Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალს შესაძლოა საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს


ცამეტწლიანი დევნილობის განმავლობაში, ცხინვალის ქართველობას წელს პირველად ეძლევა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი წარმომადგენლის გაყვანის შესაძლებლობა. დეპუტატობის კანდიდატია ცხინვალელი ქართველი,

არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფედერაცია "ცხინვალის სახლის" გამგეობის თავმჯდომარე მარინა მეშვილდიშვილი. მისი კანდიდატურა კონფედერაციამ სპეციალური სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე გამოავლინა. სულ გამოკითხული იყო ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 1700 ოჯახი. მარინა მეშვილდიშვილს გამოკითხულთა 87 პროცენტმა მიანიჭა უპირატესობა.

სეპარატული სამხრეთი ოსეთიდან დევნილი მოსახლეობა სრული ცამეტი წლის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიტიკური დისკრიმინაციის პირობებში. მათთან შედარების ობიექტად ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, არამედ უმცირესობად ფორმირებულ დევნილებს აფხაზეთიდან. მათ, ცხინვალის რეგიონიდან იძულებით ადგილნაცვალ პირებთან შედარებით, ჰყავთ დევნილი ხელისუფლება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი და საკმაოდ წარმომადგენლობითი დეპუტაცია ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. სხვათა შორის ცხინვალის ოლქის სადეპუტატო მანდატითაც მთელი ამ ათწლეულის განმავლობაში რატომღაც სწორედ აფხაზეთის დეპუტაცია სარგებლობდა. საქმე ისაა, რომ ცხინვალის 42-ე საარჩევნო ოლქი, ისევე, როგორც ჯავის 34-ე საარჩევნო ოლქი ფორმალურად დღემდე არსებობს. ვინაიდან ამ ოლქების რეალური ამოქმედება პოლიტიკური გადაწყვეტიელბის ტოლფასია და მისი რეალიზება საქართველოს ხელისუფლებას არ ხელეწიფება, ალტერნატიული გამოსავალი მოინახა - სახელისუფლებო ბლოკი იძულებული გახდა გაეთვალისწინებინა ცხინვალის დევნილი მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნა და გამსვლელ საარჩევნო სიაში ცხინვალის წარმომადგენელიც ჩაესვა. დღეისათვის უკვე ცნობილია, რომ ამ სიაში შესაძლოა მარინა მეშვილდიშვილი ვიხილოთ, თუმცა, რომელ ნომრად, ძნელი სათქმელია. ამასვე ადასტურებს კონფედერაცია "ცხინვალის სახლის" ერთი-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი აბესალომ ქევხიშვილი.

[აბესალომ ქევხიშვილის ხმა] "ნამდვილად ვერ გაგცემთ იმაზე პასუხს და ვერც ვერავინ ვერ გაგცემთ პასუხს. არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი. ჩვენ მოვითხოვთ, რა თქმა უნდა, გარანტირებული რომ ვიყოთ, ეს იყოს პირველ ოცდაათში, მინიმუმ, ვთავაზობთ ამას სახელისუფლებო ბლოკს".
]
სახელისუფლებო ბლოკის პარტიები კი საკუთარი ქვოტებისთვის იბრძვიან და, როგორც ჩანს, ამ ბრძოლას მაინცდამაინც სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად ვერ წარმართავენ. სოციალისტურ პარტიას, მაგალითად, ცხინვალის ოლქში თავისი კანდიდატურა ჰყავს და კონფედერაცია "ცხინვალის სახლის" მოწონებული კანდიდატურის ნაცვლად, სახელისუფლებო ბლოკის სიაში მის ჩასმას ცდილობს. მამისაანთუბნელი რობერტ მამისაშვილის სიაში მოხვედრით სოციალისტებს შანსი ეძლევათ პარლამენტში ერთით მეტი კაცი გაიყვანონ. ასე რომ, მიუხედავად პრეზიდენტის თანხმობისა და მის მიერ ცხინვალის რეგიონის ფორუმზე გაკეთებული სიტყვიერი გარანტიებისა, შესაძლოა, ქალბატონი მარინა მეშვილდიშვილი საარჩევნო სიაში არც კი აღმოჩნდეს. არადა, სოციოლოგიური გამოკითხვის გარდა, მის კანდიდატურას 5000-მდე მხარდამჭერის ხელმოწერებიც ამაგრებს. მათ შორის ხუთასი ცხინვალის რეგიონის ოსური მოსახლეობის ხელმოწერაა. "ცხინვალის სახლში" ადასტურებენ, რომ ქალბატონი მარინა იმ გამონაკლის ქართველთა რიცხვშია, ვისაც ცხინვალში შესვლისა და სეპარატისტებთან საქმიანი თანამშრომლობის პრობლემა პრაქტიკულად არ აქვს.

[მარინა მეშვილდიშვილის ხმა] "ჩვენ, რასაკვირველია, გვაქვს ჩვენი ხედვა და ჩვენ სახალხო დიპლომატიის განვითარებაზე ვმუშაობდით ცხინვალის რეგიონში, გვყავს უამრავი პარტნიორები, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ და არის ის ძალა ცხინვალში, რომელიც წამოვა ჩვენთან სათანამშრომლოდ და ერთობლივი ძალებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ აღდგება ის ურთიერთობები, რომლებიც იყო ომის დაწყებამდე".
XS
SM
MD
LG