Accessibility links

logo-print

საქართველო სოხუმის დაცემის დღეს - 27 სექტემბერს აღნიშნავს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს - ხსოვნისა და იმედის დღე უწოდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ ღონისძიებებსა თუ

მიტინგებზე იმედიანი განცხადებები თითქმის არ გაკეთებულა. სოხუმის დაცემიდან 10 წლისთავს საზოგადეობა და ხელისუფლება კვლავ ცალ-ცალკე და განსხვავებულად აღნიშნავს.

ათიოდე დღის წინათ პარლამენტარი ადა მარშანია კოლეგებს მოუწოდებდა, ამჯერად მაინც მაინც ღირსეულად და ერთად აღენიშნათ სოხუმის დაცემის დღე.
[ადა მარშანიას ხმა] " მრავალათასიანი, ათეულ ათასიანი...მთელი საქართველო, ჩემი აზრით, უნდა გამოვიდეს იქ, სადაც ცხოვრობს, იმ ქალაქის, იმ დაბის მთავარ მოედანზე დუმილით, ჩუმად ვთქვათ, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ იქ უნდა ვიყოთ, რომ ის ჩვენი განუყოფელი სამშობლოს ნაწილია".
რამდენიმე ქალაქის მთავარ მოედანზე 27 სექტემბერს ადამიანები მართლაც შეიკრიბნენ. გორში, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის გვერდით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულთა მონუმენტი გაისხვა. ქუთაისში, მაშინ, როცა ადგილობრივი ხელისუფლება აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალთან სამგლოვიარო მიტინგს მართავდა, ქუთაისის ცენტრში მოძრაობას "კმარას" აქტივისტებმა აქცია "კმარა უაფხაზეთოდ" გამართეს. ჩვენი ქუთაისელი კორესპონდენტის ნინო ღაჭავას ცნობით, ერთსაათიანი აქცია მშვიდობიანად დასრულდა:
[ნინო ღაჭავას ხმა] "დღეს, დაახლოებით 12 საათზე "კმარას" აქტივისტები, რომელთა შორის იყვნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები და რამდენიმე პარტიის ახალფაზრდული ფრთის წარმომადგენლები, შეიკრიბნენ ცენტრალური ბაღის შესასვლელში, საიდანაც მოაწყეს მსვლელობა ბაგრატის ტაძრისკენ. ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაგებად დაანთეს სანთლები. აქცია მშვიდობიანად დამთვრდა. მათ ჰქონდათ რამდენიმე ლოზუნგი - კმარა უაფხაზეთოდ, კმარა უმოქმედობა".
ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ ფოთში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებიც - მათ უმეტესობას აფხაზეთიდან დევნილები შეადგენდნენ. აფხაზეთის დაბრუნების შესაძლებლობას არსებული ხელისუფლების პირობებში შეუძლებელი უწოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმაც, რომელიც მონაწილეობდა გმირთა მოედანზე ბარელიეფის გახსნაში - ბარელიეფზე დროთა განმავლობაში ამოიტვიფრება აფხაზეთში საომარი მოქმედებებისას დაღუპულ მებრძოლთა სახელები.
თბილისის მერმა ხსოვნისა და იმედის დღე თბილისის მერიაში, ბატალიონ "თბილისელის"დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან აღნიშნა. პრეზიდენტრმა შევარდაძემ ყვავილებით შეამკო ჟიული შარტავას საფლავი. მოგვიანებით, ძმათა სასაფლაოს პარლამენტის თავმჯდომარეც ესტუმრა. სოხუმის დაცემიდან 10 წლისთავზე საპროტესტო აქცია პოლიტიკურმა მოძრაობამ "თავისუფალი საქართველოსთვის" სპორტის სასახლეში გამართა. მოკლედ, იმ მოვლენებიდან 10 წლის თავზე, საქართველოს საზოგადოება ისეთივე დაქუცმაცებულია, როგორც ამ ათი წლის წინ.
XS
SM
MD
LG