Accessibility links

logo-print

გასული კვირის პრესა ისევ და ისევ საარჩევნო თემატიკაზე ამახვილებდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის პრესა ისევ და ისევ საარჩევნო თემატიკაზე ამახვილებდა მკითხველის ყურადღებას. 26 სექტემბრის გაზეთ "ახალი ეპოქის" ცნობით, ქართული არჩევნები უპრეცედენტო ყურადღების ცენტრშია.

მაგალითად, "არჩევნებს 400-მდე უცხოელი მეთვალყურე დაესწრება. მათგან რამდენიმე საკმაოდ კარგადაა ცნობილი არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის - გავრცელებული ცნობებით, არჩევნებზე გვესტუმრებიან ჯეიმზ ბეიკერი და სტროულ ტელბოტი", წერს " ახალი ეპოქა", რომლის აზრითაც, არჩევნებამდე 36 დღით ადრე რამდენიმე დასკვნის გაკეთება უკვე შეიძლება:

" ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასე თუ ისე, შეუდგა მუშაობას და იმედია, არ დაარღვევს ამ მცირე დროში გამოკვეთილ ტენდენციას და "იმელის" შენობიდან მხოლოდ მშვიდობიან ცნობებს მივიღებთ. წინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისე მიგვაჩვია გაწევ-გამოწევასა და სკანდალებს, მართლაც დიდი შეღავათია, ახალი კომისია უმუშტიკრივოდ რომ ახერხებს გადაწყვეტილებების მიღებას:
და ბოლოს - პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები, რომლებმაც კამპანიის ნახევარი გალიეს და ამომრჩეველთან "ყოველდღიური მუშაობის რეჟიმით" ცხოვრობენ, შეიძლება ითქვას , "უმსხვერპლოდ" ეპაექრებიან ერთმანეთს. რა თქმა უნდა, არჩევნების მოახლოების კვალობაზე დებატები უფრო გამძაფრდება, მაგრამ, ჩანს, მომავალი პარლამენტის კანდიდატები გრძნობენ, რომ მოწინააღმდეგეთა უხამსი კრიტიკა კი არ აამაღლებს, არამედ, პირიქით, დასცემს ყველასთვის ასე განსაკუთრებულად სალოლიავო ფაქტორს, რომელსაც მაგიური სიტყვა - რეიტინგი ჰქვია".


"ახალი ეპოქის" ეს პროგნოზი თუ კეთილი სურვილი არ გამართლდა - "საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე," "კიდევ რამდენი პოლიტიკოსი გაილახება არჩევნებამდე? ", "ბოლნისში ქვის ხანა დაიწყო", - ასეთი სათაურებით გამოეხმაურა ქართული პრესა პარასკევს ბოლნისის მისადგომებთან განვითარებულ მოვლენებს, როცა ქვემო ქართლისკენ მიმავალ "ნაციონალური მოძრაობის" მანქანების კოჰორტას წინ ადგილობრივი პოლიციის მიერ მოწყობილი ბარიკადები დახვდა. ფიზიკური ძალის გამოყენებისა და ქვების სროლისას ორივე მხარის წარმომადგენლები დაშავდნენ. ორივე მხარე მომხდარს პროვიკაციად აფასებს. შეიძლებოდა თუ არა ამ პროვოკაციის თავიდან აცილება - ამ კითხვაზე 27 სექტემბრის გაზეთი "24 საათი" წერს:


" და მაინც გუშინდელი სკანდალის თავიდან აცილება, ალბათ, შესაძლებელი იყო, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიციიის თანამშრომლები მიხეილ სააკაშვილს მიტინგს უპრობლემოდ გამართვის საშუალებას მისცემდნენ, მით უფრო, რომ ( თუკი თავად ადგილობრივ ხელმძღვანელობას ვენდობით) "ნაციონალების" რეიტინგი ქვემო ქართლში საკმაოდ დაბალია და მათ კანდიდატს ბოლნისის რაიონში - ჯემალ მურადხანოვს მხარს რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი თუ უჭერს.
გუშინდელი კონფლიქტი, ალბათ, უფრო სერიოზული მიზეზებით იყო გამოწვეული.
დავიწყოთ იმით, რომ არჩევნების წინ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და ექსგუბერნატორ ლევან მამალაძისთვის ბოლნისის რაიონი განსაკუთრებულ სტრატეგიულ დატვირთვას იძენს, რადგან სწორედ იქ იყრის კენჭს მამალაძე და არჩევნებში ასპროცენტიანი შედეგის ჩვენება სწორედ რომ პრესტიჟის საქმეა. მით უფრო, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სწორედ ქვემო ქართლის რაიონი მოჰყავს იმის გარანტიად, თუ რაოდენ ავტორიტეტულია ადგილობრივი ხელმძღვანელობა იქ მცხოვრები სხვადასხვა ერების წარმომადგენლებისთვის და რამდენად სცემენ პატივს ლევან მამალაძეს და, მისი სახით, სახელისუფლებო ბლოკს.
თანაც, გუშინ აზერბაიჯანელთა ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ლევან მამალაძის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ მტერს, მიხეილ სააკაშვილს, რითაც ნამდვილად დაიმსხვრა მითი იმის თაობაზე, რომ ქვემოქართლელი აზერბაიჯანელები ლევან მამალაძის გუნდს მთლიანად ემხრობიან და მისი მხურვალე გულშემატკივრები არიან.
და კიდევ - ისეთი პოლიტიკოსისთვის, როგორიც მამალაძეა, არცთუ რთული გასათვლელი უნდა ყოფილიყო, რას მოიმოქმედებდა სააკაშვილი ასეთი წინააღმდეგობის პირობებში. მას, ალბათ, ისიც კარგად უნდა სცოდნოდა, რომ ნაციონალთა ლიდერი უკან არ დაიხევდა და აგორებულ კონფლიქტს საკუთარი ნებით არ გაანელებდა. ამის მიუხედავად, მამალაძის მხარდამჭერები ვითარების გართულებას არ მოერიდნენ. ეს კი, მინიმუმ ორი დასკვნის საფუძველს იძლევა - ან ლევან მამალაძისთვის მეტისმეტად მტკივნეული აღმოჩნდა იმ მითის დამსხვრევა, რომლის თანახმად, იგი ბოლნისელთა ნომერ პირველი რჩეულია, ან იგი თავისი ქვეშევრდომების ასეთ თვითშემოქმედებას, უბრალოდ, არ ელოდებოდა".

