Accessibility links

logo-print

არჩევნებზე გადართული ხელისუფლება ომის ვეტერანებისთვის ვერ იცლის


როგორც ჩანს, საარჩევნო ბატალიებმა, რომელშიც არა ერთი და ორი სახელმწიფო მოხელეა ჩართული, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემები გვერდზე გადასწია.

ამაზე თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ სააქციო საზოგადოება "საქართველოს ელექტროკავშირის" ხელმძღვანელობა, იმის გამო, რომ დედაქალაქის მერია სათანადოდ ვერ აფინანსებს, ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს შეღავათიანი მომსახურების შეწყვეტით ემუქრება. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს მუქარა უკვე რეალობად ექცა პარლამენტსა და სახელმწიფო კანცელარიას, რომლებსაც "ელექტროკავშირმა" გარესამყაროსთან სატალეფონო კავშირი გაუწყვიტა. თუ არაფერი შეიცვალა, იგივე ბედი ელით სხვა სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებსაც.

"საქართველოს ელექტროკავშირის" მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, თბილისის ხელმძღვანელობამ არ დაფარა ის დავალიანება, რომელიც დროთა განმავლობაში შეღავათით გაწეულ სატელეფონო მომსახურებაზე წარმოიშვა. როგორც ჩემთან საუბარში "ელექტროკავშირის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, მერაბ კანკავამ განაცხადა, თბილისის მასშტაბით შეღავათით 13 ათასამდე რეპრესირებული, ომისა და შრომის ვეტერანი სარგებლობს. კანონის თანახმად, კატეგორიების მიხედვით ისინი სააბონონტო გადასახადისაგან სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდებიან. შესაბამისი ხარჯი კი, დაახლოებით 350 ათასი ლარი, ადგილობრივმა ბიუჯეტმა უნდა დაფაროს.

[მერაბ კანკავას ხმა] "აი, ის, რაც შეღავათი არის, იმის შევსებას, იმ სააბონენტო გადასახადისას, ახდენს ბიუჯეტი, ჩვენ შემთხვევაში ქალაქის მერია, რომელიც არ იხდის ამ თანხას. დაუგროვდა 370 ათასი ლარი. წესის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია ეს ტელეფონი გავთიშოთ".

თუ რატომ მოიძულია მერიამ სოციალურად დაუცველი ადამიანები, ამ საკითხის გასარკვევად ვიცე-პრემიერების - გიორგი კარბელაშვილისა და თემურ ქურხულის მისაღებში დავრეკე, პასუხად კი ასეთი რამ მოვისმინე:
[მამაკაცის ხმა] "კარბელაშვილის პოზიცია არ არის ეს... ეს არის ქურხულის".
[ავტორის ხმა] "ქურხული ხომ კენჭს იყრის?
[მამაკაცის ხმა] "არა, არა, კენჭს იყრის გია შერაძე".
[მამაკაცის ხმა] "ისედაც დაკავებულია, ვერ დაგაკავშირებდი. კი, გასაგებია, მაგრამ ამ წუთში არ სცალია, ცოტა ხანში დაეკეთ".

გავრცელებული ინფორმაციით, თემურ ქურხულს "სახელისუფლებო ბლოკი" დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად საბურთალოს საარჩევნო ოლქში ამწესებს. და თუ ეს ასეა, მაშინ გასაგებია, რატომ არ სცალია ვიცე-მერეს. სავარაუდოდ, ზუსტად ამ მიზეზის გამო არ სცალიათ იმ მოხელეებსაც, რომლებიც სახელმწიფო უწყებების გამართულ მუშაობაზე უნდა ზრუნავდნენ. ცნობისათვის: პარლამენტსა და სახელმწიფო კანცელარიას თითქმის ერთი კვირაა, რაც სატელეფონო მომსახურებაზე უარი უთხრეს. მიზეზად ამჯერადაც ვალის გადაუხდელობა სახელდება.

[ლოლა რობაქიძის ხმა] "პარლამენტს, ისეთ ორგანოს, რომელსაც ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, არ ვაძლევთ ტელეფონებით ლაპარაკის საშუალებას. დაფარონ დავალიანება. ვერ ვურთავთ, უფრო სწორად, ვერ ვურთავთ იმიტომ, რომ იმ მოსახურებას აქვს უზარმაზარი ხარჯი და ფინანსური კრახის წინაშე დადგება კომპანია ამ დავალიანების დაუფარაობის გამო".

თუმცა, როგორც ჩემთან საუბარში "საქართველოს ელექტროკავშირის" ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლოლა რობაქიძე აცხადებს, მოვალეთა ჩამონათვალი პარლამენტითა და სახელმწიფო კანცელარიით არ შემოიფარგლება.
[ლოლა რობაქიძის ხმა] "დავალიანებები ერიცხება თითქმის ყველა უწყებას და კი არ ვემუქრებით, ვურთავთ".
XS
SM
MD
LG