Accessibility links

logo-print

თეთრ სახლს უხერხულ შეკითხვებს უსვამენ ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ


მომავალ კვირაში გამოქვეყნდება ერაყის განიარაღების მთავარი ამერიკელი ინსპექტორის ანგარიში. მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, წინასწარი მოლოდინის საპირისპიროდ მასში არ იქნება იმის კონკრეტული საბუთი,

რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი მოეპოვებოდა. ამ ფონზე თეთრი სახლი ცდილობს ანგარიშის მნიშვნელობა დააკნინოს.

სამი კვირის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინი პაუელი სატელევიზიო მიმართვაში არწმუნებდა ამერიკელებს, რომ ერაყში უაცილებლად იპოვიან მასობრივი განადგურების იარაღს - მთავარ მიზეზს, რის გამოც ვაშინგტონმა ბაღდადის წინააღმდეგ ომი დაიწყო. მისი თქმით, განიარაღების მთავარი ინსპექტორის, დევიდ კეის ანგარიში ნათელს გახდის, რომ ასეთი იარაღი არსებობს და არსებობდა და ასევე ასრებობდა მისი განვითარების პროგრამები.

მაგრამ ამ გამოსვლიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ბუშის ადმინისტრაციამ აღიარა, რომ კეის ანგარიშში არ იქნება იმის კონკრეტული მტიცებულება, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი მოეპოვებოდა.

ცხადია, ეს სერიოზული დარტყმა უნდა იყოს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის, რომლის პოპულარობა, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, საგრძნობლად დაეცა. ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების წინ იგი ამბობდა, რომ სადამი კვლავაც ფლობს ყველაზე გამანადგურებელ იარაღს.

კეიმ თავისი გამოკვლევის შედეგები უნდა წარუდგინოს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს ჯორჯ ტენეტს. მაგრამ ჯერჯერობის არ არის ნათელი, ანგარიშის რა ნაწილი გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

პენტაგონის მაღალი რანგის თანამშრომელთა თქმით, კეის ანგარიშში შესაძლოა საუბარი იყოს იმაზე, რომ ერაყი ემზადებოდა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის. მაგრამ არ არის ნათელი, არსებობს თუ არა იმის მტკიცებულება, რომ მას ეს იარაღი ოდესმე შეექმნას.

ამასობაში ბუშის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში ახალი უხერხულობის წინაშე აღმოჩნდა. 2001 წლის თებერვალში პაუელმა ქაიროში განაცხადა, რომ ერაყს არ მოეპოვება მასობრივი განადგურების იარაღი და არ წარმოადგენს მეზობლებისთვის საფრთხეს. მისი ეს განცხადება მას ამ დღეებში შეახსენეს ჟურნალისტებმა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ბუშიც იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის სტრატეგია შეიცვალა.

[ბუშის ხმა] "11 სექტემბრემა შეცვალა ჩემი გათვლები. მან ნათელი გახადა, რომ საფრთხეს უნდა გავუმკლავდეთ მანამდე, სანამ ის ჩვენს ნაპირებს მოაღწევს. დიდი დროის მანძილზე გვეგონა, რომ ოკეანეები ხიფათისგან დაგვიცავდა. 11 სექტემბერი მწარე გაკვეთილი იყო. ამ ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საფრთხე აღმოვაჩინოთ და გავუმკლავდეთ მას, სანამ ის მატერიალიზაციას მოახერხებს."

ბუშისთვის საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მისი პოპულარობა იკლებს და ამჟამად ყველაზე დაბალ დონეზეა პრეზიდენტად მისი არჩევის შემდეგ.

ახლა, როცა თეთრ სახლს 87 მილიარდი დოლარი ესაჭიროება ერაყის აღსადგენად, ოპონენტებს უფრო იოლად შეეძლებათ იერიშის მიტანა ბუშზე, რომლის პოზიცია აქამდე სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იყო ყველაზე უფრო ძლიერი.

ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე საკმაოდ არასახარბიელო როლში აღმოჩნდა თეთრი სახლის წარმომადგენელი სკოტ მაკკლენანი. ჟურნალისტების მტკიცებაზე, რომ შეერთებული შტატები ერაყის ომის შემდეგ შეიძლება კიდევ უფრო ნაკლებ უსაფრთხო იყოს, მან მხოლოდ იმის თქმა მოახერხა, რომ სადამის და მისი მასობრივი განადგურების იარაღის პოვნა დროის საქმეა.
XS
SM
MD
LG