Accessibility links

logo-print

რუსეთის ხელისუფლება ჩეჩენ დენილთა სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს


ჩეჩნეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთის ხელისუფლება როგორც მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის, ასევე ჩეჩნეთში დარჩენილი მოქალაქეებისთვის იმის დამტკიცებას ცდილობს,

რომ კრემლი ჩეჩენ დევნილთა ბედზე ზრუნავს. სწორედ ამიტომ უკვე მეორედ ესტუმრა საქართველოს რუსეთის ფედერაციის მინისტრი ჩეჩნეთის საკითხებში სტანისლავ ილიასოვი. იგი ამჯერად თბილისში 20 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთით ჩამოვიდა, თუმცა, ჩეჩენ ლტოლვილთა გულის მოგება მაინც ვერ შეძლო.

[ჩეჩენი ლტოლვილის ხმა] "ზაჩისტკები, პირველ რიგში ზაჩისტკები. ყველა ახალგაზრდა მიჰყავთ, უგზო-უკვლოდ იკარგებიან".

ეგრეთ წოდებული "ზაჩისტკები" და ახალგაზრდების უგზო-უკვლოდ გაუჩინარება - ყველაზე მეტად, აი, ეს აშინებს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში საქართველოში მყოფ ჩეჩენ ლტოლვილებს. არადა, რუსეთის მთავრობა ლტოლვილებს ლამის უზრუნველ ცხოვრებას ჰპირდება. საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩის, ვლადიმირ ჩხიკვიშვილის თქმით, ჩეჩნეთში ლტოლვილების დასაბრუნებლად ყველა პირობაა შექმნილი.

[ვლადიმირ ჩხიკვიშვილის ხმა] "დავიწყეთ შემწეობების გაცემა ბინების აღსადგენათ. ეს არის 350 ათასი რუბლი, დაახლოებით 12 ათასი დოლარი. გაიცემა პენსიები, უმუშევართა შემწეობები და მე ვფიქრობ, რომ ყველა პირობაა შექმნილი მათ დასაბრუნებლად, მაგრამ დაბრუნება მათი გადასაწყვეტია".

ჩეჩენ დევნილებს კი დაბრუნება არ სურთ, რადგან არ ენდობიან რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც გაუთავებელი ომით უამრავი ტანჯვა და ტკივილი მიაყენა ჩეჩენ ხალხს. პანკისის ხეობაში კომპაქტურად განსახლებულმა ჩეჩნებმა რუსეთის მთავრობის ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ავტომობილებიც კი უკან გააბრუნეს. არადა, რუსეთის ფედერაციის მინისტრი ჩეჩნეთის საკითხებში სტანისლავ ილიასოვი, რომელმაც თბილისში ჩეჩნეთის ხელისუფლების ჩეჩენი ეროვნების 5 წარმომადგენელიც ჩამოიყვანა, იმედოვნებდა, რომ ჰუმანიტარული ტვირთისა და დახმარებების დაპირების ჩამოტანის შემდეგ მოსკოვში ხელცარიელი არ გაბრუნდებოდა.

[სტანისლავ ილიასოვის ხმა] "ჩვენ დავიწყეთ კომპენსაციების გაცემა უსახლკაროდ დარჩენილთათვის. დღეს უკვე მზად არის საცხოვრებლები, მათთვის ვინც დაბრუნებას გადაწყვეტს. დღეს ჩვენ ჩამოვიტანეთ ჰუმანიტარული დახმარება, სურსათი, თბილი სამოსი, თქვენ იცით, რომ შემოდგომაა, სიცივეები იწყება... და სხვა ნივთებიც ჩამოვიტანეთ".

მიუხედავად ასეთი ყურადღებისა, პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ჩეჩენმა ლტოლვილებმა არც კი ისურვეს 30 სექტემბერს დუისში ჩასულ ილიასოვთან შეხვედრა და მას ბოიკოტი გამოუცხადეს. თუმცა, მოგვიანებით უხუცესებთან მოლაპარაკებების მოწყობა მაინც მოხერხდა ქართველი სამართალდამცველების დაჟინებული მოთხოვნით. დუისის გამგებლის, ჯარაფ ხანგოშვილის თქმით, რუსეთის ხელისუფლების მიმართ უნდობლობის მიუხედავად, ილიასოვმა ლტოლვილთა წარმომადგენლებთან გარკვეული შეთანხმების მიღწევა მაინც მოახერხა.

[ჯარაფ ხანგოშვილის ხმა] "აქედან რამდენიმე კაციანი დელეგაცია წავა ჩეჩნეთში. ადგილებს გადაუღებენ სურათებს, ვიდეო კადრებს, მერე უკან ჩამოვლენ და აქ აჩვენებენ ჩეჩენ ლტოლვილებს, მერე ამის შემდეგ გადაწყდება მათი დაბრუნება".

ეს ვიზიტი ჩეჩნეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ განხორციელდება და ამის შემდეგ გამოჩნდება ვიდეოკამერას უფრო ენდობიან ