Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსატლანტიკური კავშირების მოკრძალებული პერსპექტივა გენერალური ასამბლეის ფონზე


თუ ვაშინგტონი იმედოვნებდა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნას ევროპასთან ურთიერთობის გამოსასწორებლად გამოიყენებდა, მაშინ ეს იმედები მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა,

- ასეთია ანალიტიკოსების შეფასება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გერმანიისგან განსხვავებით, რომელიც მზად არის დაივიწყოს წარსული უთანხმოებები ვაშინგტონთან, საფრანგეთი მხოლოდ მცირე სურვილს თუ ამჟღავნებს ითანამშრომლოს ამერიკასთან ერაყის საკითხში. გაგაცნობთ ტრადიციულ მოკავშირეთა უთანხმოების ანატომიაზე ჯეფრი დონოვანის მიერ მომზადებულ მასალას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომ დროა, ერაყელ ხალხს გაეროში შემავალმა ყველა ქვეყანამ აღმოუჩინოს დახმარება, ძირითადად, მთავარი ოპონენეტების - გერმანიისა და საფრანგეთის მისამართით იყო გაკეთებული. ამ ქვეყნების პრეზიდენტებისა და ბუშის პირისპირ შეხვედრების შემდეგ, გერჰარდ შრიოდერმა და ჟაკ შირაკმა განსხავებული შინაარსის განცხადებები გააკეთეს.

გერმანიის კანცლერის ხატოვანი განცხადებით, განსხვავება, რაც ერაყის საკითხში შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის არსებობდა, ისტორიას ბარდება. გერმანია დაინტერესებულია სტაბილური და დემოკრატიული ერაყით და თანახმაა, რომ მონაწილეობა მიიღოს ერაყელი პოლიციელების მომზადების საქმეში.

ამ ფაქტს ვაშინგტონის "ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის" ანალიტიკოსი ნეილ გარდინერი ამერიკა-გერმანიას შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენად აფასებს.
[ნეილ გარდინერის ხმა] "პრეზიდენტ ბუშისა და გერჰარდ შრიოდერის შეხვედრა, საერთო შეფასებით, წარმატებული იყო. და მე დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიამ გამოამჟღავნა ნება, ითანამშრომლოს ერაყის საკითხში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გერმანიას ვიხილავთ გაეროს ახალი რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის. გერმანია ალბათ არ გაგზავნის სამხედროებს ერაყში, მაგრამ გერმანია არც გზას გადაუღობავს შეერთებული შტატების ძალისხმევას ერაყში".

რაც შეეხება პრეზიდენტ ბუშის მოლაპარაკებებს ფრანგ კოლეგასთან, იგი ბევრად ნაკლებ უწყინარი აღმოჩნდა. პრეზიდენტი შირაკი კვლავ აკრიტიკებს შეერთებული შტატების მოქმედებას ერაყში, კერძოდ, ე.წ. "პრევენციული ომის" ტაქტიკას და აცხადებს, რომ გაეროს რეზოლუციას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუკი კოალიცია სწრაფად გადასცემს ძალუფლებას ერაყელ ხალხს.

პოლონეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ყოფილი მოადგილის, ამჟამად ვაშინგტონის "ენტერფრაის ინსტიტუტის" ანალიტიკოსის, რადეკ სიკორსკის თქმით, ვაშინგტონში ზოგიერთებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ საფრანგეთი აქტიურად ცდილობს შეაფერხოს ამერიკის პოლიტიკა.

[რადეკ სიკორსის ხმა] " საფრნაგეთს აქვს სტრატეგიული გეგმა, გამოიყენოს ყველა საშაუალება, რათა შეასუსტოს და მწყობრიდან გამოიყვანოს, როგორც თავად უწოდებს, ზესახელმწიფო, საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებაროს ამერიკის "თავისუფლების აქტი". ამერიკა შეშფოთებულია ამის გამო, რაც გარდაუვალ უთანხმოებას იწვევს".

თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ ურთიერთობის გაფუჭების მთავარი მიზეზი ტრადიციულ მოკავშირეებს შორის იმაში მდგომარეობს, რომ შეერთებულმა შტატებმა საომარი მოქმედება ერაყში საერთაშორისო კანონების უგულებელყოფით დაიწყო. და რაკი თავის გამოსვლაში გენერალური ასამბლეის სხდომაზე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა არავითარი კომპრომისი არ შესთავაზა საფრანგეთს, შესაბამისად, არც ჟაკ შირაკი აპირებს უკან დახევას.
მეტიც, მიუხედავად გერმანიის მიერ გამოთქმული მზადყოფნისა - დაეხმაროს შეერთებულ შტატებს ერაყის საკითხში, ბერლინი და პარიზი კვლავ ადრინდელი მიდგომის ერთგული რჩებიან, დარწმუნებულია საფრანგეთის ლიდერი.

ანალიტიკოსები ტრადიციული მოკავშირეების ამგვარ დაპირისპირებას "საერთაშორისო პოლიტიკის თვისებურ ირონიას" უწოდებენ. მათ მხედველობაში აქვთ ის გარემოება, რომ ამერიკა ბოლო დროს უფრო ხალისით თანამშრომლობს მის ყოფილ მოწინააღდეგესთან - რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ოდიოზურ პოლიტიკურ ლიდერებთან, ვიდრე მის ნატოელ მოკავშირეებთან - საფრანგეთთან და გერმანიასთან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG