Accessibility links

თურქეთი ამერიკისგან დიდ სესხს და ქურთ მუშათა პარტიის შევიწროებას ელოდება


ერაყში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის პირველი დღიდან ვაშინგტონი აგრძელებს მოლაპარაკებას თურქეთთან, რათა ანკარა ერაყის სტაბილიზაციის პროცესში მონაწილეობაზე დაიყოლოს.

ამ ფონზე, 21 სექტემბერს მხარეებმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას თურქეთის ახალი, დიდი მოცულობის სესხის გამოყოფის თაობაზე. ამასთან, როგორც ვაშინგტონის, ისე ანკარის ოფიციალური პირები უარყოფენ, თითქოს გარიგება მიზნად ისახავდეს თურქეთის საზოგადოების გულის მოგებას, რომელიც უწინდებურად ძლიერ ეწინააღმდეგება ჯარების გაგზავნას მეზობელ ერაყში. ცნობისათვის, თურქეთი, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, საქართველოს უსაფრთხოების სიტემის ერთ-ერთი მსხვილი დონორია.

თითქმის ერთთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, სექტემბრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ თურქეთი სესხის სახით 8,5 მილიარდ დოლარს მიიღებს, რაც ამ ქვეყნის სუსტი ეკონომიკის მხარადაჭერას და ერაყში მიმდინარე ომის გამო განცდილი ზარალის ანაზღაურებას მოხმარდება. შეთანხმებას ხელი დუბაიში, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებაზე მოეწერა.
ანკარაში გამომავალი წამყვანი გაზეთების ცნობით, შეერთებული შტატებისგან გამოყოფილ სესხს, რომელიც 10 წელზეა გათვლილი, თურქეთი ოთხ თანაბარ ნაწილად, ყოველი 18 თვის შემდეგ მიიღებს. ამ თანხის პირველ პარტია ანკარაში, სავარაუდოდ, ნოემბრისთვის გადაირუცხება, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი თურქეთის ეკონომიკის მიმოხილვის პროცესს დაასრულებს.
როგორც რადიო "თავისუფლების"კორესპონდენტს, ჟან-კრისტოფ პეკს შეერთებული შტატების ეკონომიკის ანალიტიკოსებმა აცნობეს, სესხის შეთანხმება ძალიან გულუხვ დახმარებას ითვალისწინებს. კერძოდ, 1 მილიარდი დოლარი თურქეთს პირდაპირი დახმარების სახით, უნაცვალგებოდ ეძლევა.
ამასთან, შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯონ შოუმ და თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ალი ბაბაჯანმა, რომლებიც მონაწილეობდენენ მოლაპარაკებაში, ერთხმად უარყვეს ვარაუდები, თითქოს სესხის გამოყოფას პირდაპირი კავშირი აქვს ერაყში ანაკარის შესაძლო სამხედრო მონაწილეობასთან.

24 სექტემბერს ანკარის აეროპორტში ამ საკითხზე თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოგანსაც მოუხდა ოფიციალური განცახდების გაკეთება.

[რეჯებ ტაიპ ერდოგანის ხმა] " სესხის პირობა არ არის დამავალდებულებელი. აქ მე მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ სესხის პირობა არ გულისხმობს ერაყში თურქეთის სამხედროების გაგზავნას. როგორც ამგვარი სესხის შემთხვევაში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, აქ არის ერთი მთავარი პირობა - საგარეო და საშინაო ვალების მომსახურება".

ამერიკა ერაყში მიმდინარე ოპერაციის დაწყების დღიდან უშედეგოდ მოითხოვს თურქეთისგან, რომელიც ერაყს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება, 12-ათასკაციანი ქვედანაყოფის გაგზავნას. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ შეერთებული შტატები წინააღმდეგია, ნება დართოს ანკარას ჩრდილოეთ ერაყში საჯარისო ნაწილების შეყვანაზე, რაც ვაშინგტონის აზრით, აუცილებლად გამოიწვევს შეტაკებებს ერაყის ამ რეგიონში, სადც კონტროლს ქურთთა ორი პარტია და მისი მიმდევრები ახორციელებენ.
თურქეთი, თავის მხრივ, აყენებს მოთხოვნას, რათა შეერთებულმა შტატებმა მკაცრი ზომები გამოიყენოს ქურთ მუშათა პარტიის წინააღმდეგ. ანკარა დარწმუნებულია, რომ 1999 წლის შემდეგ თურქეთიდან განდევნილი 5 ათასი ქურთი ექსტრემისტი მის საზღვრებთან, ერაყის მთიან რეგიონს აფარებს თავს.

თურქეთის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების თქმით, შეერთებული შტატების მიერ ქურთი პარტიზანების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ყველაზე კარგი საშუალება იქნებოდა თურქეთის საზოგადოებრივი აზრის გულის მოსაგებად, რომელიც ფართოდ ეწინააღდეგება ერაყში თურქეთის სამხედრო ნაწილების გაგზავნის იდეას. მაგრამ არსებობს სხვაგვარი მოსაზრებაც, რომელიც ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა გაზეთ "თურქიშ დეილი ნიუსს" განუცხადა. წყაროს ცნობით, ანკარას იმედი აქვს, რომ ერაყში თურქეთის სამხედრო ქვედანაყოფის გაგზავნა ხელ-ფეხს გაუხსნის ამერიკის მეთაურობით მოქმედ კოალიციას, რათა ძალები თურქ მუშათა პარტიის წინააღმდეგ მიმართოს.
XS
SM
MD
LG