Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნო განწყობები სამცხე-ჯავახეთში


საარჩევნო პრაქტიკით, ხელისუფლების მხარდამჭერი პარტიები არჩევნებს ყველაზე მაღალი პროცენტით არაქართული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში იგებენ. გამონაკლისი არ არის არც სამცხე-ჯავახეთი,

სადაც ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას ძირითადად სიახლისადმი შიში განაპირობებს. ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში, მაგალითად, ახალციხე არაერთმა სომხურმა ოჯახმა დატოვა. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ეთნიკური ექსტრემიზმი პრაქტიკულად არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან არ ახასიათებს. ამის მიუხედავად, რეგიონში საქართველოს სომეხთა თბილისის სათვისტომოს ხელშეწყობით ჩატარებული მცირემასშტაბიანი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებით, სამცხეშიც და ჯავახეთშიც სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობს. განსხვავებული ვითარებაა მეორე ადგილთან დაკავშირებით: სამცხეში საუკეთესო მაჩვენებელი ნაციონალურმა მოძრაობამ აჩვენა, ჯავახეთში კი "აღორძინებამ".

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში სომხურენოვანი ელექტორატის ხმები სამცხე-ჯავახეთში სავარაუდოდ ისევ სახელისუფლებო ბლოკის სასარგებლოდ გადანაწილდება. წინასაარჩევნოდ რეგიონში სიმშვიდეა - გავრცელებული აზრით, სამცხე-ჯავახეთში ვითარება მაშინ იძაბება, როცა ცენტრში რეგიონული ინტრიგების სამართავად იცლიან. შესაბამისად, ჯავახეთში სომხური ავტონომიის საკითხის აქტუალიზება ამ დროისათვი დღის წესრიგში არ დგას. "ჯავახკი" პრაქტიკულად დაშლილია, "ვირქი" კი დასუსტებული და თანაც არარეგისტრირებული. როგორც "ვირქის" თავმჯდომარემ - დავით რსტიკიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, "ვირქის" რეგისტრაციისა და მოგვიანებით საარჩევნო სუბიექტად ქცევის შემთხვევაში, ხელისუფლება პოტენციურ ამომრჩეველს დაკარგავდა. "ჯავახკისა" და "ვირქის"ადგილზე განეიტრალების მეთოდი ასევე წარმატებულია -ექსტრემიზმით სახელმოხვეჭილ ამ ორგანიზაცითა დასუსტებას ხელისუფლება მათი ხელმძღვანელი პირების თანამდებობებზე დანიშვნით ცდილობს და ახერხებს კიდეც. სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით, საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსისათვის" მიცემულ ინტერვიუში მხარის რწმუნებულმა გელა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ "ჯავახკს" და "ვირქს" ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. თუმცა, მეორეს მხრივ, მათთან თანამშრომლობის სიკეთეს არჩევნებში მონაწილე პარტიები, როგორც ჩანს, მაინც არ უარყოფენ.

[არნო სტეფანიანის ხმა] "ვირქი" და "ჯავახკი", "ჯავახკის" ლიდერები, ჩემის აზრით, თანამშრომლობენ ბურჯანაძე-დემოკრატებთამ, რადგან მათი წარმომადგენლები იყვნენ იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში ახალქალაქში. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული თანამშრომლობა მაინც არის მაგათ შორის".

საქართველოს სომეხთა თბილისის სათვისტომოს თავმჯდომარის, არნო სტეფანიანის ამ ვარაუდს პრინციპში არც უარყოფს და არც ადასტურებს "ვირქის" თავმჯდომარე დავით რსტიკიანი.

[დავით რსტიკიანის ხმა] "პარტია? არა, ეს დიდი საიდუმლოა. რა თქმა უნდა, საქართველოში არის პარტია, რომელიც ჩვენი სიმპათიებით სარგებლობს, მაგრამ არჩევნების მზადების პერიოდში, მე მგონი, არ ღირს ამ ხალხს ხელი შევუშალოთ. ჩვენს გამო პრესა ისეთ ხმაურს ატეხს და ისეთ იმიჯს შექმნის, რომ თუ მე ვიტყვი, რომ შევარდნაძის პარტია მომწონს, მაშინ იგი გარკვეულ ადგილებში ხმებს დაკარგავს".

ამასთან, დავით რსტიკიანი ადასტურებს, რომ ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სიებში "ვირქის" წევრებიც მოხვდებიან. პოლიტიკურ პრეტენზიებს კი რეგიონში ამ დროისათვის გამოკვეთილად ავლენენ "ბლოკი ახალი საქართველოსათვის", "აღორძინება" და "ბურჯანაძე-დემოკრატები".
XS
SM
MD
LG