Accessibility links

კუბელი დისიდენტი საიმდუმლო სამსახურს აგენტი?


დისიდენტი, ანუ ის, ვინც არ არის თანახმა შეეგუოს

არსებულ წესწყობილებას, ღირსეული და პატიოსანი ადამიანი იყო ჩემს წარმოდგენაში, იმიტომ, რომ დისიდენტები საყოველთაოდ აღიარებულ უკეთურებას ვერ ეგუებოდნენ. დისიდენტს საქართველოში სეხელი გაუტეხეს განსაკუთრებით "პერესტროიკის" პერიოდიდან მოყოლებული. ის დისიდენტები, ვინც საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდა, როცა თვითონ გახდნენ ხელისუფალნი, მოწინააღმდეგის სამიზნეც გახდნენ და მათი დისკრედიტაციაც არ გაძნელებულა. დისიდენტები თავს იცავდნენ. ძნელი სათქმელია, არის თუ არა ეს კომუნისტური რეჟიმების საიდუმლო სამსახურების მოქმედების მიღებული ფორმა, თუ სხვაგანაც იცნობენ ამგვარ მეთოდს - გამოაცხადო დისიდენტი, ასე ვთქვათ, შეკრულად მისსავე მტერთან. თუ მართლაც ეკვრებოდნენ ისინი ხელისუფლებას? ფაქტი ის არის, რომ მათ საუკეთესო წარმომადგენლებს - აღსანიშნავია, რომ უფრო მოქმედ ნაწილს, ვიდრე თეორეტიკოსებს, - მოქნილ დამსმენებად გამოაცხადებენ ხოლმე. ასეა კუბელი სხვაგვარად მოაზროვნის, ცნობილი დისიდენტის ელისარდო სანჩესის შემთხვევაშიც. კუბის ინფორმაციის სამინისტრომ ამ ორი კვირის წინ უცხოელ ჟურნალისტებს უჩვენა ვიდეოფირი, რომელზეც ცხადად ჩანს, რომ სანჩესს უშიშროების სამინისტროს ოფიცერი გადასცემს მედალს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ამერიკული, როგორც ფილმში ოფიცერი ამბობს, "იანკის" იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სანჩესი მათ პარტიულ ამხანაგებს უწოდებს და შემდეგ ყველა ერთად კუბის ეროვნულ, აი, ამ ჰიმნს მღერის.
[მუსიკა, ჰიმნი] ურიგო მუსიკა არ არის, მაგრამ დისიდენტს, რეჟიმთან მებრძოლი კაცის სახელის მქონე სანჩესს, თუკი დაუმტკიცდა, რომ უშიშროების ოფიცრებთან ერთად იმღერა, არ მოუწონებენ.
27 წლის განმავლობაში აუწყებდა მსოფლიოს სანჩესი კუბაში ადამინის უფლებების დარღევების შესახებ. სანჩესის მოხსენებებიდან შეიტყობდით, თუ რამდენი ადამინია დაჭერილი, რამდენ-რამდენი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მათ. სანჩესი ადამინის უფლებების და ეროვნული შერიგების კომისიის თავმჯდომარეა. როგორც რეჟიმის მოწინააღმდეგე, ის კუბაში ციხეში იჯდა 8-ნახევარი წელიწადი და მაინც დარჩა სამშობლოში, რისთვისაც მსოფლიოში მეტი პატივისცემით სარგებლობს. ელისარდო სანჩესს ხვდებიან საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსები.
ამ ვიდეოჩანაწერის ჩვენებით კუბის ხელისუფლებას სურდა საჯაროდ გამოექვეყნებინა უკვე დამადასტურებელი საბუთი იმისა, რაც ცოტა უფრო ადრე სხვაგვარ ბრალდებად გაისმა. კუბაში გამოქვეყნდა წიგნი, სახელწოდებით "თაღლითი", რომელშიც მისი ავტორები სანჩესს აშშ-ის აგენტობას, მოღალატეობას, ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის გაყალბებას აბრალებენ. ამასთან, ვკითხულბთ წიგნში, სანჩესს გამოუთქვამს კუბის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის სურვილი. მას მერე სანჩესი, ამ წიგნის თანახმად, უშიშროებს სამინისტროს ამარაგებდა ინფორმაციით ადგილობრივი დისიდენტების და აშშ-ში, მაიამიში მოქმედი კუბელი ემიგრანტების საქმიანობის შესახებ. ეს წიგნი არავის სერიოზულად არ მიუღია, მაგრამ მას რომ ფირი დაემატა, გაჩნდა შეკითხვა: ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ დისიდენტი - ამავე დროს დამსმენი? თვითონ სანჩესი ამ ყველაფერს სისულელედ მიიჩნევს და ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად. იქვე აცხადებს, რომ უშიშროებასთან კონტაქტი ყოველთვის ჰქონდა, რათა ხალხს დახმარებოდა. რაც შეეხება ფირს, ის ამბობს, რომ ბუნდოვნად ახსოვს ერთ-ერთი შეხვედრა უშიშროების სამსახურის ხალხთან, მაგრამ იმდენად იყო გაბრუებული, - მგონი რაღაც ჩამიყარეს სასმელშიო, ამბობს, - რომ ვერ იხსენებს რა ხდებოდა. არავის შეუძლია დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს და სიმართლე დაადგინოს. სხვა დისიდენტი, ოსვალდო პაია, რომელიც ევროპის კავშირმა სახაროვის პრემიით დაჯილდოვა, ამბობს, რომ ეს ფიდელ კასტროს რეჟიმის იმედგაცრუების ნიშანია, რომ ის ოპოზიციის დისკრედიტაციაზე გადავიდა. სხვები ვარაუდობენ, რომ რეჟიმი ოპოზიციის გახლეჩას ლამობს. რაც შეეხება მაიამიში მოქმედ კუბის განთავისუფლების საბჭოს, იქ სანჩესს ადრეც ეჭვით უყურებდნენ. საბჭოს თავმჯდომარემ ნინოსკა პერესმა თქვა, რომ ელისარდო სანჩესი სინამდვილეში რეჟიმს უფრო ემსახურებოდა, ვიდრე ოპოზიციასო. კაცმა რომ თქვას, რეჟიმის სამსახურში ის მართლაც იყო, როცა მარქსიზმის პროფესორი გახდა. შემდეგ, 1968 წლის ამბოხის დროს ჩეხეთში უცხო ჯარების შესვლა გააპროტესტა და გააძევეს. სანჩესი კუბის მიმართ აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს ყოველთვის აკრიტიკებდა და თვლიდა, რომ ფიდელ კასტრო დემოკრატიაზე გარდამავალ კუბაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლის შესრულებას შესძლებდა. დისიდენტი, ალბათ, ცდებოდა, რადგან კასტრო არ აპირებს რევოლუცია დათმოს და მის ერთგულად რჩება. და იქნებ ამ ზომიერი ოპოზიციისა უფრო მეტად ეშინია ფიდელს, ვიდრე მაიამელი რადიკალებისა, რაც სანჩესისთვის სახელის გატეხვის მცდელობაშიც ჩანს?!
XS
SM
MD
LG