Accessibility links

logo-print

რატომ უნდა მიაქციოს ამერიკამ ყურადღება სამხრეთ კავკასიას?


"კავკასიური ოთხეულის" პარლამენტის მოსკოვის შეხვედრის გარდა, რომლის შესახებ ჩვენ სამშაბათს გიამბეთ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პრობლემებზე ყურადღება სექტემბრის ბოლოს

ორ გეოგრაფიულად დაშორებულ ქვეყანაში -ლიტვასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გამახვილდა. ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პროგრამების დირექტორმა ზეინო ბარანმა 23 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო სემინარზე ვილნიუსში ვრცელი მოხსენება წაიკითხა თემაზე, თუ "რატომ სჭირდება სამხრეთ კავკასიას შეერთებული შტატების მხრიდან ყურადღების მიქცევა". მასში საუბარი იყო აგრეთვე რუსეთის როლზეც კავკასიის კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში.
მე ზეინო ბარანს ტელეფონით დავუკავშირდი ვაშინგტონში.

ვიდრე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პროგრამების დირექტორად დაინიშნებოდა, ზეინო ბარანმა 1998 წელს საქართველოს ფორუმი ჩამოაყალიბა, რომელიც მთლიანად საქართველოზე, როგორც სტრატეგიული ქვეყნის როლზე, შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან მის ურთიერთობებზე იყო ფოკუსირებული. ამდენად, პირველი შეკითხვა, რომელიც მე ზეინო ბარანს დავუსვი, ეხებოდა ე.წ. ახალი გეოსტრატეგიული სამკუთხედის -ვაშინგტონი-მოსკოვი-საქართველოს არსებობას და მის პერესპექტივებს. ამ საკითხის აქტუალობას განაპირობებდა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გეოსტრატეგიული სამკუთხედის იდეის ერთ-ერთი ავტორის, ვახტანგ რჩეულიშვილის ვიზიტიც ვაშინგტონში, რომელიც კვლავ გრძელდება.

[ზეინო ბარანის ხმა] "მე ვიცი, რომ ამ საკითხზე საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ. გასულ კვირას სამმხრივი თანამშომლობისა და სამშვიდობო ზონების შესახებ ვაშინგტონში ვახტანგ რჩეულიშვილიც საუბრობდა. ეს ხაზს უსვამს საქართველოს სურვილს, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე ზემოქმედება მოახდინოს, რადგან რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს სუსტი პოზიციები აქვს. მაგრამ მე არა მგონია, რომ ეს ახლა შესაძლებელი იყოს, რადგან ამერიკას ძალიან ბევრ პრობლემასთან უხდება გამკლავება. თანაც, ბოლომდე გარკვეული არაა, მზადაა თუ არა მოსკოვი, დაეთანხმოს ამერიკის მესამე მხარედ მონაწილეობას საქართველოსთან მოლაპარაკებების დროს. თუმცა, როდესაც საქართველოს სჭირდებოდა გამოქომაგება, როგორც ეს რუსეთის მხრიდან საავიაციო აგრესიის ან პანკისის პრობლემის დროს ხდებოდა, ამერიკა ყოველთვის გვერდში ედგა საქართველოს. მაგრამ ეს არაფორმალური სამმხრივი თანამშრომლობაა და ჯერჯერობით, ალბათ, ასეც გაგრძელდება".

ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პროგრამების დირექტორ ზეინო ბარანს მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული პროექტებისა და სატრანსპორტო კორიდორის სრული დატვირთვით ამოქმედება, რაშიც შეერთებულ შტატებს დიდი წვლილი მიუძღვის, რელურად გააძლიერებს საქართველოსა და აზერბაიჯანის პოზიციებს. მაგრამ, ე.წ. გაყინული კონფლიქტების არსებობა აფერხებს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და ქმნის იმის საფრთხეს, რომ რადიკალური ისლამისტური და ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც დაინტერესებული არიან ნარკოტიკებისა და იარაღის ტრანზიტით ევროპის მიმართულებით, შეეცდებიან გამოიყენონ ეს უკონტროლო ტერიტორიები.

ზეინო ბარანმა ამ საფრთხის შესახებ 23 სექტემბერს ლიტვაში გამართულ საერთაშორისო სემინარზე გაამახვილა ყურადღება და მოუწოდა შეერთებულ შტატებს, რათა მეტი გარანტიები შეექმნას რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას. თუმცა, ექსპერტის თქმით, არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს სამხრეთი კავკასიისთვის ქვეყნების ხელისუფლების სუსტი ლეგიტიმურობა, რაც მათ, განსაკუთრებით სომხეთის და აზერბაიჯანის შემთხვევაში, საშუალებას არ აძლევს მიაღწიონ გონივრულ კომპრომისს მთიანი ყარაბახის საკითხში.

[ზეინო ბარანის ხმა] "იმისთვის, რომ კონფლიქტები გადაიჭრას, საჭიროა კომპრომისების მიღწევა. მე ახლა არ მინდა დავაზუსტო, თუ ვინ რა დოზის კომპრომისზე უნდა წავიდეს. მაგრამ, თქვენ გჭირდებათ ძლიერი ხელისუფლება. მე ასევე ვიტყოდი, რომ ბევრ რამეს გადაწყვეტს პრეზიდენტის არჩვენები რუსეთში, რადგან, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი და მისი მომხრეები იმდენად არიან დაკავებული საკუთარი შიდა პრობლემებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ისინი არ დააპირებენ რაიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადმას კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით".

ზეინო ბარანის შეფასებით, კავკასიის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, თუ თურქეთი საზღვარს გაუხსნის და ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას მისცემს სომხეთს, რაც შეასუსუტებდა რუსეთის გავლენას მის მთავარ სამხრეთკავკასიურ ფორპოსტზე და შესაბამისად კავკასიაზეც.

ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პროგრამების დირექტორის, ზინო ბარანის ინტერვიუს დიდი ნაწილი საქართველოში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს ეხება, რასაც უფრო ვრცლად ხუთშაბათს, "უხილავ ფარდაში" გაგაცნობთ.
XS
SM
MD
LG