Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიური ოთხეულის მორიგი შეხვედრა მოსკოვში


დღეს მოსკოვში მუშაობას იწყებს "კავკასიური ოთხეულის" შეხვედრა, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის საკანონმდებლო ორგანოთა პირველი პირები მიიღებენ მონაწილეობას.

მიმდინარე შეხვედრის ძირითადი და ამასთანავე ტრადიციული თემა კავკასიაში არსებული რეგიონული პრობლემები და კონფლიქტები იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ რიგის დიალოგებიდან რადიკალურ შედეგებს არავინ ელის, "კავკასიური ოთხეულის" რეგულარული შეხვედრები რეგიონისთვის მაინც მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება.

სამხრეთი კავკასიის რესპუბლიკების საპარლამენტო ოთხეულის ტრადიციული შეხვედრები საკმაოდ ინდივიდუალური პროგრამით მიმდინარეობს და მისი აფიშირება წინასწარ იშვიათად ხდება. ამის მიუხედავად, ზოგადი თემები უცვლელია - სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობა, კოორდინაცია და, რა თქმა უნდა, რუსეთის როლი ამ ურთიერთობებში, - განსაკუთრებით იმ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ექსპანსიის პირობებში, რომელსაც რუსეთი ამჟღავნებს რეგიონისა და კონკრეტულად საქართველოს მიმართ. როგორც ცნობილია, 27 სექტემბრის საღამოს საქართველო-რუსეთის საჰაერო საზღვარი კიდევ ერთხელ დაირღვა: რუსული თვითმფრინავი ახმეტის რაიონის სოფელ ომალოს მხრიდან შემოფრინდა, გირევის საგუშაგოს გავლით სოფელ ქებულამდე მიაღწია და უკან გაბრუნდა. მართალია, რუსული მხარე მომხდარს კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ სამხედრო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში 8 კილომეტრის სიმაღლეზე 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ოთხეულის დიალოგის წინასწარ თემებს, სავარაუდოდ, ეს საკითხიც დაემატება. საერთოდ კი საქართველოს, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეთა 30 სექტემბრის შეხვედრას ახასიათებს კიდევ ერთი გამორჩეული თავისებურება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიგი წერეთელი შენიშნავს:

[გიგი წერეთელის ხმა] "ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა არჩევნების წინ. საქართველოშიც არჩევნებია, სხვა რესპუბლიკებშიც, სხვა ქვეყნებშიც არის არჩევნები. აი, ამ ოთხ ქვეყანაზე გვაქვს საუბარი და, როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში იგივე რუსეთიც, მაგალითად, შეეცდება გარკვეულ პოლიტიკურ ძალებზე დაყრდნობით რაღაც როლი ითამაშოს, არცთუ, ალბათ, პოზიტიური საქართველოში. ამიტომ, ჩემი აზრით, ნინო ბურჯანაძე სწორედ ამ საკითხებს შეეხება".

ნინო ბურჯანაძე ასევე შეეხება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხებს და დევნილთა დაბრუნების პრობლემას. მართალია, აფხაზური მხარის მონაცემებით, გალში ამ დროისათვის 70 000 ქართველი ცხოვრობს, მაგრამ ქართული წყარო საპირისპიროს ამტკიცებს. გალის რაიონის ძველ საზღვრებში სულ 45 000 ადამიანი ცხოვრობს.

[გიგი წერეთლის ხმა] "ბატონი მირონოვი, რომელიც ყოველთვის იღებს ხოლმე მონაწილეობას - ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელი რუსეთის მხრიდან, - ის საკმაოდ საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილია და ერთადერთი, რასაც ვფიქრობთ ხოლმე, მას შედარებით ნორმალური პოზიცია აქვს, განსხვავებით სხვა ზოგიერთი მისი კოლეგისაგან. ამიტომაც ძალიან კარგია, როცა ასეთი შეხვედრები არის. მართალია, შედეგები ყოველთვის მოკრძალებულია, მაგრამ, რა ვიცი, პერსპექტივებისთვის ისევ შეხვედრები ჯობია".
XS
SM
MD
LG