Accessibility links

ხელისუფლება საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე ტოვებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი წლის ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ტრადიციული საბიუჯეტო ცაიტნოტი წელსაც განმეორდა. საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო ხელისუფლებაში 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარსადგენად ორიოდე დღე დარჩა.

თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას სურს საკონსტიტუციო ვადებში ჩაეტიოს, 1 ოქტომბრამდე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები სასწრაფოდ უნდა დაამტკიცოს, ეს კი საკმაოდ რთული იქნება, რადგან ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ პრეზიდენტთან განხილული პროექტი ფინანსთა მინისტრს უკან მიუბრუნდა გადასამუშავებლად და მისი საბოლოო ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

მანამდე კი პრეზიდენტის მიერ დაწუნებული პროექტი გასულ კვირაში მთავრობამ კვლავ განიხილა, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. სახელმწიფო უწყებები პროექტში არსებული პარამეტრებით უკმაყოფილონი არიან და ხარჯების გაზრდას ითხოვენ. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს ძალოვანები იჩენენ, რომლებიც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში მათი უწყებებისათვის გათვალისწინებული ხარჯების დამატებით 10 პროცენტიან ზრდას ითხოვენ, ხოლო არსებულ პროექტს იდეოლოგიას უწუნებენ. ისე, საინტერესოა, საერთოდ არსებობს თუ არა საქართველოში საბიუჯეტო მოწყობის რაიმე, თუნდაც ცუდი იდეოლოგია.

ძალოვანებს არ ჩამორჩა ენერგეტიკის მინისტრი, რომელიც მომავალი წლისათვის თავისი ქვოტის 5 მილიონი ლარით გაზრდას მოითხოვს. ნიკოლეიშვილის განცხადებით, ეს თანხა მას ხუდონჰესის "დასაკონსერვებლად" სჭირდება.

იმ სიტუაციაში, როდესაც პროექტში ისედაც დაუბალანსებელია დაახლოებით 120 მილიონი ლარის ოდენობის ხარჯი, სამინისტროების მიერ დამატებითი ხარჯების მოთხოვნა მომავალი წლის ბიუჯეტსაც არარეალურ პარამეტრებზე დააფუძნებს. ფინანსთა სამინისტრომ პრეზიდენტთან განხილული პროექტი კიდევ ერთხელ უნდა გადაამუშაოს და 1 ოქტომბრამდე პარლამენტს წარუდგინოს.

მთავრობაში გაბერილი ხარჯების შემდეგ მორიგი საბიუჯეტო ვაჭრობა საკანონმდებლო ხელისუფლებაში გაიმართება, სადაც განსაკუთრებულ დაინტერესებას, ალბათ, მაჟორიტარი დეპუტატები გამოიჩენენ, რომელთაც ხშირ შემთხვევაში, ამომრჩევლის გულის მოგების გარდა, თავიანთ კერძო ინტერესებზეც უწევთ თავის შეწუხება. თუმცა, ძნელი სავარაუდოა, ამ მოწვევის პარლამენტმა ბიუჯეტის დამტკიცება მოასწროს და ის, ალბათ, ახალ საკანონმდებლო ორგანოს ერგება მემკვიდრეობად. ალბათ, არც ის არის მოსალოდნელი, რომ ახალმა საკანონმდებლო ორგანომ საბიუჯეტო მოწყობის პრინციპი რადიკალურად შეცვალოს და მთავარი ეკონომიკური კანონის არარეალისტურად დაგეგმვის მავნე ტრადიცია დაარღვიოს. ანუ ჩვენ აპრიორი განწირუნლი ვართ საბიუჯეტო დეფიციტის და მორიგი სეკვესტრებისათვის.

