Accessibility links

logo-print

კემპ-დევიდის შეხვედრის წინ ჯორჯ ბუშსა და ვლადიმირ პუტინს საქართველო კავკასიაში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს


რუსეთის პრეზიდენტის რიგით მესამე ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოშიც დიდი ინტერესით ადვენებენ თვალყურს. ბუშის და პუტინის შეხვედრის წინ ოფიციალური თბილისი კავკასიაში

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს. ეს სურვილი პრეზიდენტებისდამი მოწოდების რანგში გაისმის, მაგრამ ადრინდელთან შედარებით ნაკლებად გაისმის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კემპ-დევიდის შეხვედრაზე საქართველოზე და მის პრობლემებზე მსჯელობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ეს რომ სწორედ ასე იქნებოდა, ამის შესახებ განცხადება არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. რას ელიან საქართველოში ბუშის და პუტინის შეხვედრისგან?

ერაყის ომის შემდეგ ახალი, მისთვის ხელსაყრელი მსოფლიო წესრიგის დამყარების მოლოდინით იმედგაცრუებულ საქართველოში ბუშის და პუტინის მომავალ შეხვედრას მეტ-ნაკლებად რეალურ ჭრილში უყურებენ. ნაკლებად ელიან იმას, რომ შეხვედრა, რომლის დღის წესრიგშიც არის საქართველოს საკითხის განხილვაც, საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში მნიშვნელოვან გარდატეხებს შეიტანს. საზოგადოება - ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილი - დარწმუნდა, რომ მნიშვნელოვანი გარდატეხებისთვის საქართველო თავად უნდა დგამდეს თამამ ნაბიჯებს და არ უნდა ელოდოს იმას, რომ მის მიერ გასაკეთებლს სხვა გააკეთებს. საქართველოში ფლობენ ინფორმაციას იმის თაობზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ცოტა არ იყოს, დაღალა საქართველოს პრობლემებით. აქ იციან, რომ ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სარგებლოდა სიმპათიებით, როგორც დემოკარტიული საზოგადოების მშენებელი და რუსეთის მიმართ გულადი ქვეყანა და საიდანაც ბოლო წლებში მხოლოდ უარყოფითი ინფორმაცია გადიოდა, დაწყებული ადამიანების გატაცებებით, დამთავრებული რეფორმების პროცესის შეფერხებით, საერთაშორისო არენაზე დღეს გაცილებით ცუდად გამოიყურება. ცალკე საკითხია ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც რუსეთთან წინააღმდეგობაში საქართველოს ყველაზე საიმედო მოკავშირედ ეგულებოდა, ომობს და რუსეთის გავლენის სფეროში არსებული პრობლემებისთვის ნაკლებად სცალია. ასეთ პირობებში რას უნდა მოასწავებდეს თავისთავად მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ კემპ-დევიდის შეხვედრაზე რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები საქართველოს თემასაც შეეხებიან? ამ შეკითხვით პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს მივმართე.

[ალექსაბდრე რონდელის ხმა] " ეს პირველი შემთხვევა არ არის. საქართველო პრაქტიკულად ყოველთვის იყო ამერიკელი და რუსი პოლიტიკოსების მაღალი დონის შეხვედრების დღის წესრიგში. მე არ ველი, რომ რაღაც დიდი ძვრები მოხდება ამის შემდეგ, მაგრამ თუ შეერთებული შტატები მისი პრეზიდენტის ბაგით რუსეთს განუცხადებს, რომ ეს ქვეყანა დგას ჩვენს გვერდით და ჩვენს უფლებებს იცავს - ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება მაშინ, როცა რუსეთის პირდაპირ შეტევაზეა გადმოსული".

პუტინთან შეხვედრის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავად რუსეთიდან სთხოვენ არ დაიჯეროს პუტინის და მასთან საუბრისას ყურადღება მიაქციოს რუსეთში სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პრობლემებს. საქართველოდან კი კავკასიაში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის გაღრმავების მოთხოვნები გაისმის. საგულისხმოა, რომ კემპ-დევიდის შეხვედრის წინ "ჯვრისებური ვექტორების კონცეფციაში" განვრცობილ ამ მოთხოვნას ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სხვადასხვა წარმომადგენლებს ამ ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ვახტანგ რჩეულიშვილი აცნობს, პოლიტიკოსი, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე ასე მონდომებით ცდილობს რუსეთისა და საქართველოს მეგობრობის აღდგენაში თვალშისაცემი წვლილი შეიტანოს.
25 სექტემბერს ის ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს უნდა შეხვდეს.
XS
SM
MD
LG