Accessibility links

logo-print

რობერტ კაპა საქართველოში


22 სექტემბერს თბილისში, ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა დიდი ამერიკელი ფოტოგრაფის, მეოცე საუკუნის რომანტიკოსის, რობერტ კაპას ნამუშევრების გამოფენა. ამერიკის შეერთებული შტატების

საელჩოს ინციატივით მოწყობილ ექსპოზიციაზე თბილისელებმა პირველად იხილეს რობერტ კაპას თვალით აღბეჭდილი საქართველო, 81 სურათი, რომელიც კაპამ 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან ერთად მოგზაურობის დროს აღბეჭდა. გამოფენის გახსნას დაესწრო რობერტ კაპას შემოქმედების მკვლევარი, ცნობილი ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე რიჩარდ ველანი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ.

"საქართველო ამერიკელთა თვალით. 1947 - რობერტ კაპა" - ასეთი სახელწოდება აქვს გამოფენას, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული პროექტია საქართველოში ამერიკის საელჩოს მოღვაწეობის ისტორიაში. "ყველაზე მნიშვნელოვანი" იმიტომ, რომ თავად რობერტ კაპაა მეოცე საუკუნის გენიალური ფოტოგრაფი, რომელმაც 1947 წელს ჯონ სტეიბეკთან ერთად საქართველოში იმოგზაურა და უნიკალური ფოტოები გადაიღო. საქართველო კი არასდროს იყო განებივრებული გენიალური ამერიკელი მხატვრების, მწერლების, არტისტების ვიზიტებით.

მით უფრო უცნაურია, რომ სპეციალისტების გარდა, რომლებიც რობერტ კაპას უფრო მეტად იცნობდნენ, როგორც სახელგანთმული ფოტოსააგენტოს - "მაგნუმის" დამაარსებელს, ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯონ სტეინბეკისა და რობერტ კაპას საქართველოში მოგზაურობას დღეს თითქმის არავინ იხსენებს. თუმცა, იმ გამოფენის შემდეგ, რომელიც გუშინ გაიხსნა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, რობერტ კაპას უამრავი თაყვანისმცემელი გაუჩნდა - ისტორიკოსები დაინტერესდნენ კაპას ფოტოობიექტივით აღბეჭდილი უნიკალური კადრებით: მარიამობის დღესასწაულზე ჩატარებული წირვით, კალისტრატე ცინცაძის პორტრეტით, 40-იანი წლების თბილისის, გორის, ბათუმის პეიზაჟებით. ქართველი ფოტოგრაფები კი ცდილობენ ჩაწვდნენ რობერტ კაპას შემოქმედების საიდუმლოს - როგორ მოახერხა ფოტოგრაფმა, რომელმაც სულ 40 წელი იცოცხლა, მაგრამ 5 ომის აღბეჭდვა შეძლო, ადამიანების ასეთი თანაგრძნობით გამოხატვა. კაპას გამოფენის გახსნაზე ამ კითხვით მივმართეთ დიდი ფოტოგრაფის შემოქმედების მკვლევარს რიჩარდ ველანს:

[რიჩარდ ველანის ხმა] "მარტივი და პირდაპირი პასუხი იმაზე, თუ რა იყო კაპას ფოტოების საიდუმლოება, ისაა, რომ კაპას ძალიან უყვარდა ადამიანები.... მას კარგად ესმოდა ამ ადამიანების, რადგან საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. კაპა ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში გამოიქცა უნგრეთიდან, სადაც იგი პოლიტიკური მიზეზის გამო იდევნებოდა და ბერლინში დასახლდა. იქ მას კარგა ხანს მოუხდა სიღარიბეში ცხოვრება... ამიტომ კაპამ კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავს გაჭირვება და განსაცდელი... ჯონ სტეინბეკი ამბობდა, რომ კაპას შეუძლია მთელი ომის განსაცდელი ერთი ბავშვის გამომეტყველებაში დაიჭიროს. თავად კაპამ, როდესაც ერთ-ერთი ამერიკული ჟურნალის რედაქტორმა ჰკითხა, თუ რა იყო მისი ფოტოების საიდუმლო, ასეთი რამ უპასუხა: "მთავარია მოგწონდეს ხალხი და ეს აგრძნობინო".

ამერიკელ ფოტოგრაფს აშკარად მოსწონს ქართველი ხალხი. გამოფენაზე წარმოდგენილ 81 ფოტოში საქართველოსგან იგი ეგზოტიკურ სამყაროს არ ქმნის. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კაპა ცხოვრობდა ამ ადამიანებთან ერთად და ძალიან კარგად იცნობდა ქართულ კულტურას

[რიჩარდ ველანის ხმა] "საინტერესოა კაპას შედარება მის თანამედროვესთან, კოლეგასთან და უახლოეს მეგობართან, ანრი კარტიე-ბრესონთან... ბრესონს ყოველთვის უნდოდა, რომ ფოტოების გადაღებისას უჩინარი ყოფილიყო და ამიტომ ყოველთვის შორიდან იღებდა მოვლენებს. კაპას კი, პირიქით, არასდროს უნდოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ფოტოების გადაღებამდე იგი ხშირად მიდიოდა იმასთან, ვინც უნდა გადაეღო, ეცნობოდა და ესაუბრებოდა მათ. ხანდახან იმასაც ეკითხებოდა, თუ როგორ ერჩივნათ მათ სურათში გამოჩენა. იგი ყოველთვის ახერხებდა ურთიერთობის დამყარებას იმ პირებთან, ვის სურათსაც იღებდა... ეს იყო ნდობის ჩამოყალიბება ადამიანებთან, ნდობისა, რომელიც კაპას საშუალებას აძლევდა მიეღო სიმართლე და გულახდილობა იმ ადამიანებისგან, ვისაც იღებდა".

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გარდა ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთმცოდნე ქეთევან ტომარაძემ. გაირკვა, რომ კაპას ეს ფოტოები საქართველოში დარჩება და სავარაუდოდ "თი ბი სი ბანკის" მუდმივ ექსპოზიციად გამოიფინება, რადგან ამ პროექტის სპონსორი მამუკა ხაზარაძეა. ხელოვნების მუზეუმში კი რობერტ კაპას გამოფენა ერთი კვირის შემდეგ დაიხურება.
XS
SM
MD
LG