როგორ გამოიყურება საარჩევნო სიები - ქართველი ჟურნალისტებისთვის ამ ეტაპზე ეს ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი თემაა. 23-24 სექტემბრის გაზეთ "ალიას" ცნობით, ამჯერად პარტიები გასული არჩევნების შეცდომების გამეორების თავიდან ასაცილებლად, პარტიული სიების დაკომპლექტებისას განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ. გაზეთ "ალიას" ვერსიით:

"სახელისუფლებო ბლოკს ისევ შევარდნაძე უხელმძღვანელებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდენტი არ გადამდგარა, ანუ საპარლამენტო არჩევნებში ის მონაწილეობას არ მიიღებს - პერზიდენტი მაინც ყველა საარჩევნო კლიპის მთვარი პერსონა იქნება. მის სიას ერთხელ წარუმატებლობისთვის გადაყენებული ვაჟა ლორთქიფანიძე ეყოლება სათავეში. მეორე ნომერიც წარუმატებელი პოლიტიკოსი - ირინა სარიშვილი იქნება. მას ასევე ხელმოცარული პოლიტფიგურა მოსდევს ვახტანგ რჩეულიშვილის სახით.
ოპოზიციაში ჯერ კიდევ ბჭობენ. თუმცა, ასე თუ ისე, ყველაფერი გარკვეულია. ნაციონალურ მოძრაობას გამწევ ძალად სააკაშვილი არ ეყოლება. ის საკრებულოდან არ წავიდა. ვინ ჩაუდგება სათავეში რევოლუციას? კლარა ცეტკინის როლს მაია ნადირაძეს მოარგებენ. სააკაშვილი მას ბურჯანაძის დასაბალანსებლად სჭირდება. რაც შეეხება დანარჩენებს, აქ ამბიციების მიხედვით თუ ვისმჯელებთ, მას ვანო მერაბიშვილი უნდა მოსდევდეს. შემდეგ - კობა დავითაშვილი ან კოტე კემულარიაა რიგში. თუმცა, დიდი მოლაპარაკებები მიდის გია მაისაშვილთან. თუ გახსოვთ, ის ამერიკიდან ჩამოიყვანეს და სააკაშვილმა ამაყად განაცხადა, რომ ის პარტიის ეკონომიკური "მოზგია." ის ჩამოვიდა, გვნახა და დაუყოვნებლივ გაიქცა უკან, ამერიკაში. ახლა ჩამოსვლაზე აღარ ფიქრობს. სააკაშვილი ჯერჯერობით აცხადებს, რომ ის ამერიკაში ეკონომიკური ჩიხიდან ჩვენს გამოსაყვანად წავიდა, პროგრამა უნდა დაწეროს, რომელსაც ნაციონალები ელექტრორატს დაუკონსპექტებენ. ჩვენი ინფორმაციით, ის არ თანხმდება დეპუტატობას, თუმცა, დათანხმდება, აუცილებლად სამეულში თუ მოხვდება. თუ მთლად მაია ნადირაძის ადგილი არ მოინდომა.
"ბურჯანაძე-დემოკრატებში" პირველობის საკითხი დიდი ხნის წინათ გადაწყვიტეს. პარლამენტის თავმჯდომარე ლიდერია. მეორე ნომერი პარლამენტის ექსთავმჯდომარე იქნება. მას გიგი წერეთელი ან ელდარ შენგელაია მოყვებიან. ერთი სიტყვით, დემოკრატების სახე უკვე აღიარებული ლიდერი ნინო ბურჯანაძეა, ნაციონალები ცდილობენ, ამ როლში მაისაშვილის წარმოდგენას. თუ დაითანხმეს".

