Accessibility links

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ძირითადად შიდა ბაზარზე შესყიდული ვალუტით იზრდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის მიუხედავად, ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია და

დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. გესაუბრებით იმის შესახებ, თუ რისგან ფორმირდება ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვი და რის ხარჯზე იზრდება ის.

ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურ ნიშნულზე იმყოფება და მისი ამჟამინდელი მოცულობა 196 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. ეს მაჩვენებელი 15 მილიონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის რეზერვის მოცულობას. საინტერესოა, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეჩერებული პროგრამული დაფინანსების გამო კრედიტი არ მიუღია. ამ ორგანიზაციის ტრანშები, როგორც წესი, ცენტრალური ბანკისთვის არის გამიზნული და რეზერვის შევსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო წლების განმავლობაში.

საქართველოში მოქმედებს მცურავი კურსის სავალუტო რეჟიმი, როცა ამერიკული დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი საბაზრო მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება და ეროვნული ბანკის ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე მოთხოვნასთან შედარებით მიწოდების მეტობის შემთხვევაში მხოლოდ უცხოური ვალუტის შესყიდვით შემოიფარგლება. მცურავი კურსისი რეჟიმი საქართველომ 1998 წლის რუსეთის საფინანსო კრიზისის შემდეგ აირჩია. მანამდე ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი მოთხოვნის ზრდის მიხედვით აშშ-ს დოლარის გაყიდვის ოპერაციასაც ახორციელებდა.

სავალუტო რეზერვების ძირითადი დანიშნულება ქვეყნის საგარეო ვალების შეუფერხებელი მომსახურებაა, ანუ ქვეყნის ცენტრალური ბანკი, როგორც მთავრობის საფინანსო აგენტი საგარეო ვალდებულებების მომსახურებისათვის კრედიტორებს უცხოურ ვალუტას ურიცხავს.

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე 35 143 000 აშშ დოლარი შეიძინა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად მიიმართა.

ოქროს მარაგმა ამა წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, 61 3000 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15 000 დოლარით აღემატება.

თავად სავალუტო რეზერვები, საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენების და რისკების მინიმიზაციის მიზნით, სხვადასხვა ვალუტაშია განთავსებული. ერთიანი ევროპული ვალუტის შემოღების შემდეგ ამჟამად საერთაშორისო სავალუტო რეზერვი სხვადასხვა პროპორციით აშშ-ს დოლარსა და ევროში ინახება. ამასთან რეზერვების ნაწილი განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის მსოფლიოს რამდენიმე ბანკში და ამ ოპერაციით ქვეყანა მოგებას იღებს.
XS
SM
MD
LG