Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლეიბორისტულმა პარტიამ" აფხაზეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა


საარჩევნოდ მობილიზებული პარტიები ყველაფერს - მათ შორის სოხუმის დაცემის ათი წლისთავსაც კი - არჩევნების ჭრილში განიხილავენ. მაგალითად, "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა,

შალვა ნათელაშვილმა სოხუმის დაცემის წინა დღეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ახალი გეგმა წარმოადგინა. "ლეიბორისტებმა" სოხუმის, გაგრის, გუდაუთის, გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, ცხინვალისა და ჯავის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს.
გესაუბრებით ამ გეგმისა და მისი რელურად განხორციელების პერსპექტივების შესახებ.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "ჩვენ, ლეიბორისტული პარტია, ხელისუფლებაში მოსვლამდე ვიწყებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც ამ ეტაპზე გამოიხატება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა დასახელებით".

შალვა ნათელაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლების უმოქმედობაში დარწმუნდა. მისი აზრით, მთავრობა, რომელიც დაინტერესებულია ქვეყნის მთლიანობის აღდგენით, ყოველ არჩევნებზე უნდა ქმნიდეს დროებით დაკარგული რაიონების საოლქო კომისიებს, ასახლებდეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს და ატარებდეს არჩევნებს, თუნდაც, დევნილთა განსახლების ადგილებში. საკუთარი გეგმის სასარგებლოდ მას ასეთი არგუმენტი მოჰყავს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "ჩვენმა ხელისუფლებამ არჩევნების ჩატარებაც ვერ ისწავლა, ისიც ვერ ისწავლა, რომ დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე იურიდიულად მაინც უნდა გამოაცხადო საარჩევნო ოლქები, კანდიდატები და მერე მსოფლიოს უთხრა - რა ვქნა, ეს კაციჭამია არძინბაა, თუ კაციჭამია რუსეთი, თუ კიდევ რაღაცის ყლაპია, არ მაძლევს საშუალებას და შემოდით გაეროს მეთვალყურეები, შემოდით ეუთო, დამეხმარეთ!"

დახმარებამდე, "ლეიბორისტებმა" დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე სიმბოლური არჩევნების ჩატარება და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელება გადაწყვიტეს. რამდენიმე მათგანს - სოხუმის, გუდაუთისა და გალის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, წინასაარჩევნო კამპანიისა და აფხაზეთის არატრადიციული - "ლეიბორისტული გზით" დაბრუნების პერსპექტივებზე ვესაუბრე.

[ბუხუტი ჭაჭუას ხმა] "რა უნდა შევპირდეთ ამომრჩეველს, მხოლოდ გადარჩენა და შენება ამ ქვეყნის. აუცილებლად, აუცილებლად დავბრუნდებით!"

[გელა დანელიას ხმა] "სოხუმელ ამომრჩეველზე ვამბობ მეც. მას არ აქვს ჯერ საშუალება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და მე ვპირდები, რომ ამის საშუალებას მივცემ".

[დალი აკიშბაიას ხმა] "ახლა ეს თქვენთვის ცხადია, რომ სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა ამას და შეპირებებზე მერე შეიძლება ლაპარაკი. პირველ რიგში, უმრავლესობით უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში".

აქვს თუ არა "ლეიბორისტების" ნოვაციას სიმბოლურზე მეტი დატვირთვა? ამ კითხვით საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთ ავტორს, ვახტანგ ხმალაძეს მივმართე.

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "მარტო სიმბოლური ალბათ არ იქნება, იმიტომ, რომ ამაზე შეიძლება პოლიტიკური სკანდალის აგორება. ...უფლებამოსილების გაგრძელების მუხლი უნდა გაუქმდეს, როგორც არაკონსტიტუციური და იძულებით გადაადგილებულ პირებს უნდა მიეცეთ თავისი წარმომადგენლების არჩევის შესაძლებლობა".

სრულფასოვანი არჩევნების ჩატარებას შალვა ნათელავშილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აპირებს. იგი ამისთვის სერიოზულად ემზადება, ყოველ შემთხვევაში, უკვე ჰიმნის შეცვლაზეც კი საუბრობს.

[შალვა ნათელაშვილი ხმა] "ბატონმა დავით გაჩეჩილაძემ შექმნა შესანიშნავი ჰიმნის პროექტი მომავალი საქართველოსი და ის აჩუქა ლეიბორისტულ პარტიას, - სანამ გამოცხადდება ოფიციალურად საქარველოს ჰიმნის დონეზე ამაღლებული ნაწარმოები, იქნება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ჰიმნი".
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG