Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ახალი გენერალური მდივნის მოლოდინში


ჩრდილოატლანტიკურ ბლოკს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ორშაბათს ნატოს 19 ქვეყნის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ამ პოსტზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის იან დე ჰოპ სხეფერის

კანდიდატურას დაიჭირეს მხარი. ანალიტიკოსთა შეფასებით, ახალი გენერალურ მდივანი მოღვაწეობას ალიანსისთვის მეტად კრიტიკულ პერიოდში იწყებს: ნატო ცდილობს ახალი ადგილი დაიმკვიდროს ცივი ომისშემდგომ მსოფლიოში, აღსადგენია ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და კავშირში შემავალ ევროპელ პარტნიორებს შორის, რაც გართულდა ერაყის საკითხში წამოჭრილი უთანხმოების გამო.
გესაუბრებით ახალი გენერალური მდივნის პოლიტიკური პორტრეტისა და მის დანიშვნასთან დაკავშირებული შეფასებების შესახებ კობა ლიკლიკაძე.


ალიანსის წესდების თანახმად, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი იან დე ჰოპ სხეფერი თავის მოვალეობის შესრულებას 1 იანვრიდან შეუდგება, როდესაც მისი წინამორბედის, ბრიტანელი ჯორჯ რობერტსონის ოთხწლიანი ვადა საბოლოოდ ამოიწურება. ეს როტაცია ალიანსის უმაღლეს ეშელონში დაემთხვა მეტად კრიტიკულ პერიოდს, როდესაც ერაყის საკითხის ირგვლივ წამოჭრილი უთანხმოების გამო ჩრდილოატლანტიკურ ალიანში სერიოზული უთანხმოება შეიმჩნევა. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ რობერტსონი ასეთ რთულ ვითარებაში ტაქტიანად უძღვებოდა ალიანსს. ამის ცხადი მაგალითია ნატოს კონტინგენტი ავღანეთში, პირველი პრეცედენტი 54 წლიან ისტორიაში, როდესაც ალიანსი ევროპის ფარგლებს გარეთ ხელმძღვანელობს სამხედრო ოეპრაციას.

სხეფერის წინაშე კიდევ უფრო რთული ამოცანა დგას: მან უნდა შეინარჩუნოს რობერტსონის ნამოღვაწარი და, ამავე დროს, როგორც ბრიტანეთის სამეფო ინსტიტუტის უფროსმა ანალიტიკოსი მარკ ჯოისმა ჩვენს რადიოს უთხრა, აღადგინოს ნდობა შეერთებულ შტატებსა და კავშირში შემავალ ევროპელ პარტნიორებს შორის, ერაყის საკითხის გამო რომ შეირყა.

[მარკ ჯოისის ხმა] " ბატონი ჰოპ დე სხეფერი მემკვიდრეობას იბარებს მაშინ, როდესაც ორგანიზაცია რთული ამოცანების წინაშე დგას, როდესაც ატლანტიკის ორივე მხარე მცხოვრები ხალხი სვამს შეკითხვას, აქვს თუ არა ნატოს რელევანტური სტრატეგია და არის თუ არა ამერიკა კვლავ მისი აქტიური წევრი. ჩემი, და მე ვფიქრობ, ბევრი ადამიანის აზრითაც, არის, მაგრამ მას, სხეფერს აქვს ძალიან პასუხსაგები ამოცანა, რათა ალაინსის ისტორიაში ამ მეტად რთულ პერიოდში შეარიგოს ამერიკელები და განსკაუთრებით ფრანგები და გერმანელები".

აღსანიშნავია, რომ ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს დე სხეფერი პოლიტიკურად მხარს უჭერდა შეერთებულ შტატებს, მიუხედვად იმისა, რომ მისი ქვეყანა, ნიდერლანდები არ მონაწილოებდნენ მასში. იმავდროულად, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი თქვა ხელი მოეწერა შეერთებული შტატებისადმი მხარდამჭერი წერილისთვის, რომელსაც ესპანეთმა, იტალიამ და აღმოსავლეთი ევროპის ბევრმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, რათა ამით ხაზი არ გაესვა ევროპელებს შორის არსებული განხეთქილებისთვის. ამიტომაც არის, რომ სხეფერს თანაბარი პატივისცემით ღებულობენ როგორც პარიზსა და ბერლინში, ისე თეთრ სახლში.
დე სხეფერი ასევე ძალიან მონდომებული იყო, რათა ხელი შეეწყო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის
ევროკავშირის შიგნით. ცივი ომის შემდგომ და განსაკუთრებით ერაყის კრიზისის შემდეგ, ევროკავშირშირმა დაიწყო ფიქრი საკუთარი თავდაცვის გაძლიერების შესახებ, რასაც ყოველთვის როდი უჭერს მხარს ნატო, სადაც ამერიკის როლი დომინირებს.

თუ რა გზით აპირებს თავდაცვის პრობლემის გადაჭრას ევროკავშირი მთლად ნათელი არ არის, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მოძრაობა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ევროკავშირში კვლავაც გაგრძელდება. დე სხეფერისთვის ნათელია, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს საკუთარი როლი კრიზისების პრევენციისა და მენეჯმენტის დროს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ნატოს ხარჯზე. ამიტომაც მიიჩნევს ზოგიერთი ანალიტიკოსი, რომ ნატოს ახალი გენერალური მდივანი ნატოსა და ევროკავშირს შორის ერთგვარი "ცოცხალი ხიდის" როლსაც შეასრულებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG