Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკვეთილი საცოლეები


"სამოთხეში ხარ, თუ გყავს იაპონელი ცოლი, ჩინელი მზარეული,

გაქვს ბრიტანული ვილა და ამერიკული ხელფასი. ჯოჯოხეთია ჩინური ხელფასი, ბრიტანელი მზარეული, იაპონური ბინა და ამერიკელი ცოლიო" - ეს შეფასება ამერიკელ პუბლიცისტ გერი კლარკს ეკუთვნის და მას ამერიკელ მამაკაცებს შორის, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი ეთანხმება, რახან არსებობს არაერთი ფირმა, რომლებიც ამერიკელებს სთავაზობს დახმარებას უცხოელ ქალებზე დაქორწინებაში და მათ ხიბლავს არგუმენტით - ეს ქალები არა მარტო პირმშვენიერი, არამედ ტრადიციული ფასეულობების ერთგულები არიან, ქმრის მორჩილებასა და ოჯახში საქმიანობას არ თაკილებენო... გარდა ასეთი არგუმენტისა მამაკაცებს სათავზობენ ქალების კატალოგს - ინფორმაციას ასობით პოტენციური საცოლის ასაკის, წარმოშობის, ინტერესების შესახებ, მათ ფოტოსურათებსა და მისამართებს. კიდევ ერთხელ: ლაპარაკია არა ჩვეულებრივ შუამავლობაზე, არამედ ისეთზე, როცა შეერთებულ შტატებსა, ან დასავლეთის რომელიმე სხვა ქვეყნის მკვიდრ მამაკაცს უცხოელ, როგორც წესი, ეკონომიკურად სუსტი ქვეყნის მოქალაქე ქალს ურიგებენ. ასეთ გარიგებებს კი ყოველთვის ბედნიერი დასასრული არ ახლავს...

ანასტასია სოლოვიოვა 18 წლის იყო, როცა ყირგიზეთიდან აშშ-ში გაემგზავრა თავისზე ორჯერ უფროს მამაკაცზე დასაქორწინებლად. მაგრამ ორ წელიწადში მისი ხანმოკლე სიცოცხლე ტყეში ამოთხრილ ორმოში დასრულდა - იმავე წელს ანასტასიას ქმარი - 39 წლის ამერიკელი და მისი ნაცნობი დამნაშავედ სცნეს ახალგაზრდა ქალის დახრჩობაში. ანასტასიას დღიურის მეშვეობით, რომელიც სასამართლო პროცესზე სამხილად იქნა გამოყენებული, გაირკვა ისიც, რომ ქმარი მას სასტიკად ეპყრობოდა. სასამართლომ აღმოაჩინა ასევე, რომ იმავე მამაკაცს პირველი ცოლი აგრესიულობის გამო გაეყარა...

ანასტასიას შემთხვევა გამონაკლისი არ გახლავთ: ინტერნეტში მრავალ საიტზე წაიკითხავთ ინფორმაციას შეერთებულ შტატებში, კანადაში, ისრაელში საშუამავლო ფირმების დახმარებით ჩასული და იქაურ მამაკაცზე დაქორწინებული უცხოელი ქალებიდან ბევრის არც თუ შესაშური თავგადასავლის შესახებ.

მაგრამ მოდით, ისევ ანასტასიას დავუბრუნდეთ: როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ჯერემი ბრანსტენმა შეიტყო, ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაშინგტონის შტატში მიიღეს ახალი კანონი, რომელიც საშუამავლო კომპანიებისაგან მოითხოვს კლიენტი მამაკაცების წარსულის შემოწმებას და, კრიმინალური მიდრეკილების აღმოჩენის შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ქალისთვის, ვინც მამაკაცზე დაქორწინებას აპირებს.

მალე ასეთივე კანონი, შესაძლოა, მთელს შეერთებულ შტატებში ამოქმედდეს, თუ მის პროექტს აშშ-ის კონგრესი მიემხრობა. თუმცა, კანონს მოწინააღმდეგეებიცა ჰყავს და ამ კამათში გასარკვევად, ალბათ, უპრიანი იქნება, ზოგი სტატისტიკური და არა მარტო სტატისტკური მაჩვენებელი გავითვალისწინოთ.

შეერთებული შტატების საიმიგრაციო უწყების ბოლო, 1999 წლის მონაცემებით, ამ ქვეყანაში საქმიანობდა 200-მდე საერთაშორისო საშუამავლო ფირმა, რომელთა დახმარებით წელიწადში 5 000 ამერიკელი მამაკაცი ქორწინდებოდა უცხოელ ქალებზე. გარიგებების უმეტესობა ინტერნეტით გვარდებოდა: ამერიკელი მამაკაცი სააგენტოს უხდიდა გარკვეულ თანხას კატალოგში შერჩეული ქალის მისამართის მოსაპოვებლად - მასთან მიწერ-მოწერისა და შესაძლო შეუღლების მიზნით. აქვე უნდა ითქვას, რომ პოტენციურ საცოლეებს შორის 90-იან წლებში ძალიან ბევრი იყო და ახლაც არის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მკვიდრი ქალი - უმეტესწილად რუსები, უკრაინელები ... ქართველები მოხსენიებული არ არიან, ყოველ შემთხვევაში ინტერნეტში.