26 სექტემბრის "მთავარი გაზეთი" აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანთან თედო ჯაფარიძესთან, რომელიც ამ დღეებში დაბრუნდა ვაშინგტონიდან. თედო ჯაფარიძეს თქმით, თეთრი სახლის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, საუბრების თემები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, აფხაზეთის კონფლიქტით დაწყებული, საპარლამენტო არჩევნების საკითხით დასრულებული. თედო ჯაფარიძემ "მთავარ გაზეთს" განუცხადა:

"სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტიჯმა პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ-ს უნდა, საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რათა იგი დაუახლოვდეს ისეთ ქვეყნებს, როგორცაა ჩეხეთი, პოლონეთი და ა.შ. ამერიკის მთვრობა არ აპირებს ღიად ჩაერთოს არჩევნების პროცესში და ვინმეს დაუჭიროს მხარი. მათთვის მთავარია არჩევნების დემოკრატიულად, სამართლიანად და შეუფერხებლად ჩატარება. საინტერესოა ისიც, რომ ყველა დეტალს განსაკუთრებულად აკვირდებიან. ამერიკის მთავრობა მიესალმება წინასაარჩევნო კონფრონტაციის, დაძაბულობის დაცხრომასა და დიალოგს ყველა პოლიტიკურ ძალას შორის, რათა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თანაბრად გადაინაწილოს პასუხისმგებლობა. ამერიკელებმა დადებითად შეაფასეს ვაჟა ლორთქიფანიძის გამოჩენა სამთავრობო ბლოკში. არც მეგონა, თუ ასე დეტალურად იცნობდნენ მის პიროვნებას. ისინი ამბობენ, რომ ლორთქიფანიძე დაბალანსებული პიროვნებაა, რომ აკვირდებიან, რა ნაბიჯებს გადადგამს და რამდენად შეძლებს მათ რეალიზებას. რაც შეეხება ბეიკერის გეგმას, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბეიკერი ჯორჯ ბუშის დავალებით ჩამოვიდა, ეს არის ბუშის გეგმა და არა - ბეიკერის".


" ვაშინგტონს საქართველოთი დაღლილობა სჭირს, თუმცა, ამერიკაში ჩვენდამი ნდობის კრედიტი ჯერ კიდევ არ ამოწურულა",- ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს არამასთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადების საფუძველზე წერს გაზეთი "24 საათი", რომლის ცნობითაც, ქართული დელეგაციის თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურში, პენტაგონსა და სენატში გამართული შეხვედრების მიზანი იყო ამერიკის ოფიციალური წრეებისთვის საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამასთანავე, ქართულ მხარეს აინტერესებდა ვაშინგტონის პოზიცია და, საბოლოო ჯამში, საერთო დამოკიდებულების ჩამოყალიბება, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რათა საქართველოში საარჩევნო კამპანია დემოკრატიულად წარიმართოს. გაზეთი " 24 საათი" წერს:

"მშვიდობისა, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელის გია ნოდიას თქმით, მათ ამერიკელ პარტნიორებს აუწყეს, რომ დღეს საქართველოში ყველაზე სახიფათო ტენდენციაა ხელისუფლების მიერ ოპოზიციის, თავისუფალი პრესისა და დამოუკიდებელი მოსამართლეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. გია ნოდიას ინფორმაცით, ვაშინგტონის ოფიციალურ წრეებში განაცხადეს, რომ მათ უკვე "საქართველოთი დაღლილობა" სჭირთ: ამ ქვეყანაში სულ კრიზისი და კატასტროფებია, ქართველები სულ დახმარებასა და შველას ითხოვენ, თავად კი არაფრის გამკეთებლები არიან. 90-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველო მოდური ქვეყანა იყო, აქ რეფორმები ტარდებოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა", - მიუხედავად ამერიკელების ამგვარი დასკვნისა, როგორც ბატონო ნოდია გვამშვიდებს, ვაშინგტონს ჯერ კიდევ შემორჩა ჩვენი ქვეყნის იმედი.
ამავე აზრს იზიარებს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიგა ბოკერია. ბოკერიას ვარაუდით, ვაშინგტონის ყურადღება საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებისადმი ოდნავადავ არ მოდუნდება თუნდაც იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ჩვენში დემოკრატია და სტაბილურობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენლის - კახა ლომაიას ინფორმაციით, არჩევნების დღეს საქართველოს ეწვევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის ხელმძრვანელობით. ასევე, დადეგმილია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიზიტი სენატორ მაკკეინის მეთაურობით. ამერიკის ოთხი სენატორი - ბრაუნბეკი, ბაიდენი, ალენი და მაკკეინი 2 ნოემბრის არჩევნების შესახებ სენატში სპეციალური განცხადების გაკეთებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG