Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილავიამშენი" "მავერიკის" პრეზენტაციას ოქტომბერში მოაწყობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი "თბილავიამშენი" ოქტომბრის დასაწყისში 5-ადგილიანი თვითმფრინავის -"მავერიკის" პრეზენტაციას აპირებს. ეს თვითმფრინავი პირველი პროდუქცია იქნება, რომელიც ქართულმა

ავიამშენებელმა საწარმომ ამერიკული კომპანიის დაკვეთით ააწყო. პრეზენტაციაზე საქართველოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი.

სამგზავრო საჰაერო ხომალდი "მავერიკი" სამედიცინო, საფოსტო მომსახურებისა და მგზავრების გადაყვანისათვის არის განკუთვნილი. ქარხანაში ამ დროისათვის აწყობილია თვითმფრინავის ორი მოდელი.

თბილისის ავიამშენებელი ქარხანა, ფაქტობრივად, იმ მცირერიცხოვან საწარმოთა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე კონკურენტული პროდუქციის წარმოება შეუძლია, თანაც ეს პროდუქცია მაღალტექნოლოგიურია და მასზე მოთხოვნაც სერიოზულია.

"თბილავიამშენში" აცხადებენ, რომ პრეზენტაციის შემდეგ "მევერიკი" წლის ბოლოს დეკემბერში პირველად იქნება წარდგენილი დუბაის პრესტიჟულ ავიასალონზე. დუბაის ავიასალონი მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელიც თავისი პრესტიჟულობით ცნობილ ლე-ბურჟესა და ფარნბორნის ავიასალონებს არ ჩამოუვარდება. ამ ღონისძიებისათვის უკეთ მოსამზადებლად "თბილავიამშენმა" უარი თქვა მოსკოვის ავიაგამოფენაში მონაწილეობაზე.


თბილისის ავიამშენებელი ქარხანა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში - 1941 წელს აშენდა. საბჭოთა პერიოდში საავიაციო ქარხნის ძირითად პროდუქციას მოერიშე თვითვმფრინავები და ფრთოსანი რაკეტები წარმოდგენდა, რომლებიც ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების გარდა მიეწოდებოდა ეგვიპტეს, სირიას, ალჟირს, ვიეტნამს, ინდოეთს და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს.

რამდენიმე წლის წინ "თბილავიამშენმა" ისრაელის კომპანია "ელბიტთან" ერთად მოახდინა საკუთარი წარმოების თვითმფრინავების სუ-25-ის მოდერნიზება და საავიაციო ტექნოლოგიებით აღჭურვა. ქართული წარმოების სუ-25-ზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და მისი ექსპორტი რამდენიმე ქვეყანაში ხდება.

ოქტომბრის პრეზენტაციის შემდეგ დუბაის ავიასალონზე მონაწილეობის მიღებით თბილისის საავიაციო ქარხანას პროდუქციას გასაღების ახალი ბაზრების მოპოვების გარდა შეეძლება საკუთარი თვითმფრინავების რეკლამირება და შეკვეთების მიღება.
ქარხანაში მომავალი წლიდან, უკვე ათვისებულ მოდელებთან ერთად, დაგეგმილია "ტიგერის" ტიპის თვითმფრინავების აწყობა. "ტიგერი" 4 ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავია და მასაც ამერიკელი პარტნიორების დაკვეთით დაამზადებენ. ქარხანაში ასევე დაგეგმილია ამერიკული ვერტმფრენების შეკეთება.

"მავერიკის" სერიული გამოშვება კი 2004 წლიდან არის ნავარაუდევი.
XS
SM
MD
LG