Accessibility links

logo-print

ერაყის მმართველი საბჭო სუვერენული უფლების გადაცემას ითხოვს


როგორც ჩვენს მიერ მომზადებული მასალიდან შეიტყვეთ, ერაყის მმართველი საბჭოსთვის სუვერენული უფლების გადაცემა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი გახლდათ.

გაეროს ტრიბუნაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ ერაყის მმართველი საბჭოს ზოგიერთი წევრი, რომლებსაც ქვეყნის მოწყობის სხვა საკითხებში განსხვავებული პოზიცია უკავიათ, ამ იდეამ გააერთიანა და ძალაუფლების სწრაფ გადაცემას ამერიკის შეერთებულ შტატებისგან ახლა მის მიერვე დანიშნული საბჭოს წევრები მოითხოვენ.
გაგაცნობთ რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის, ვალენტინას მიტეს მიერ მომზადებულ მასალას.


შეერთებული შტატების მიერ დანიშნული ერაყის მმართველი საბჭო თანდათან სულ უფრო მტკიცედ ემხრობა ამერიკის სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელთ არსებული ძალაუფლების ერაყელთათვის უსწრაფესად გადაცემის იდეას. როგორც ცნობილია, ამ იდეის წინააღმდეგი არც შეერთებული შტატებია, ოღონდ ჯორჯ ბუშის ადმინისტარცია ძალაუფლების ეტაპობრივი გადაცემას მომხრეა და შეცდომად მიიჩნევს პროცესების ფორსირებას.
მაგრამ გერმანიისა და საფრანგეთის ზეწოლის შემდეგ, რომლებიც საოკუპაციო ხელისუფლების ლიკვიდაციასა და ძალაუფლების უსწრაფეს გადაცემას უჭერენ მხარს, ამ იდეის ირგვლივ თავად ერაყის 25 კაციანი მმართველი საბჭოც ერთიანდება.

თუმცა, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა შემსწავლელი სკოლის ანალიტიკოსის ვაჰია საიდის შეფასებით, ორი მოწინააღმდეგე ჯგუფის - ერაყის ეროვნული თანხმობისა და ერაყის ნაციონალური კონგრესის მაგალითზე აშკარად ჩანს, რომ ერაყის მმართველი საბჭოს წევრები სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების გამო უჭერენ მხარს მმართველობის სუვერენული უფლების სწრაფად გადაცემის მოთხოვნას.

[ვაჰია სეიდის ხმა] "ერაყის ეროვნული თანხმობისა და ერაყის ნაციონალური კონგრესის წარმომადგენლები ერაყისთვის სუვერენული უფლების დაჩქარებულ გადაცემას იმიტომ ესწრაფვიან, რომ ეს მათთვის საუკეთესო საშუალება იქნება მოიპოვონ ძალაუფლება საარჩევნო პროცესში მონაწილეობის გარეშე. ეს ადამიანები ხვდებიან, რომ მათი შანსი - მოვიდნენ ხელისუფლებაში არჩევნების გზით, ძალზე შეზღუდულია".

მაგრამ სეიდის თქმით, არიან სხვა რიგის პოლიტიკოსები, მაგალითად, ერაყის მმართველი საბჭოს წევრის, ადნან პაჩაჩის სახით, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მეტი ძალუფლების მინიჭება უანგაროდ, მხოლოდ იმისთვის სურს, რომ ამერიკელები წავიდნენ და ერაყი დამოუკიდებელი გახდეს.
ერაყის ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გაზრდის მომხრეა ერაყის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე აჰმად ჩალაბი, რომელმაც ნიუ-იორკში ყოფნის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერაყელებმა ამერიკელებთან ერთად უნდა აკონტროლონ ფინანსები და ერაყელებმა ასევე მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ უსაფრთხოების ძალების მართვის საქმეში.

თუმცა, როგორც მეორე ლონდონელი ანალიტიკოსი - ნეილ პარტრიკი მიიჩნევს, უთანხმოება ამერიკის დროებით ადმინისტრაციასა და ერაყის მმართველ საბჭოს შორის ერთობ გადაჭარბებულია და მმართველი საბჭოს პოზიცია სუვერენული უფლების მინიჭების საკითხში, ერთის მხრივ, ამერიკისა და, მეორე მხრივ, საფრანგეთ-გერმანიის შორის მერყეობს.

[ნეილ პარტრიკის ხმა] "როგორც არ უნდა იყოს, რასაც მმართველი საბჭო ცდილობს, ანუ ძალაუფლების გაფართოება, ეს სწორედ ისაა, რასაც არჩევნების ჩატარებამდე შეერთებული შტატებიც ესწრაფვის. და სრულიადაც არ არის ნათელი, როდესაც მმართველი საბჭო მხარს უჭერს საფრანგეთის პოზიციას ძალაუფლების სწრაფი გადაცემის თაობაზე, რა ვადებზეა აქ ლაპარაკი. ამიტომაც მიმაჩნია, რომ გარკვეული თვალსაზრისით, მმართველ საბჭოს შუალედური პოზიაცია უჭირავს შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთ-გერამანიას შორის".

ანალიტიკოსების თქმით, ლაპარაკი ერაყის მმართველი საბჭოსთვის ძალაუფლების სწრაფი გადაცემის შესახებ უფრო სურვილების სფეროს განეკუთვნება, რადგან ძნალი სათქმელია, თუ რამდენად ეფექტურად გაართმევს თავს საბჭო ქვეყნის მართვას, როდესაც ბევრი სამინიტრო გაძარცულია და, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს.

დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბოლო დროს შეიმჩნევა შეერთებული შტატების აშკარა განხიბლვა ერაყის მმართველი საბჭოთი და განსაკუთრებით - ჩალაბით, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია გადამხდელების ფულებს ჰაერზე ფანტავს. მან, კერძოდ, განაცხადა, რომ ამერიკის საოკუპაციო ხელისუფლება თეთრეულს გასარეცხად კუვეიტში აგზავნის და ამისთვის წარმოუდგენლად დიდ თანხას იხდისო.
XS
SM
MD
LG