Accessibility links

"თექა" - ძველი ტრადიცია და ახალი ტექნოლოგია


საქართველოს ეროვნულ გალერეაში წარმატებით გაიმართა თექის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომლითაც არა მარტო თბილისელები, არამედ დედაქალაქის სტუმრები, უცხოელი ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ.

კომპანია "თექას" მესვეურები, რომლებმაც "ცისფერ გალერეაში" ავსტრალიური და ქართული მატყლისგან შექმნილი ექსპონატები წარმოადგინეს, ამტკიცებენ, რომ მათი ნაწარმი განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებშია პოპულარული.

როგორც გაირკვა კომპანია "თექა", რომელიც ერთი წლის წინ მცირე საწარმო "მაუდთან" ერთად ჩამოყალიბდა, თავის პროდუქციას ნიუ-იორკის მაღაზიებში აგზავნის, თუმცა საკუთარ მაღაზიას თბილისში მხოლოდ ამ დღეებში ხსნის. ექსპოზიცია, რომელიც საქართველოს ეროვნულ გალერეაში მოეწყო, ამ მაღაზია-სალონის პრეზენტაციად შეიძლება მივიჩნიოთ. აქამდე მოთელილი მატყლის საფენ ქეჩას საქართველოში, ძირითადად, მწყემსები იყენებდნენ კარვების გადასახურად, ნაბადებს ამზადებდნენ - მთაბარობისას გასათბობად. მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში მუშაობდა საწარმო, რომელიც თექისგან სამხედრო შინელებს ამზადებდა. მას შემდეგ თექა მხოლოდ "ქართული ინტერიერის" გაფორმების ერთ-ერთი დეტალი გახდა და ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ, რომ თექის გამოყენებით ქართველები ავეჯის შექმნას დაიწყებდნენ.

თექის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ნატურალური მასალისგან შექმნილი ავეჯი, და, რაც მთავარია, თექის იატაკი, ცივ ზამთარში აუცილებლად გაათბობს უგაზოდ და უშუქოდ დარჩენილ თბილისელებს. დაახლოებით ისე, როგორც მწყემსები თბებიან ნაბადსა და კარვებში. გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული მატყლისგან დამზადებული სამოსი იმდენად მძიმეა და მოუხერხებელი, რომ საეჭვოა ეს მოდელები "გასაპრანჭად’ გამოგადგეთ. ძნელი წარმოსადგენია თექის მასალაში დამზადებულმა ჩანთებმა, პალტოებმა, ქვედაბოლოებმა, ჩექმებმა, საქორწინო კაბებმა - ეროვნული მოდის განვითარებაზე იმოქმედოს. არა და აშკარაა, რომ გამოფენის ორგანიზატორებს აქვთ ამის პრეტენზია; მართლაც, თუშ მეცხვარეებად რომ არ ვიგრძნოთ თავი, კომპანია "თექა" მოთელილი მატყლის საფენ ქეჩას სხვა მასალებს ურევს - მაგალითად აბრეშუმს, რომელიც თბილ, მაგრამ ძალიან უხეშ მასალას საგრძნობლად ამსუბუქებს. ბუნებრივი საღებავებით და დახვეწილი ორნამენტით დაფარული ექსპონატები დასათვალიერებლად ძალიან ლამაზია, ამიტომ ადამიანს, რომელიც თავისი ბინის, ან ოფისის გაფორმებაზე ზრუნავს, აუცილებლად გაუჩნდება სურვილი მორთოს კედლები თექის აქსესუარებით. ჯერჯერობით, მხოლოდ კედელი და არა საკუთარი სხეული... თუმცა არ არის გამორიცხული, მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის მაღაზიებში შეძენილ თექის პალტოებსა და ჩექმებს, უცხოელები ჩაიცვამენ, "ნაბადის მოდა" საქართველოშიც დამკვიდრდეს.
XS
SM
MD
LG