Accessibility links

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი სამშვიდობოების მოქმედებებს აპროტესტებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს რუსეთის სამშვიდობო ნაწილების თვითნებობასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტით მიმართა.

თვითნებობა გამოიხატება დაკარგული რუსი ჯარისკაცის მოსაძებნად, ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად, ზუგდიდის რაიონის სოფლებში დამატებითი ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანაში. ქართული მხარის პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის, გენერალ ევტეევის ბრძანებით, დაკარგული ჯარისკაცის ძებნა ზუგდიდის რაიონში გაგრძელდება მანამ, სანამ მას არ იპოვნიან.

ზუგდიდის რაიონის სოფლებში ამერიკული ფილმის - "მოიძებნოს რიგითი რაიენის" რუსული ვერსია ხორციელდება: მეორე დღეა რუსეთის სამშვიდობო ნაწილები ზუგდიდის რაიონის სოფლებში 27 სექტემბერს ზუგდიდის საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკარგულ რიგით ჯარისკაცს - დერევიანიკის ეძებენ.
თავდაპირველად, რუსი რიგითის გაქრობა დეზერტირობას დაუკავშირეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც დერევიანიკი ხელმძღვანელობას მობილური ტელეფობით დაუკავშირდა და აცნობა, რომ იგი გაიტაცეს, თუმცა კარგად ექცევიან, რუსი ჯარისკაცის ძიებას რუსეთის სამშვიდობო ნაწილების უფსორობა მთელი სერიოზულობით მოეკიდა. ქართული მხარის მტკიცების მიუხედავად, რომ გატაცებული კიდევ ერთ დატყვევებულთან - როლანდ ჩანგელიასთან ერთად გალში იმყოფება, რუსი სამხედროები ჯარისკაცს ზუგდიდის რაიონის სოფლებში ეძებენ. ძიების ხერხი საკმაოდ მასშტაბურია - რუსეთის სამშვიდობო ნაწილებმა ზუგდიდის რაიონში დამატებითი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეიყვანეს, რაც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უსაფრთხოების 24 კილომეტრიან ზოლთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმების დარღვევაა. ქართული მხარე არ გამორიცხავს, მომხდართან დაკავშირებით დააყენოს სამშვიდობო ძალების მეთაურის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი.
თუ 29 სექტემბერს რუსეთის სამშვიდობო ნაწილების წარმომადგენლები ზუგდიდის რაიონის სოფლებში დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, 30 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედრო ზონის სარდალმა ვიქტორ კონდრატენკომ განაცხადა, რომ გატაცებული ჯარისკაცის ძებნას რუსი სამხედროები ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავებთან ერთობლივად განაგრძობენ. ამავე დროს, ოპერატიული ინფორმაციის გაჟონვის მომიზეზებით, რუსული მხარე უარს აცხადებს რუსეთის სამშვიდობო ძალების საგუშაგოებზე ქართველი სამხედრო დამკვირვებლების დაბრუნებაზე, რადგან, კონდრატენკოს განცხადებით, " რუსი ჯარისკაცის გატაცებაში ბანდფორმირებასთან ერთად, შესაძლოა, სხვადასხვა ძალაც მონაწილეობდეს".
საინტერესოა, რომ ზუგდიდის რაიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების თავნებობას საქართველოს პოლიტიკური ძალები არანაირად არ გამოხმაურებიან. როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ რუსეთის კრიტიკა პოლიტიკურ პარტიათა სტრატეგიაში, უბრალოდ, არ ჯდება.
XS
SM
MD
LG