Accessibility links

logo-print

რას ელოდა რა მიიღო საქართველომ კემპ-დევიდის შეხვედრიდან?


შეხვედრას, რომელიც კემპ-დევიდში შედგა და რომელსაც ჯორჯ ბუშმა შესანიშნავი უწოდა, ორშაბათს ედუარდ შევარდნაძე გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და

რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე აფხაზეთის კონფლიქტის თემას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. შევარდნაძე განმარტავს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მან სანდო წყაროსგან მიიღო, ბუშის და პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეს-კომუნიკეში კი საქართველოს და აფხაზეთის თემა გაკვრით არის ნახსენები.
რას ელოდა და რა მიიღო საქართველომ კემპ-დევიდის შეხვედრიდან?

კემპ-დევიდის შეხვედრამდე ორიოდე თვით ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს თემა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა. ოფიციალურ თბილისს ასეთი ვარაუდი უშუალოდ შეხვედრის წინ აღარ გამოუთქვამს. კემპ-დევიდის შეხვედრის წინა დღეებში გავრცელებულმა ცნობამ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამცირებს საქართველოს დახმარებას, ამ ქვეყნის ხელისუფლებისთვის უნდა დაენახვებინა, რომ ძლიერი მეგობრის მხარდაჭერის შენარჩუნებისთვის, იმაზე მეტია საჭირო, ვიდრე ის აკეთებს. მაგრამ დავუბრუნდეთ კემპ-დევიდის შეხვედრას, რომელზეც ედუარდ შევარდნაძის თქმით, აფხაზეთის საკითხს მნიშვნელოვანი ყურადღება დათმობია. რამდენად იყო ეს ასე, ამის გასარკვევად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს რევაზ ადამიას დავუკავშირდით. მას არ ჰქონდა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ადგილი დაიკავა ბუშის და პუტინის შეხვედრაზე საქართველოს თემამ.

[რევაზ ადამიას ხმა] "კულუარებიდან რაც ვიცით, გარკვეული საუბარი იყო. თუმცა, დეტალური განხილვა ჩვენი პრობლემიტიკისა უმაღლეს დონეზე არ ყოფილა. ეს მოხდა მეორე ეშელონების დონზე. იყო თუ არა რაიმე შეთანხმება ამის შესახებ, ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, თუმცა საქართველოს თემაზე საუბარი იყო".

"ბატონო რეზო, აქ გავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ბუშის და პუტინის შეხვედრის წინ თქვენ გქონდათ ხანმოკლე საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. რა შინაარსის იყო ეს საუბარი?"

[რევაზ ადამიას ხმა] "დიახ, ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეეფერება. ჯორჯ ბუში იყო ჩამოსული ნიუ-ირკში, სადაც ჰქონდა გამოსვლა და ამ გამოსვლის შემდეგ გამართულ მიღებაზე მომეცა საშუალება რამდენიმე წუთით გავსაუბრებოდი მას. ბატონ ბუშს გადავეცი ედუარდ შევარდნაძის მოკითხვა და მისი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ კემპ- დევიდის შეხვედრაზე იქნებოდა საუბარი საქართველოზე".

როგორც რევაზ ადამია ამბობს, მასთან საუბრისას ჯორჯ ბუშმა მოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი და მოიკითხა მდგომარეობა საქართველოში. თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდითაა და საქართველოს პრობლემებს არ ივიწყებს. ჯორჯ ბუშმა კმაყოფილება გამოთქვა პანკისის ოპერაციით მიღწეული წარმატებების გამო და შენიშნა, რომ ეს წარმატება გაუდვილებს პუტინთან საქართველოს თემაზე საუბარს.

რა მოხდა ამის შემდეგ, ამის შესახებ ოფიციალური თბილისი დეტალურ ინფორმციას არ ფლობს, კემპ-დევიდის შეხვედრის კომუნიკეში კი საქართველო და მისი პრობლემები გაკვრით, განზოგადებულად არის ნახსენები.
ამ კვირაში შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ჩავა. ის გაეროს ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას და, როგორც რევაზ ადამია შენიშნავს, ამჯერად საქართველოს და აფხაზეთის საკითხზე მსჯელობა მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
XS
SM
MD
LG