Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მიიღო რუსეთმა სამ თვეში ის, რასაც ათი წლის განმავლობაში ითხოვდა


მიმდინარე კვირის ორშაბათს გაზეთმა "24 საათი" გამოაქვეყნა პაატა ვეშაპიძის წერილი: "იყიდება საქართველოს სუვერენიტეტი". სტატიაში საუბარია რუსეთისა და საქართველოს პოლიტენერგეტიკულ კავშირებზე.

როდის დაიწყო ის პროცესი, რომელიც დღეს ქვეყნის სუვერენიტეტის გაყიდვად ფასდება? ჩვენ შევეცდებით პასუხი გავცეთ ამ კითხვას.

საქართველოს მოსახლეობამ ძალიან მცირე ინტერვალებით შეიტყო ხელისუფლების მიერ "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების შესახებ; ამერიკული "ეი-ი-ეს"-ის ნაცვლად ქვეყანაში რუსული "რაო ეეს"-ის შემოსვლის შესახებ; აფხაზეთში რუსი სამშვიდობო ჯარებისთვის უვადო მანდატის მინიჭების შესახებ; რუსეთის მხრიდან ტელეკომუნიკაციების დაპატრონების აქტიური მცდელობის შესახებ. თითქოს, ისე მოხდა, რომ ღამით ჩვენს სამშობლოში დავიძინეთ და დილით სხვის სამშობლოში გამოვიღვიძეთ. საზოგადოება, პოლიტიკოსები, პრესა და არასამთავრობო სექტორი ერთნაირად გააოგნა რუსეთის ასეთმა მძლავრმა და მოულოდნელმა შემოჭრამ საქართველოში. პროცესი შეფასდა, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა ხელისუფლების ღალატის შედეგად.

"როგორ და რატომ მოხდა, რომ რუსეთმა სულ რაღაც სამიოდ თვეში საქართველოსგან მიიღო თითქმის ყველაფერი, რასაც ათი წლის განმავლობაში ითხოვდა, მაგრამ ვერ იღებდა?" - ამ შეკითხვას პაატა ვეშაპიძე სვამს გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნებულ წერილში. შეკითხვა ლოგიკურია, ისევე, როგორც პასუხი: "პოლიტიკურად და მატერიალურად აბსოლუტურად გაკოტრებულ საქართველოს ხელისუფლებას, რომლის ნდობის რესურსი კატასტროფული სისწრაფით მიექანება ნულისკენ, არსებობის გახანგრძლივებისთვის ერთადერთი საფასურის გადახდაღა შეუძლია - ეს გახლავთ ქვეყნის სუვერენიტეტი. ამ საფასურის მიმღებიც ერთადერთია - რუსეთი".

მომავალი წელიწადნახევრის განმავლობაში საბოლოოდ გაირკვევა, რამდენად შეძლებს ამჟამინდელი ხელისუფლება არსებობის გახანგრძლივებას ახალ პოლიტიკურ რეალობაში. ოღონდ, იმის თქმა დაბეჯითებით შეიძლება, რომ ეს ახალი რეალობა ბოლო ორ-სამ თვეში არ მომწიფებულა.

1998 წლის ზაფხულიდან 2001 წლის ზაფხულამდე, ზუსტად სამი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებაში ნახევრად ფარული ომი მიმდინარეობდა ედუარდ შევარდნაძის მისამხრობად. ერთ მხარეს "რეფორმატორებად" წოდებული მცირერიცხოვანი გუნდი იდგა, მეორე მხარეს - გავლენიან ჩინოვნიკთა მრავალრიცხოვანი ბანაკი. რეფორმატორების უცვლელი ლიდერი ზურაბ ჟვანია იყო, ჩინოვნიკების ბანაკი კი ლიდერებს პერიოდულად იცვლიდა: საჯაია, ლორთქიფანიძე, თარგამაძე. ეს ფაქტი ქმნიდა ილუზიას, თითქოს, პრეზიდენტი მიზანმიმართულად აძლიერებდა ახალგაზრდა პოლიტიკოსების პოზიციებს.

როდესაც თანამდებობიდან ერთდროულად გადადგნენ კახა თარგამაძე და ზურაბ ჟვანია, საზოგადოებას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ორმხრივი დათმობის ფონზე მაინც პოლიტიკოსებმა გაიმარჯვეს. ამ მორიგ ილუზიას კვებავდა ფაქტი, რომ ჩინოვნიკთა ბანაკის ძველი და ახალი ლიდერები ასპარეზზე თითქმის არ ჩანდნენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ ოპოზიციაში გადასვლისთანავე საკუთარი პარტიები შექმნეს.

ხელისუფლება სიცარიელეს ვერ იტანს და ორივე მხარის მიერ გამოთავისუფლებული სივრცე მალე ახალმა სახეებმა შეავსეს. ცვლილებების მთავარი კანონზომიერება ის იყო, რომ ძლიერი ფიგურების ნაცვლად ედუარდ შევარდნაძემ ირგვლივ სუსტი გუნდი შემოიკრიბა. პრეზიდენტი ჟვანიას და თარგამაძის ორმხრივი წნეხისგან გათავისუფლდა და ერთბაშად გაძლიერდა, სამაგიეროდ, ასევე ერთბაშად დასუსტდა როგორც მთავრობა, აგრეთვე - პარლამენტი. ერთადერთი პიროვნება, რომელმაც ზოგადი ტენდენცია დაარღვია, პარლამენტის ახალი თავმჯდომარე აღმოჩნდა. თავიდან ნინო ბურჯანაძეც საკმაოდ სუსტ ფიგურად იყო შეფასებული, მაგრამ იგი ნელ-ნელა გაძლიერდა და, გაძლიერების კვალდაკვალ, მთავრობას და პირადად პრეზიდენტსაც მკვეთრად გაემიჯნა.

ხელისუფლებაში კი დარჩა ედუარდ შევარდნაძე, ეკლექტური და ჩინოვნიკური გუნდით გარემოცული. ამ სივრცეში პრეზიდენტი გახდა ერთადერთი კანონმდებელი. სახელმწიფოს ბედი, საგარეო ორიენტაცია და პოლიტიკური კურსი მთლიანად და ერთპიროვნულად მის ხელში აღმოჩნდა. ამიტომაც გახდა შესაძლებელი, რომ ხელისუფლებას სამ თვეში მიეღო ის გადაწყვეტილებები, რომელთა მიღება შეუძლებლად იყო მიჩნეული წინა ათი წლის განმავლობაში.

ასე რომ, თუ პოლიტიკურ პროცესს გავადევნებთ თვალს, ადვილად დავინახავთ, როდიდან გაჩნდა საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის რეალური საფრთხე. ქვეყნის უსაფრთხოების შემლახავი ჩინოვნიკური გადაწყვეტილებები, სინამდვილეში, ლოგიკური დასასრულია იმ პროცესისა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას გადადგომით დაიწყო. მაშინ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ერთმნიშვნელოვნად მოიწონა ახალგაზრდა პოლიტიკოსების გადაწყვეტილება ხელისუფლების დატოვების შესახებ. დღეს კი ცხადია, რომ ედუარდ შევარდნაძემ კარგა ხნის წინ მოიმზადა ნიადაგი საჭიროების შემთხვევაში ერთადერთი რეალური განძის - სახელმწიფოს სუვერენიტეტის გასაყიდად.
XS
SM
MD
LG