Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო კამპანიის თვალსაჩინო მინუსები


სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ამჟამად მაისის საპენსიო თანხებს აფინანსებს. უკეთესი მდგომარეობა არც საბიუჯეტო ორგანიზაციების უმეტესობის სახელფასო უზრუნველყოფაშია.

ამას ემატება მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების არასტაბილურობა და ამომრჩევლის სოციალური უკმაყოფილება, რომლითაც წარმატებულად სარგებლობენ სახელისუფლებო ბლოკის ოპონენტები. საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი ორმოციოდე დღე ქვეყანაში არსებული სოციალური დაძაბულობის ნაწილობრივ მოგვარების თეორიულ შესაძლებლობებს არ გამორიცხავს. თუმცა, მეორეს მხრივ, სოციალური პრობლემების წინასაარჩევნოდ გამწვავება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ცაიტნოტშიც არაადექვატურად მოქმედებს.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრების წინასაარჩევნო თათბირები ძირითადად წლობით გატკეპნილი მოუგვარებელი პრობლემების ელვისებურ და, შესაბამისად, ზედაპირულ გადაჭრას ითვალისწინებს. ამ პრობლემათა რიგს განეკუთვნება პენსიები, ხელფასები, ენერგომომარაგება. ხელისუფლება, როგორც წესი, არჩევნების წინ მაინც ახერხებს ხოლმე საჭირო რესურსების მობილიზებას, მაგრამ ამჯერად ჯერჯერობით წარუმატებლად. არადა, უკანასკნელი ათწლეულის ტენდენციით, მოსახლეობა არჩევნებს უკეთესი მომავლის იმედით კი არა, დავალიანებების წინასაარჩევნოდ გასტუმრების იმედით უფრო ელის. ესაა ქვეყანაში არსებული წინასარჩევნო ცინიზმის ერთი თავისებურება. დღევანდელი მონაცემებით კი, საპენსიო თანხების გაცემა ქვეყნის მასშტაბით ორი თვის ჩამორჩენით მიმდინარეობს.

[გოგი ქირიას ხმა] " მძიმე ვითარებაა. ამ წუთისათვის ჩვენ რესპუბლიკაში ვაფინანსებთ მაისის პენსიებს. გარდა თბილისი, რუსთავი, ფოთი. დანარჩენ რაიონებში ფინანსირდება მხოლოდ და მხოლოდ მაისის პენსიები. რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურებს, ძალოვანი სტრუქტურების პენსიები აგვისტოს ჩათვლით გასტუმრებულია".

სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილე, გოგი ქირია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არც ისეთი საგანგაშოა, როგორც ამას სახელისუფლებო ბლოკის პოლიტიკური ოპონენტები წარმოაჩენენ. საპენსიო დავალიანებების დაგროვება ქვეყანაში 1997 წლიდან დაიწყო. კრიზისი განსაკუთრებით გაღრმავდა მომდევნო ორი წლის განმავლობაში. 2000 წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა ნაწილობრივ სტაბილიზაციას დაექვემდებარა და თითქმის ორი წლის განმავლობაში ჩამორჩენაც დაიძლია. დღეისათვის 1998-2000 წლების დავალიანება 80 მილიონზე მეტს შეადგენს, ხოლო მიმდინარე პენსიების ჩამორჩენა საშუალოდ 2 თვეს. 2003 წელი ამ თვალსაზრისით ისევ კრიტიკული გამოდგა, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით დავალიანება 27 მილიონი ლარი იყო. ჩამორჩენის დაძლევა სტრატეგიული საკითხია, ერთის მხრივ, კარს მომდგარი არჩევნების გამო, მეორეს მხრივ კი, იმის გამო, რომ სახელმწიფომ პენსიონერთა მიმართ ახალი ვალი არ დააგროვოს. მით უმეტეს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს დავალიანებები მოხერხებულად აქცია ხელისუფლებაზე შეტევისა და საკუთარი საარჩევნო კამპანიის ნაწილად. ნაციონალთა ინიციატივით, საქართველოს რამდენიმე ქალაქში პენსიონერებმა სახელმწიფოს გაყინული პენსიების სახელით ცნობილი სასამართლო პროცესები მოუგეს. ამას მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის გახმაურებული შიმშილობის აქცია და სახელმწიფოს იძულებითი კომპრომისი. ამ კომპრომისმა მიმდინარე პენსიების დროულად დარიგების პრობლემა კიდევ უფრო ვიწრო ჩიხში შეიყვანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელისუფლებო ბლოკის ელექტორატში 14 ლარიანი პენსიონერების რიცხვი პროცენტულადაც იკლებს და რაოდენობრივადაც. ხელისუფლებისადმი საარჩევნო იმედგაცრუება თანაბრად ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზეც. მხოლოდ სანახაობა კი ამომრჩევლის კუთვნილი ფულის გარეშე მოსახლეობისათვის უაზრო და ინტერესმოკლებულია.
XS
SM
MD
LG