Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი უსაფრთხოების აგენტის გამჟღავნებას უარყოფს


ამერიკის შეერთებულ შტატებში ნამდვილ სკანდალში გადაიზარდა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ შურისძიების მიზნით გაამჟღავნა აგენტი ქალის,

ვალერი პლეიმის ვინაობა, რომელიც ბუშს ერაყის პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა. ამ სკანდალის გამო 29 სექტემბერს თეთრ სახლში ჟურნალისტთა რეკორდულმა რაოდენობამ მოიყარა თავი, ხოლო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები დამოუკიდებელი გამოძიებისა და ინფორმაციის გამმჟღავნებლის მკაცრად დასჯას მოითხოვენ. ცნობისთვის: სადაზვერვო სამსახურის აგენტის ვინაობის გამჟღავნება, ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სკანდალური ისტორიის პირველი ვერსიები ზაფხულში ერთბაშად რამდენიმე ამერიკულ გაზეთში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ანონიმურმა დიპლომატმა, რომელიც შემდგომში სამხრეთაფრიკულ სახელმწიფო გაბონში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ჯოზეფ ვილსონი აღმოჩნდა, ეჭვი შეიტანა პრეზიდენტ ბუშის განცხადებაში, თითქოს ერაყი ურანის შეძენას აფრიკაში აპირებდა. "ნიუ-იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ეს ცნობა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. თეთრმა სახლმა კი მაშინ უკან წაიღო თავისი მტკიცებულება და განაცხადა,რომ ყველაფერი გაუგებრობის ბრალი იყო.

მაგრამ სკანდალი აგორდა მას შემდეგ, რაც კვირას "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ანონიმური ოფიციალური პირი აცხადებდა, რომ გადამდგარი ამერიკელი დიპლომატის მეუღლე, ვალერი პლეიმი ამერიკის სადაზვერვო სამსახურზე მუშაობს. უილოსნსა და მის მეუღლეს დემოკრატიული პარტიის წევრები გამოექომაგენ და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩატარება მოითხოვეს. სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან ჩარლზ შუმერმა კი დამნაშავეების მკაცრი დასჯა მოითხოვა.

[ჩარლზ შუმერის ხმა] "ხელმძღვანელი მუშაკები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, უნდა გასამართლდნენ და უნდა გასამართლდნენ მკაცრად. მე მინდა სიცხადე შევიტანო - ჩვენ არ ვიცით, თუ ზუსტად ვინ ჩაიდინა ეს და ეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა თეთრი სახლის თანამშრომლებს. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ინფორმაციის გაჟონვა მოხდა და ამაში შემჩნეული არიან მაღალი თანამდებობის პირები".

ზოგიერთი გაზეთის ცნობით, გაჟონვის უკან, შესაძლოა, პრეზიდენტ ბუშის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი კარლ როუვი იდგეს, რაც ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესმდივნმა სკოტ მაკკლელენმა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის წევრებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჯღავნებაზე და თავად პრეზიდენტი დაინტერესებულია სასამართლო გამოძიების ჩატარებით ამ საკითხზე.

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, თეთრი სახლის ორი ოფიციალური პირი ერთბაშად 6 წამყვანი გაზეთის კორესპონდენტს დაუკავაშირდა და გაუმჟღავნა ჯოზეფ ვილსონის ცოლის ვინაობა. ამავე გაზეთის რეპორტიორმა რობერტ ნოვაკმა კი ორშაბათს "სი-ენ-ენს" განუცხადა, რომ მასთან ინტერვიუში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წამყვანმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვილსონის საქციელი ინსპირირებული იყო მისი ცოლის მიერ, რომელიც ცენტრალრ სადაზვერვო სამსახურში მასობრივი განადგურების იარაღის საკითხებზე მუშაობდა. მეორე პირმა კი დაუდასტურა ეს ფაქტი. თუმცა, ნოვაკი ჟურნალისტის ეთიკის მოთხოვნებით ხელმძღვანელობს და არ ასახელებს ინფორმაციის წყაროს.
XS
SM
MD
LG