Accessibility links

logo-print

როგორ ხვდება კოდორის ხეობა სოხუმის დაცემის 10 წლისთავს


სოხუმში ეგრეთ წოდებული "დამოუკიდებლობის დღის" აღნიშვნისთვის ემზადებიან. საზეიმო ცერემონიალის გამართვა 30 სექტემბრისთვის იგეგმება. ეს ის დღეა, როდესაც აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის

მთელს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონტროლი დაამყარეს კოდორის ხეობის გარდა. მას შემდეგ კოდორის ხეობა მედგარ წინააღმდეგობას უწევს სეპარატისტთა უთვალავ მცდელობას ხელში ჩაიგდოს აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველებით დასახლებული ის ერთადერთი ტერიტორია სადაც თბილისის იურისდიქცია დღემდე ვრცელდება.

[ლილე]

სვანებით დასახლებული კოდორის ხეობა აფხაზეთის ტერიტორიიის ის მცირე ნაგლეჯია, რომელიც სოხუმის ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღის სრულფასოვნად აღნიშვნის საშუალებას წლების მანძილზე არ აძლევს. როგორც სამხედრო ასე პოლიტიკურად სტრატეგიული ეს ხეობა ერთი შეხედვით ოფიციალური თბილისის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არა არის.

არჩევნებს გადაყოლილი საქართველოს ხელისუფლებას არათუ პრიორიტეტებისთვის არ სცალია, არამედ კოდორის ხეობის ელემენტარული უზრუნველყოფაც აღარ ახსოვს. ხეობაში რომელიც ზამთრის პერიოდში მთლიანად მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს ჯერაც არ დაუწყიათ სურსათისა და გამოსაზამთრებლად საჭირო სხვა პირველადი მოხმარების პროდუქციიის შეტანა. კოდორის ხეობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ნორა კვიციანს იმედია აქვს რომ სურსათით მომარაგება უახლოეს დღეებში დაიწყება.

[ნორა კვიციანის ხმა] "შარშან ამ დროს ჩვენთან უკვე დარიგებული იყო სურსათი. წელს კი ძალიან დაგვიანებულია, არ ვიცი ახლა როგორ მოასწრებენ ამ შემოზიდვებს, ერთი თვე და მერე უკვე იკეტება პერევალი."

დახმარება რომელსაც კოდორში დარჩენილი ქართველები მოელიან სულაც არ არის საკმარისი სრულფასოვნად გამოსაზამთრებლად. ჩხალთის საშუალო სკოლის მასწავლებლის ნანული გურჩიანის თქმით თუ ცენტრალური ხელისუფლება დაგვიანებით მაგრამ სურსათით დახმარებას მაინც ახერხებს მთავრობაში არავის ახსოვს ზამთრისთვის სკოლების გათბობის უზრუნველყოფა.

[ნანული გურჩიანის ხმა] "სკოლაში გათბობაზე ფულს არავინ არ გვიყოფს. ჩვენ თვითონ მასწავლებლებმა და მშობლებმა შევაგროვეთ ფული და ვათბობთ სკოლას."

ახალა თბილისში ბევრს ლაპარაკობენ ენგურჰესის ჰიდრო რესურსების ეკონომიურად გამოყენების შესახებ, თუმცა აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიეწოდება გარანტირებული უწყვეტი ელექტროენერგია. აფხაზეთის შემადგენელ ნაწილში, კოდორის ხეობაში კი დენი მუდმივად არ არის. საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ვერც დენის მიწოდების მოწესრიგება მოახერხა. კოდორის ხეობის მოსახლეობას ისღა დარჩენია საკუთარი სახსრებით შეიძინოს ძვირადღირებული მცირე ჰიდროელექტრო სადგურები. ნორა კვიციანი ბიზნესმენებს დახმარებისკენ მოუწოდებს.

[ნორა კვიციანის ხმა] "რომელიც გვინდა ჩვენ რომ გავაკეთოთ მიკროჰესი, თბილისში აკეთებენ, მაგრამ 5 ათასი ჯდება მხოლოდ ის ჰესი. შემოტანა და დამონტაჟება კიდევ 15 ათასი. ძალიან დიდი თანხაა, თუ ვინმე გაგვიწევს დახმარებას ნახევარიც რომ გადმოგვირიცხოს ეს დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის."



დახმარების მოლოდინში მყოფი კოდორის ხეობა თითქმის აღარავის ახსოვს. არც აფხაზეთის დევნილ მთავრობას რომელსაც აფხაზეთის დასაბრუნებლად ხეობა ფორპოსტად უნდა გადაექცია, ახლა ხეობის მასწავლებელთა ზაფხულის თვის ხელფასებიც კი არ აქვს გასტუმრებული. ნანული გურჩიანის თქმით არც პოლიტიკურ პარტიები იჩენენ დიდ ინტერესს კოდორის ხეობის მიმართ, პარტიები რომლებიც დანარჩენ საქართველოში ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად ერთმანეთს ქვას და ტყვიას ესვრიან.

[ნანული გურჩიანის ხმა] "არჩევნები ჩვენგან შორს არის არავინ არ გვაწუხებს ამის შესახებ. არა არა არცერთი პარტია არ ჩამოსულა, არც ერთ პარტიას არ შევუწუხებივართ და არავითარ აგიტაცია პროპაგანდას არ ეწევა აქ. ჩვენ საერთოდ ისიც არ ვიცით თუ გვექნება უფლება ამ არჩევნებში მონაწილეობის."

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG