Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარება შეუმცირა


ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების პროგრამის მოცულობა შეამცირა. დღემდე საქართველო ისრაელის შემდეგ ამერიკის

შეერათებული შტატების დახმარების ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო. ამ დახმარების მოცულობა ყოველწლიურად იზრდებოდა და თავის მაქსიმალურ ზღვარს, 100 მილიონ დოლარს 2003 წელს მიაღწია. მომავალ წელს საქართველო ამ თანხის მხოლოდ 75 პროცენტს მიიღებს.

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების პროგრამის შემცირება ყველაზე მეტად საქართველოს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე აისახება. დღემდე სოციალურად დაუცველი ფენები შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს "ზამთარში გათბობის პროგრამით" სარგებლობდნენ. ეს იყო ირიბი დახმარება გაწეული "ეი-ი-ეს თელასისათვის". მას შემდეგ, რაც თელასი "რაო ეესის" საკუთრებაში გადავიდა, სათუო გახდა შეერთებული შტატების ფულით როგორც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, ასევე თბილისელთა გამრიცხველიანების პროექტის დაფინანსებაც. ეს კი განსაკუთრებით მძიმე ტვირთად დააწვება მცირეშემოსვლიან მოქალაქეებს მოახლოებული ზამთრის წინ. მე ტელეფონით დავუკავშირდი მათ ერთ-ერთ წარმოამდგენელს, უსინათლო ინვალიდს - ალიკა სტეფანიანს.

[ალიკა სტეფანიანის ხმა] "თუ USID პროგრამა არ იქნება გაგრძელებული, თუ არ განახლდება და ჩვენ არ მივიღებთ არანაირ შეღავათს, ეს დაღუპვის ტოლფასი იქნება ჩვენთვის. მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაუძლებს ინვალიდი, აი, ამ სირთულეებს, თბილისში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ეს პროგრამა".

ენერგეტიკის მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების დახმარების პროგრამის შემცირება "ზამთრის გათბობის პროგრამას" არ შეეხება და არც ენერგეტიკაში მიმდინარე სხვა პროექტებს.

[მამუკა ნიკოლაიშვილის ხმა] "USID-ის ზამთრის პროგრამა განხორციელდება და ეს დადასტურებულია. და ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააფინანსა, იმის სანაცვლოდ, რომ მათი პრივატიზაცია არ მოხდებოდა, ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი პრობლემა შეექმნა ბიუჯეტს, რადგანაც აღნიშნული თანხა უკვე ბიუჯეტში იყო ჩადებული, ეს ოთხწლიანი პროგრამა უკვე დაწყებულია".

"ზამთრის გათბობის პროგრამა" რომ კვლავ გაგრძელდება, ამას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც ადასტურებს, თუმცა რა ფორმით და რა მოცულობით, ეს ჯერ არავინ იცის. მათ შორის არც პროექტის უშუალო განმხორციელებელმა ორგანიზაციამ "პი-აი კონსალტინგმა". მისმა წარმომადგენელმა გიორგი ჭეიშვილმა თქვა, რომ დღემდე დახმარების დიდი ნაწილი თბილისში იხარჯებოდა.

[გიორგი ჭეიშვილის ხმა] "ჯერ არაფერი არ არის ცნობილი, გაგრძელდება, ჰო, მაგრამ დეტალები და რა მოცულობით იქნება და როგორ იქნება, ჯერ არ ვიცით ჩვენ, სამწუხაროდ. საერთოდ თბილისი იქნება თუ არა, ეგეც არ ვიცით ჯერ, და თუ იქნება, რა მოცულობით იქნება თბილისი".

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომას ადამსმა თბილისში ვიზიტისას ამერიკის მთავრობის დახმარების შემცირების ძირითად მიზეზად საქართველოში კორუფციის მაღალი მაჩვენებელი და დახმარების სუბიექტ ქვეყანათა შორის ეკონომიკური რეფორმების ყველაზე დაბალი დონე დაასახელა.
XS
SM
MD
LG