Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იხსენებენ აფხაზეთის ომს მისი მონაწილეები


27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან 10 წელი გავიდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამხედრო მარცხის მიუხედავად, ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს საქართველოს ყველა კუთხეში ხაზგასმით იხსენებენ, პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას, ხოტბას ასხამენ ცოცხლად დარჩენილებს, რომელთაც კიდევ ერთხელ ჰპირდება ხელისუფლება, რომ აფხაზეთი უსათუოდ დაუბრუნდება საქართველოს. თუმცა, თაობისთვის, რომელმაც ეს ომი ნახა, მორიგი თარიღი მხოლოდ ჩვეულებრივი, არაფრისმთქმელი დღეა, რადგან ომი და მასთან დაკავშირებული მოგონებები ამ თაობის წარმომადგენელთა მთელი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
გაგაცნობთ ამ ომის ორი განსხვავებული ბედისწერის მონაწილეს.

შალვა მინდიაშვილი 19 წლის იყო, როდესაც "შავნაბადას" სახელით ცნობილ ბატალიონში მოხალისედ ჩაირიცხა და აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ღებულობდა მონაწილეობას. იგი ამჟამად უკვე ოფიცერია და ამერიკული პროგრამით გაწვრთნილ ერთ-ერთ ასეულს ხელმძღავნელობს. ახალგაზრდა ოფიცერი ერთგვარი პათოსით იხსენებს 10 წლის წინ გადახდილი ერთი ბრძოლის ეპიზოდს და იმასაც კი ამბობს, რომ ომი თურმე ძალიან აზარტული საქმიანობა ყოფილა.

შალვა მინდიაშვილის მსგავსად, არანაკლები აზარტითა და შემართებით ჩაება ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში 10 წლის წინ თბილისელი თემურ სირაძე, რომელიც იმხანად მხოლოდ 17 წლის იყო. თუმცა, მას საკმაოდ მძიმე ხვედრი არგუნა ბედმა. სოხუმის დაცემამდე სამი თვით ადრე, საბრძოლო დავალებაზე წასული რაზმი, რომელშიც თემურ სირაძეც შედიოდა, აფახზურმა სადივერსიო ჯგუფმა ალყაში მოაქცია. შეტაკების დროს 21 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ყუმბარის აფეთქების შედეგად კონტუზირებული თემურ სირაძე კი მოწინააღდგემ დაატყვევა.

აი, როგორ იგონებს 10 წლის წინ თავისი დატყვევების ისტორიას თემურ სირაძე:
[თემურ სირაძის ხმა] "მინდა ვთქვა, რომ ათი წლის თავზეც - და არა მგონია, ამას როდისმე დასასრული ჰქონდეს - მე ყოველდღე ამ ცხოვრებით ვცხოვრობ. მე გახლდით მძღოლ-მექანიკოსი. მიზეზი - საბოლოოდ, არაფრის მომცემი - იყო სამხედრო მანქანის ნაწილი, ამ მიზეზის გამო მოხდა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადასვლა. შემდგომ აღმოვჩნდით ალყაში და ხელჩართული ბრძოლის პროცესში მოხდა ჩემი ტყვედ აყვანა. გადამიყვანეს კერძო სახლში მოწყობილ შტაბში, სადაც დაახლოებით დღე-ნახევარი დამაყოვნეს. ეს ისევ კინდღში ხდება. ამის შემდეგ გადამიყვანეს სოფელ ჯგერდაში, აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გახლდით კონოთეატრის სალაროში დამწყვდეული, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რიკულებიან სალაროში, სრული ერთი დღის განმავლობაში. შემდეგ გადამიყვანეს ტყვარჩელის ეგრეთ წოდებულ ციხეში, სადაც დამაყოვნეს, დაახლოებით, 40 დღე და ამის შემდეგ, ვითომცდა გაცვლის მოტივით, წამიყვანეს სოფელ ათარა არმიანსკაიაში. ეს გაცვლა არ შედგა რაღაც მიზეზების გამო".

ამ მიზეზებზე, რომელთა გამოც მისი ტყვეობა კიდევ ერთ თვეს გაგრძელდა, თემურ სირაძეს არ უყვარს საუბარი. იგი მხოლოდ იმას იხსენებს, რომ აფხაზებთან რადიოკავშირზე გამოსულმა ერთ-ერთმა ქართველმა საველე მეთაურმა უარი თქვა, 17 წლის მებრძოლის სანაცვლოდ, მის ტყვეობაში მყოფი გამოცდილი აფხაზი მებრძოლი დაეთმო. თუმცა, არანაკლები იმედგაცრუება თემურს ტყვეობის შემდეგ ელოდა.

[თემურ სირაძის ხმა] "მე მახსენდება დუმბაძის ვანიჩკა ბიძია, როდესაც თავის ტყვეობის პერიოდს იხსენებს და მაშინ მიაჩნდა მას, რომ ბრინჯის ფაფას მაჭმევენ, ამ დამსახურებას დამიფასებენ, მიუხედავად ტყვეობისა... მოხდა საპირიპირო რამ: რახან ტყვედ ხარ ნამყოფი, იარლიყი გადევს, რომ ყველაფერზე წამსვლელი ხარ. არ ვიცი, მე, უბრალოდ, ვგრძნობდი ამას, პირში არავის ჩემთვის ეს არ უთქვამს. ვგრძნობდი გამჭოლ მზერას, დამაფიქრებელ გამოხედვას მათი მხრიდან, რაღაც ნიშნის მოგებას, რაღაც ზევიდან ყურების ეტაპი იყო ჩემთვის. მე დღესაც ამ ტვირთით ვცხოვრობ და ვიცხოვრებ კიდევაც, რადგან შეუძლებელია ამის დავიწყება".

მაგრამ ასეთი ტვირთვის შემსუბუქებისთვის საქართველოში ახლა ძალზე არახელსაყრელი პერიოდია. სოხუმის დაცემიდან 10 წლის შემდეგ საქართველო არჩევნების მოლოდინით ცხოვრობს, მოდაშია მასობრივი პატრიოტიზმი, სოხუმის დაბრუნებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მგზნებარე დაპირებები. ზუსტად ისე, როგორც ეს ამ ათი წლის წინ ხდებოდა, როდესაც ათასობით სამხედრო სისხლს ღვრიდა პოლიტიკოსების შეცდომების გამო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG