Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ძალდობა კვლავ გრძელდება


ერაყში ძალდობა გრძელდება. ორშაბთს ბაღდადში განლაგებულ გაეროს შტაბ-ბინასთან აფეთქება მოხდა, ხოლო შაბათს შეიარაღებული თავდასხმის დროს ერაყის მმართველი საბჭოს

ერთ-ერთმა წევრმა სერიოზული ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო. იყო მსხვერპლიც: გასული უქმეების განმავლობაში ერაყში რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული.

ამერიკის სამხედრო კონტინგენტი და მასთან ერთად ყველა იმ ქვეყნის საჯარისო ქვედანაყოფები, რომლებიც ერაყში შეერთებული შტატების მეთაურობით შექმნილ კოალიციასთან თანამშრომლობენ, მუდმივად განიცდიან თავდასხმებს. ბოლო ინცინდენტი ორშბათ დილას მოხდა. თვითმკვლელმა, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებით დანაღმული ავტომანქანის საჭეს მართავდა, გაეროს შტაბ-ბინასთან აიფეთქა თავი. ერაყელი მცველი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 17 კაცი, ძირითადად ასევე ერაყელები კი დაიჭრნენ. ერაყში განლაგებული ამერიკული არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ კერლიმ ინციდენტის შემდეგ, წინასწარი ინფორმაცია გააკეთა დაზარალებულთა შესახებ.
[შონ კერლის ხმა] "ბომბმა, რომელიც მანქანაში აფეთქდა, ორი პირი მოკლა: ერთი თავად თავდამსხმელი იყო, მეორე კი ერაყის უშიშროების სამსახურის თნამშრომელი, რომელიც იმ დროს იქ იმყოფებოდა. დაჭრილია დახლოებიით 6 თუ 8 პირი, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. კოალიციისა და ადგილობრივი უსაფრთხოების ნაწილებმა ამ ტერიტორიის ბლოკირება მოახდინეს. ბომბი გაეროს შტაბ-ბინიდან დაახლოებით 250 მეტრში აფეთქდა".

დღევანდელმა აფეთქებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ გაერთიანებული ერები თვეზე მეტია მთავარ სამიზნედ იქცა. როგორც ცნობილია, 19 აგვისტოს ბაღდადში მდებარე გაეროს შტაბ-ბინასთან მომხდარი აფეთქების დროს 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გაეროს მისიის ხელმძღვანელი სერჯიო ვიერა დე მიელო.

მაგრამ ძალადობის აქტები ამით არ ამოიწურება. შაბთს, დაუდგენელმა თავდამსხმელმა შეერთებული შტატების მიერ დანიშნული ერაყის დროებითი მმართველი საბჭოს ქალი წევრი, აკვილა ალჰაშიმი დაჭრა, როდესაც ეს უკანასკნელი ბაღდადში საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გადიოდა. ალჰაშიმს ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ჯერაც კრიტიკული რჩება. აღსანიშნავია, რომ ეს ერაყის მმართველი საბჭოს წევრზე განხორციელებული პირველი თავდასხმაა. ამავე საბჭოს ხელმძღანელმა, აჰმად ჩალაბიმ მომხდარში სადამ ჰუსეინის რეჟიმის მიმდევრები დაადანაშაულა.

"ჯეინს ინტელიჯენს რევიუს" სპარსეთის ყურის რეგიონის რედაქტორის, ჯერემი ბინიეს თქმით, თავდასხმა ცარიელ ადგილზე არ მომხდარა, - მმართველი საბჭოს წევრები სერიოზული საფრთხის ქვეშ ყოველთვის იდგნენ.

[ჯერემი ბინიეს ხმა] "აქ წინათაც რამდენიმე თვდასხმას ჰქონდა ადგილი იმათზე, ვინც ხელისუფლებასთან ასოცირდება. გავიხსენოთ თავდასხმა ჰაკიმზე, რომლის ძმაც საბჭოს წევრი იყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საფრთხე სერიოზულია. თანაც მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი ღია ტერორისტული აქტის მცდელობა მმართველი საბჭოს წევრზე. და, ჩემის აზრით ეს ამ ესკალაციის ნაწილია".

ჯერემი ბინიეს თქმით, როგორც ცნობილია, შიიტთა ლიდერი მოჰამედ ბაკირ ალ ჰაკიმი, წმინდა ქალაქ ნაჯაფში წინა თვეში მომხდარ ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. ჰაკიმის ძმა, აბდელ-აზიზ ალ ჯაკიმი ერაყის მმართველი საბჭოს წევრია. მაშინ შიიტთა სულიერი ლიდერების მიმდევრები ბრალს დებდნენ შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობას, რომლებიც თითქოს საკმარისად არ გაისარჯნენ, რათა დაეცვათ ჰაკიმი და ქვეყნის უსაფრთხოება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG