევროსასამართლომ ჩეჩენი პატიმრების საქმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საკითხად ჩათვალა. შესაბამისად, ევროსასამართლოს ჩვეულებრივი სასამართლოებისაგან განსხვავებული რეგლამენტის მიუხედავადაც კი არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს ხანში საქმის არსებითი განხილვაც დაინიშნოს. როგორც ევროსასამართლოდან მოსულ, 17 სექტემბრით დათარიღებულ წერილშია აღნიშნული, ჩეჩენი პატიმრების მდგომარეობის ადგილზე გასარკვევად, საქართველოსა და რუსეთში სტრასბურგიდან სპეციალური ჯგუფი იქნება მივლინებული. საქართვლოში დელეგაცია 27 ოქტომბერს ჩამოვა. იგივე ჯგუფმა რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული 5 ჩეჩენიც უნდა მოინახულოს, თუ, რა თქმა უნდა, რუსულმა მხარემ ეს დაუშვა.

[ლია მუხაშავრიას ხმა] "შამაევის სახელი ჰქვია მთელს ამ საქმეს და ეს შამაევი, რომელიც არის იმ ხუთიდან ერთ-ერთი რუსეთში, მე დარწმუნებული ვარ არ იცის ამ საქმის შესახებ, მას არავინ არ უთხრა და არც იმ ხუთ პატიმარს არავინ არ აცნობა".

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 18 სექტემბერს სტავროპოლში საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული ჩეჩნების სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ ბანდიტიზმსა და ტერორიზმში სდებენ ბრალს.
XS
SM
MD
LG