Accessibility links

logo-print

ერაყში დროებით აკრძალეს წამყვანი არაბულენოვანი ტელეკომპანიები


ერაყის დროებითი მმართველი საბჭოს ლიდერი აჰმად ჩალაბი მომავალ კვირაში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. სამშაბათს კი ბაღდადში განცხადება გააკეთა ჩალაბის პრეს-მდივანმა ენტიფად კანბარმა და ამ გამოსვლას,

მიუხედავად იმისა, რომ ერაყში ძალაუფლებისა თუ სუვერენიტეტის საკითხებს არ ეხებოდა, ფართო გამოხმაურება მოჰყვა - თუ რატომ, ახლავე შეიტყობთ. ჯერ ამ განცხადებას მოვუსმინოთ: [ენტიფად კანბარის ხმა] "მმართველმა საბჭომ გასცა ბრძანებულება, დაიხუროს (ტელეკომპანიების) "ალ-ჯაზირას" და "ალ არაბიას" სატელიტური სადგურები ... ერაყში რელგიური დაჯგუფებების შუღლის გაღვივების, პოლიტიკური ძალადობის ხელშეწყობის, მმართველი საბჭოს წევრთა მოკვლის, ამერიკული კოალიციის წევრთა მოკვლის ხელშეწყობის გამო".

ამგვარად, ლაპარაკია ერაყის მმართველი საბჭოს მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიების აკრძალვაზე - ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გარდა იმის გამო, რომ, მმართველი საბჭოს ვარაუდით, "ალ-ჯაზირამ" და "ალ-არაბიამ" არ გაავრცელეს ინფორმაცია ამერიკელ ჯარსიკაცებზე მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ და იმის გამოც, რომ მათ აჩვენეს დაღუპული ამერიკელებისა და ერაყელების გვამები... აკრძალვა ორი კვირა რჩება ძალაში.

"ალ-ჯაზირა" და "ალ-არაბია" ბრალდებებს უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ ობიექტურად აშუქებენ ერაყში მიმდინარე მოვლენებს. უკმაყოფილოა მასმედიის თავისუფლების დამცველი ორი ორგანიზაციაც - პარიზში დაფუძნებული "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" და ნიუ-იორკში განთავსებული "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი". ამ უკანასკნელის განცხადებით, ერაყის მმართველებმა კი არ უნდა შეზღუდონ, პირიქით - უნდა წაახალისონ თავისუფალი მედია.

კრიტიკული დამოკიდებულება არ დაუმალავს არც ამერიკელ ექსპერტს, რომელსაც ჩვენი რადიოს ვაშინგტონელი კორესპონდენტი ჯეფრი დონოვანი დაუკავშირდა. "ვფიქრობთ, ეს არის დემოკრატიის ძალიან ცუდი მაგალითი, რომელსაც ახალი დემოკრატიის მშენებლობით ამართლებენო", აღნიშნავს პრესის თავისუფლების საერთაშორისო კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი მერილინ გრინი და განაგრძობს: [მერილინ გრინის ხმა] "მოვლენების გაშუქების შეზღუდვა რეგიონში, რეგიონიდან საინფორმაციო კომპანიის გაძევება ვიღაცის აზრის გამო, რომ ის შუღლს აღვივებს, გამართლებული არ არის, თუ ლაპარაკია არ არის რაიმე უკიდურესობაზე".

მაგრამ იქნებ ვითარება ერაყში სწორედ ასეთი უკიდურესობაა? ამერიკელი ჯარისკაცები თითქმის ყოველ დღე ხდებიან თავდასხმების მსხვერპლი, გასული კვირის მიწურულს მძიმედ დაჭრეს მმართველის საბჭოს წევრი, აგვისტოში ტერაქტებმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გასულ კვირაში "ალ-არაბიამ" გადასცა, სავარაუდოდ, სადამ ჰუსეინის ხმის ჩანაწერი - ერაყელებისადმი მოწოდება, იარაღი აისხან ამერიკული კოალიციის წინააღმდეგ საბრძოლველად...

ამ ფაქტების გამო ვაშინგტონელი მკვლევარი, კატოს ინსტიტუტის თანამშრომელი ჯონ სემპლსი ფიქრობს, რომ "ალ-ჯაზირასა" და "ალ-არაბიას" აკრძალვა, შესაძლოა, გამართლებული იყოს: [ჯონ სემპლსის ხმა] "ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. მაგრამ ვიცი, როგორია ხოლმე შეერთებული შტატების პასუხი ასეთ ექსტრემულ ვითარებაში - დემოკრატია თვითმკვლელობამდე არ უნდა მივიყვანოთ".

"დემოკრატიის თვითმკვლელობა", განმარტავს სამპელსი, მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ არ მივიღეთ განსაკუთრებული ზომები, დავუშვათ, დროებით არ გავაუქმეთ ადამიანების კანონიერი უფლებები, როცა საფრთხეს ექმნება დემოკრატიის არსებობას. მაგალითად გამოდგება მეორე მსოფლიო ომის წლები, როცა იაპონური წარმოშობის ამერიკელები დროებით დაატყვევეს საგანგებო ბანაკებში. ერაყის შემთხვევაშიც პრესის თავისუფლების შეზღუდვა, სამპელსის აზრით, აუცილებლად დროებითი უნდა იყოს.

ზემოთ უკვე ნახსენები ეველინ გრინი კი დროებით შეზღუდვასაც (ამ შემთხვევაში, ერაყში "ალ-ჯაზირასა" და "ალ-არაბიას" 2-კვირიან აკრძალვას) გაუმართლებლად მიიჩნევს: [ეველინ გრინის ხმა] "გარკვეული ვითარების შესახებ საუბრის აკრძალვით ვერ აკრძალავ მოსაზრებებს ამ ვითარების შესახებ, ისინი უბრალოდ, იატაკქვეშეთში გადაგაქვს. ახლა საუკეთესო გამოსავალია, საჯაროდ გადასცე ყველა მხარის არგუმენტები. თუ მათ შორის არის უსამართლო კომენტარი, ან ტყუილი, საჯაროდ დაასაბუთე, რომ ეს ასეა".

დასასრულს ვიტყვი, რომ ერაყში ორი კვირით აკრძალული ტელეკომპანიებიდან ერთ-ერთს, კატარში განთავსებულ "ალ- ჯაზირას" აქამდეც არაერთხელ განუცდია დევნა - მას ოფისების დახურვა მოუხდა იორდანიაში, ბაჰრეინში, ლიბიაში, მაროკოსა და ალჟირში, სადაც მთავრობები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ "ალ-ჯაზირას" მიერ ადგილობრივი მოვლენების გაშუქებით.
XS
SM
MD
LG