Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო პროცესის პრობლემები


დავით პაიჭაძე, თბილისი სახელმწიფო ფინანსების ტოტალური დეფიციტი საარჩევნო პროცესსაც დაეტყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის ფინანსთა სამინისტროს ჯერჯერობით ერთი თეთრიც არ გადაურიცხავს

არჩევნების საორგანიზაციოდ. არჩევნების გვიან დაფინანსება საქართველოში ლამის წესად იქცა, მაგრამ პრობლემას დღეს ისიც ამძაფრებს, რომ არსებითად ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით არჩევნების ჩატარება იმაზე მეტ ფულს მოითხოვს, ვიდრე კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე იყო გათვალისწინებული. მოგითხრობთ ამ და სხვა საარჩევნო პრობლემებზე.

არჩევნების საორგანიზაციო პროცესის უკმარი, უკეთ, ჯერჯერობით ნულოვანი დაფინასების შესახებ 24 სექტემბერს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაშიც ლაპარაკობდნენ. "სამართლიან არჩევნებს" ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასაარჩევნო მუშაობის დაუფინანსებლობა არჩევნების ჩაშლის წინაპირობად მიაჩნია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას ადასტურებს, რომ არაერთი შეხსენების მიუხედავად, ფული ჯერ არ ჩანს. არადა, ბიუჯეტით გათვალისწინებული 2 მილიონი ლარის ნაცვლად საპარლამენტო არჩევნებს 6,4 მილიონი ლარი სჭირდება. ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ ეს ხარვეზი გამოსწორდება:

[დევდარიანის ხმა] "გამოიცა პრეზიდენტის განკარგულება, რომლითაც ის ავალებს ფინანსთა სამინისტროს, იმის გარდა, რაც არის ბიუჯეტში გათვალისწინებული არჩევნებისათვის, ეტაპობრივად დაფაროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფაქტობრივი დანახარჯები. ჩვენ ახლა ველოდებით, როდის წამოვა რეალურად ფული. შეშფოთების საფუძველი არსებობს, მაგრამ გვაიმედებენ, რომ არჩევნების ჩატარებას ხელი არ შეეშლება".

"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა თამარ ჟვანიამ შეშფოთება გამოთქვა ყაზარმული მდგომარეობის გამო, რომელზეც უნდა გადავიდეს პოლიცია არჩევნების დღეს. ამ შინაარსის განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გააკეთეს. ახალი ამბავი არ არის, რომ არჩევნების დღეს პოლიცია ყოველთვის საგანგებო რეჟიმში მუშაობს, უბრალოდ, ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, ეს ყაზარმული მდგომარეობა იყო თუ არა. თამარ ჟვანია თვლის, რომ ასე ადრე და საგანგებოდ ინფორმირებას ყაზარმული მდგომარეობის შესახებ სულ სხვა საფანელი აქვს და არ ისახავს მიზნად მოქალაქეთა დარწმუნებას, რომ არჩევნებზე პოლიცია წესრიგს დაიცავს.

[ჟვანიას ხმა] "ხდება ანონსირება და სწორედ ამ ანონსირებით - ამომრჩეველზე ზეწოლა. ოფიციალური დადგენილება ყაზარმული მდგომარეობის შესახებ ჯერ არ მიუღიათ. წინასწარ რომ აცხადებენ ამას და აწვდიან ამომრჩეველს, ამით უქმნიან ამომრჩეველს ნეგატიურ განწყობას, საშიშროების განცდას არჩევნებისადმი".

არჩევნებზე კიდევ ერთ სადაო საკითხად რჩება საარჩევნო უბნებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების განთავსება მმართველობის ორგანოთა შენობებში, რაც პირობას უქმნის არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ასევე პრობლემატურია ე.წ. ძალოვანი სამსახურების თანამშრომელთათვის საარჩევნო უბნების მოწყობა მათსავე სამუშაო ადგილებზე. ამ უფლებას ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროება და სახელმწიფო დაცვის სამსახური. უკანასკნელმა თანხმობა უკვე მიიღო.
XS
SM
MD
LG