გასულ კვირის ბოლოს სახელმწიფო მინისტრთან ეკონომიკური ბლოკის წარმოამდგენლები უკვე მიმდინარე წლის საბიუჯეტო გეგმის შესრულებაზე მსჯელობდნენ. დავის საგანად დაუფინანსებელი პენსიები და ხელფასები იქცა, რომელიც, თურმე, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სამთავრობო ბლოკის წინასაარჩევნო კამპანიას. საოცარია, მაგრამ ხელისუფლებას პენსიონერები და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, როგორც წესი, წინასაარჩევნოდ ახსენდებათ და ისიც იმიტომ, რომ მათ თავისი კამპანის მსვლელობისას რაიმე უხერხულობა არ შეექმნათ. მთავრობამ შეძლო და აპრილის შემდეგ დაუფინანსებელი პენსიების სახით 150 მილიონ ლარამდე დააგროვა, რის გამოც არჩევნების წინ ცინიკურად წუხს.

გაუცემელი ხელფასებისა და შემწეობების პრობლემა ჩამოყალიბებულ სენად იქცა საქართველოში, თუმცა მის დასაძლევად ხელისუფლება დეკლარაციების გარდა არც არაფერს ცდილობს და უფრო მეტიც - წარსული წლების საბიუჯეტო შეცდომების გათვალისწინების ნაცვლად, იგივეს იმეორებს და მომავალ საბიუჯეტო პარამეტრებსაც არარეალური ხარჯებით "ბერავს". სხვათა შორის მომავალი წლის ბიუჯეტის რეალურობაში დღეს უკვე სავალუტო ფონდსაც ეპარება ეჭვი, რაც დამატებიათი საბაბი გახლავთ იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციამ პროგრამის დაფინანსებაზე უარი გვითხრას. საოცარია, მაგრამ თუ წინა წლებში ხელისუფლება მოჩვენებით მზადყოფნას მაინც გამოხატავდა დონორ ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაში, ბოლო პერიოდში ეს ტენდენციაც აღარ შეიმჩნევა და როგორც შედეგი, დონორები საქართველოს საკუთარ პრობლემებთან პირისპირ ტოვებენ.

გასულ კვირაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თომას ადამსი უკვე ღიად ახმოვანებს იმ უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ, რის თაობაზეც შტატების ადმინისტრაცია აქამდე მხოლოდ დელიკატურ შენიშვნებს გამოთქვამდა. ანუ მოხდა ის, რაც ყველა ლოგიკით უნდა მომხდარიყო. ქვეყანა, რომელსაც თავისი შინაური საბიუჯეტო პრობლემებიც არ აკლია, გულუხვად გვეხმარებოდა ნებისმიერ სფეროში. ამერიკელთა დახმარებით საქართველოში დაიგეგმა არაერთი რეფორმა, თუმცა ამ რეფორმების დიდმა უმრავლესობამ ხილული შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო ასეულ მილიონობით ამერიკული დოლარი, რომელსაც ავანსად გასცემდა ამერიკული ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, უკვალოდ ჩაიკარგა ქართულ კორუფციულ აბლაბუდაში. სწორი მენეჯმენტის პირობებში ამერიკული დახმარების საერთო მოცულობის მეათედი ნაწილიც საკმარისი იქნებოდა ეკონომიკის ერთი სფეროს, თუნდაც ენერგეტიკის სრული რეაბილიტაციისათვის.

ადამსის განცხადებით, საქართველოს ამერიკული დახმარების იმედი უახლოეს მომავალში აღარ უნდა ჰქონდეს. არადა, აქამდე საქართველო ერთ სულ მოსახლეზე აშშ-ს მხრიდან დახმარების ოდენობით პირველ ადგილზე იყო, რასაც ხელისუფლება წარმატებით იყენებდა საკუთარი პოლიტიკის რეკლამირებისას. ამერიკის ადმინისტრაციის "განხიბვლა" და მატერიალური მხარდაჭერის შეწყვეტა, გარდა წმინდა ფინანსური ზარალისა, ქვეყნის რეპუტაციის სერიოზულ გაუარესებას გამოიწვევს, რაც ავტომატურად ნიშნავს სხვა დონორების ადექვატურ რეაქციას. ანუ მთავრობამ თავისი უგერგილობით საქართველოს არა მარტო გულუხვი პარტნიორის დახმარება მოაკლო, თავისი აქამდე არცთუ უმწიკვლო იმიჯიც საბოლოოდ შელახა.
XS
SM
MD
LG