რუსი ქალებისა და ამერიკელი მამაკაცების დაწყვილებაზეა დახელოვნებული ფირმა "ენკაუნტერს ინტერნეშენალი", რომლის ხელმძღვანელი, ნატაშა სპივაკი სრულიად ზედმეტად მიიჩნევს კანონს კლიენტი მამაკაცების კრიმინალური კუთხით შემოწმების შესახებ. ის ირწმუნება: თითოეულ კლიენტთან ხანგრძლივი გასაუბრება გვაქვს და მათი უმრავლესობა სავსებით "ნორმალური ადამიანიაო".

რაც შეეხება კანონის მომხრეებს, მათ შორის არის არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა პოლიტიკური კვლევის ცენტრის" დირექტორი ლესლი ვულფი, რომლისთვისაც მიუღებელია კლიშე, საერთაშორისო საშუამავლო კომპანიები რომ იყენებენ: [ლესლი ვულფის ხმა] "უმრავლესობა მამაკაცებისა, ვინც დასაქორწინებლად უცხოელ ქალს დაეძებს, ეხმიანება განცხადებებს, რომლებშიც ნათქვამია, რომ ქალები რუსეთიდან, აზიიდან, მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან, უფრო სათნო, დამყოლი, მორჩილი არიან, ვიდრე ამერიკელი ქალები". მაგრამ ნატაშა სპივაკს ეს დახასიათება კლიშედ, როგორც ჩანს, არ ეჩვენება: [ნატაშა სპივაკის ხმა] "რუსეთი მართლაც ტრადიციული საზოგადოებაა, ქალებიც და მამაკაცებიც ტრადიციულად აზროვნებენ. ეს მამაკაცების შემთხვევაში ნიშნავს, რომ მათ სურთ ოჯახში ფულის შემტანის ფუნქციის შესრულება და თუ გაჭირვება ამის საშუალებას არ აძლევთ, ცოლი არ მოჰყავთ. მეორე მხრივ, არიან უზომოდ მდიდარი მამაკაცები, "ახალი რუსები" და მათ არა მარტო ერთი ქალის შენახვა შეუძლიათ. მათ ცოლიც ჰყავთ და რამდენიმე საყვარელიც..."

ეს რუსი მამაკაცების შესახებ. რაც შეეხება რუს ქალებს, უცხოელზე დაქორწინების მსურველთა შორის ბევრია მარტოხელა დედა: [ნატაშა სპივაკის ხმა] "ეს ქალები თავიანთი შვილებისათვის მამას დაეძებენ, დაღლილი არიან საზრდოს საშოვნელად მთელი დღე მუშაობით - მათ ზოგჯერ არა მარტო შვილების, მოხუცი დედ-მამის შენახვაც უხდებათ. ამიტომ გათხოვება სურთ. რუსეთში არაფერი გამოუვიდათ და ამიტომ ჩემი ფირმის მსგავს სააგენტოებში მოდიან. მიზანს აღწევენ კიდეც, იმიტომ რომ მათგან ძალიან ბევრია საუცხოო ადამიანი, მშვენიერი ქალი - ამერიკაში კი უამრავი მარტოხელა მამაკაცი ზუსტად ასეთ ქალებს დაეძებს. თუ შევძელით და წყვილს ერთმანეთი ვაპოვნინეთ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ!"

ასეთ მისწრაფებასა და სურვილებში ცუდი მართლაც არაფერია, ოღონდ მათ კანონპროექტი, რომელიც ჩვენი გადაცემის დასაწყისში ვახსენეთ, არც უქმნის საფრთხეს. მისი მეშვეობით გამიზნულია არა საერთაშორისო საშუამავლო ფირმების საქმიანობის შეზღუდვა, არამედ კლიენტი მამაკაცების შემოწმება და ამით მათი პოტენციური, კატალოგიდან შეკვეთილი საცოლეების უკეთ დაცვა. თავად განსაჯეთ: ქალი შეერთებულ შტატებში ჩადის ისე, რომ არა აქვს ფული, ვერ ერკვევა ადგილობრივ კანონებში, კულტურულ თავისებურებებში, არ იცის ენა... მოკლედ, მთლიანად არის დამოკიდებული ქმარზე, მისთვის მანამდე თითქმის სრულიად უცნობ ადამიანზე.

ანასტასია სოლოვიოვას ასეთ რისკზე წასვლა სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
XS
SM
MD
LG