Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა განსხვავებაა მრეწველებსა და მეწარმეებს შორის


დავით პაიჭაძე, თბილისი 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს ორი პარტია, რომლებიც თითქმის ერთსა და იმავე ნიშას იკავებენ. ისინი კონკურენტები იყვნენ ადგილობრივ არჩევნებში, კონკურენტები არიან ახლაც.

საპარლამენტო არჩევნების წინ ჰქონდათ კონსულტაციები, მაგრამ ერთ ბლოკად გაერთიანება ვერ მოახერხეს. ერთი მათგანის - "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ცნობილი წევრი, ზურაბ ტყემალაძე, პარლამენტში შესვლის შემდეგ ერთიანი ფრაქციის შექმნასაც არ გამორიცხავს. მეორე პარტიის - "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი ასეთ შესაძლებლობაზე არ ლაპარაკობს. რით ჰგვანან და რით განსხვავდებიან პოლიტიკაში მისული შედარებით ძველი თაობის მრეწველები და ახალი თაობის მეწარმეები ერთმანეთისაგან?
ხსენებულ პოლიტიკოსებთან საუბრისას ჩვენ ამ სხვაობის პოვნას შევეცადეთ.

პირველი, რაც "ახალ მემარჯვენეებსა" და "მრეწველებს" ამსგავსებს, მათი ლიდერების პოლიტიკური გენეალოგიაა, აგრეთვე პრეტენზია, რომ ისინი წარმოადგენენ ბიზნესის ინტერესებს პოლიტიკაში. შესაძლოა, უფრო საინტერესო იყოს განსხვავება, რაც არ ვლინდება მხოლოდ ლიდერთა ასაკში. მემარჯვენეთა ლიდერის, დავით გამყრელიძისათვის შებრკოლების ლოდი მსოფლმხედველობრივი დაახლოებისას ხელისუფლების მიმართ "მრეწველების" ლოიალობა აღმოჩნდა.

[გამყრელიძის ხმა] "ყველაზე დიდი ბარიერი აღმოჩნდა ხელისუფლებასთან დამოკიდებულება. ჩვენ დღეს მკვეთრ ოპოზიციაში ვიმყოფებით ხელისუფლებასთან, რაც, ეტყობა, სახიფათო ფაქტორია მრეწველთა პარტიისათვის. ურთიერთობა, რომელიც ხელისუფლებასთან ჩამოუყალიბდათ, თანამშრომლობა მთავრობასთან იმავე ბიუჯეტისა თუ სხვადასხვა კანონის მიღების დროს, ჩანს, მრეწველებმა ძალიან სასარგებლოდ და მიმზიდველად მიიჩნიეს".

"მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ მისი პარტია სულაც არ არის ხელისუფლებასთან დაახლოებული:

[ტყემალაძის ხმა] "როგორ შეიძლება ჩვენი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი ლოიალობად ჩაითვალოს, როცა ხელისუფლება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, მათ შორის სავალუტო ფონდის ყურმოჭრილი მონაა, ჩვენ კი ფონდს ვეწინააღმდეგებით. ჩვენს ყველა კრიტიკულ გამოსვლაზე ხელისუფლებას ელეთმელეთი მოსდის. მეორე, როცა ჩვენ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით (და დღესაც ვაკრიტიკებთ), სად იყვნენ მაშინ "ახლები"? განა ხელისუფლების ფრთის ქვეშ არ იყვნენ აღმოცენებულები?"

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი - ქართველ ბიზნესმენთა ორ პარტიას ამ ორგანიზაციებისადმი მიმართებაც განასხვავებს. დავით გამყრელიძის თქმით, "ახლები" თანამშრომლობენ ხსენებულ ინსტიტუტებთან, "მრეწველები" კი ღიად ებრძვიან მათ.

[გამყრელიძის ხმა] "ეს ინსტიტუტები მზად არიან გაითვალისწინონ ჩვენი ეკონომისტებისა და მთავრობის რეალური ხედვა, რეალური შეთავაზებები, თუ საერთოდ არსებობს ასეთი რამ. მათი ახსნა მარტივია: ჩვენ არ გვინდა თავს მოგახვიოთ ჩვენი პოლიტიკა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ ვნახეთ თქვენი ჩამოყალიბებული ფულად-საკრედიტო, ფისკალური, საგადასახადო პოლიტიკა".

ზურაბ ტყემალაძე კი საკითხს სხვაგვარად უყურებს:

[ტყემელაძის ხმა] "ჩვენ 10 წელია ვომობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, იმიტომ, რომ მათი მხრიდან არის პროიმპორტული პოლიტიკის დიქტატი. ჩვენ კი ეროვნული, ადგილობრივი წარმოების განვითარებისაკენ ვართ. ძალიან ბევრი ნაშრომი, წერილი, პოზიცია, მიმართულება გაგვიცვნია საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის, მაგრამ ისინი არ დათანხმებულან. ფონდი დეკლარირებს, გვითხარით, რა არის თქვენთვის მისაღები, ჩვენ მხარს დაგიჭერთო, მაგრამ სინამდვილეში ეგ ეგრე არ არის".

მესამე განსხვავება "მრეწველებსა" და "ახალ მემარჯვენეებს" შორის ეკონომიკური პოლიტიკის კიდევ ერთი ასპექტის შეფასებისას იჩენს თავს: "მრეწველებს" მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული მრეწველობის აღდგენასა და მუშაობას, "ახალი მემარჯვენეები" კი აცხადებენ, რომ პროტექციონისტული პოლიტიკა მიუღებელია და ბიზნესის წარმართვის, კონკურენციის პირობები ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG