Accessibility links

საქართველოში უმინისტრო სამინისტროთა რიცხვი იზრდება


სჭირდება თუ არა სახელმწიფოს მთავრობა? - ეს კითხვა შეიძლება სხვა რომელიმე ქვეყანაში არაკორექტულად ჟღერდეს, მაგრამ საქართველოსთვის ზედგამოჭრილია. ჩვენ სამშობლოს რომ

მზრუნველი ხელისუფლების ხელი აკლია, ამაზე ქრონიკულად შეუვსებელი ბიუჯეტი და თვეობით გაუცემელი პენსია-ხელფასებიც მეტყველებენ. ამავე დროს, საქართველოში მთავრობის წევრთა ფიზიკური დეფიციტიც შეინიშნება. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება არ ჩქარობს გადამდგარი, ან მოხსნილი მინისტრების ახლებით შევსებას. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

მართალია, იშვიათად, მაგრამ ხანდახან ისე ხდება, რომ რომელიმე მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებას წერს. კიდევ უფრო იშვიათად, ამა თუ იმ დარგის ხელმძღვანელს თანამდებობიდან პრეზიდენტი ათავისუფლებს. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის თანახმად, მინისტრის გათავისუფლების შემთხვევაში, პრეზიდენტი ახალი მინისტრის კანდიდატურას პარლამენტს ორი კვირის ვადაში წარუდგენს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარგს ორ კვირაში, ან თუნდაც ორ თვეში ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. მაგალითისათვის მოვიტან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომელსაც წელიწადზე მეტია, რაც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი უძღვება. იგივე ბედი ხომ არ ელის იუსტიციის სამინისტროს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა რუსთავის კოლონიიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის შემდეგ დატოვა? ამ კითხვით საქართველოს პრეზიდენტის საარლამენტო მდივანს - მარიამ ცაცანაშვილს მივმართე, თუმცა პასუხად ქალბატონმა მარიამმა განაცხადა, რომ წარდგენის კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა არ დაირღვევა.
[მარიამ ცაცანაშვილის ხმა] "18-ში გაფორმდა გადადგომის აქტი, 18-დან ორკვირიანი ვადა არსებობს, უნდა გადავითვალოთ 14 დღე შაბათ-კვირის გარდა".

იმას, რომ პრეზიდენტს მინისტრის კანდიდუტურის პარლამენტში წარდგენაზე არ უჩქარია, პარლამენტის აპარატის ყოფილი უფროსი, ხათუნა გოგორიშვილიც ადასტურებს.

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] "არა, არა! ჯერ ორი კვირის ვადა არ გასულა. 20 რიცხვშია ბატონი როლანდი გათავისუფლებული".

ცხადია, საქართველოს პრეზიდენტი, ამგვარი წვრილმანის გამო არ დაარღვევს კონსტიტუციას და წარდგენისათვის განსაზღვრულ ორი კვირის ვადაში ჩაეტევა, მაგრამ, საკითხავია, შეძლებს კი მოახლოებული არჩევნების გამო პარლამენტი შეკრებას და მინისტრობის კანდიდატურის განხილვას? ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ამბობს:
[გიგი წერეთლის ხმა] "არა, მე ეს აბსოლუტურად უპერსპექტივოდ მიმაჩნია, რომ პარლამენტმა დაიწყოს გაგანია საარჩევნო კამპანიის დროს მინისტრზე მსჯელობა. ახლა ყველას თავისი გასაჭირი აქვს დღეს და მე ძალიან ნაკლებადპერსპექტიულად მეჩვენება, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, რომ პარლამენტი შეიკრიბოს და მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელოს".

იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას არ უჩქარია ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის დამტკიცებაზე, წელიწადი გავიდა და არ ჩქარობს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დანიშვნას, დიდი ალბათობით, უახლოეს თვეებში ვერც იუსტიციის მინისტრის დამტკიცება მოხერხდება, - ლოგიკურად ისმის კითხვა: მინისტრების დეფიციტის გამო ხომ არ ფუჭდება საქვეყნო საქმე? თუმცა, ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც პოულობს თავის დამშვიდების საშუალებას.

[ავტორის ხმა] "ფაქტობრივად უწყება არის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი".
[მარიამ ცაცანაშვილის ხმა] "არ არის, რატომ არის ხელმძღვანელის გარეშე. პირდაპირ გვიწერია კანონში, რომ მინისტრის არყოფნის შემთხვევაში პირველი მოადგილე ასრულებს იმ ფუნქციებს".
XS
SM
MD
LG