Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ემზადებიან სოხუმში აფხაზეთის დამოუკიდებლობის 10 წლისთავის აღნიშვნისათვის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს თბილისსა და სოხუმში განსხვავებულად აფასებენ და, შესაბამისად, განსხვავებულად აღნიშნავენ. თუ თბილისში ჯერაც არ გადაუწყვეტიათ,

სახელმწიფო დონეზე როგორ გამოეხმაურონ ამ თარიღს - დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტარმა ადა მარშანიამ დუმილის აქციის ჩატარების იდეაც კი წამოაყენა, - სოხუმში დამოუკიდებლობის 10 წლისთავისათვის მზადება კარგა ხანია მიმდინარეობს. მოგითხრობთ, რა განწყობით ხვდება სოხუმი 27 სექტემბერს.

სოხუმის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე დღეა სამხედრო შენაერთები მარშირებენ, რათა 30 სექტემბერს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმზე მწყობრად სიარულით გამოიჩინონ თავი. საინფორმაციო სააგენტო "აფხაზ-პრესის" ცნობით, მარშირებაზე მოსული სოხუმის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ არშბა უკმაყოფილო დარჩენილა სამხედროთა მომზადებით, რადგან, მისი შენიშვნით, პირადი შემადგენლობა შეჩვეული არ არის ორკესტრის თანხლებით მარშირებას. თუმცა, სოხუმის გარნიზონის სარდლობამ და პირადმა შემადგენლობამ სამხედრო აღლუმის ხელმძღვანელს აღუთქვეს, რომ საზეიმო აღლუმს თავს გაართმევენ და დასახულ ამოცანას შეასრულებენ.
სოხუმის ხელისუფლება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სერიოზულად ემზადება. საიუბილეო დღეების ფარგლებში სოხუმში გაიმართება აფხაზ-აბაზების მსოფლიო კონგრესი, რომლის მუშაობაში აფხაზური დიასპორის 120 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. სოხუმის ხელისუფლება ამავე დღეების ფარგლებში გამოაცხადებს ამნისტიას იმ მსჯავრდადებულებისთვის, ვინც სასჯელს იხდის სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის და ა.შ. და ა.შ.
საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, სოხუმის ხელისუფლება უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებს - 23 სექტემბერს გამართულ თათბირზე სოხუმის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს დაევალათ კონტროლის გამკაცრება გალისა და კოდორის ხეობის მიმდებარე რაიონებზე. გარდა ამისა, გამკაცრდა საპასპორტო რეჟიმი აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე. 25 სექტემბრიდან სოხუმის ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურები ყაზარმულ რეჟიმზე გადადიან.
სხვათა შორის, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა არა მხოლოდ დამოუკიდებლობის დღეების განმავლობაში დივერსიული ჯგუფების მოქმედების შიშით იყოს გამოწვეული - როგორც გახსოვთ, ამ გაზაფხულზე სოხუმში გააქტიურებულმა ოპოზიციამ არძინბას ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები დამოუკიდებლობის 10 წლისთავის აღნიშვნის გამო გადადო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზეიმო დღეების დასრულების შემდეგ ოპოზიციის გამოსვლები გაგრძელდება. რუსული მედიის პროგნოზით, სოხუმის ჰაერში გარდაქმნების სურნელი იგრძნობა. კერძოდ, ამ პროგნოზით, შემოდგომაზე არძინბას კლანი საბოლოოდ ჩამოშორდება ხელისუფლებას და ძალაუფლებას ხელში პოლიტიკური მოძრაობა "ამცახარა" აიღებს. ინტერნეტ-გამოცემა "პოსტფაქტუმის" აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ "ამცახარას" ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის სპეცსამსახურებს, ლოგიკურად გამოიყურება დასკვნა, რომ არძინბას შემდეგ, კრემლი აფხაზეთში ბოევიკებზე დადებს ფსონს.
XS
SM
MD
LG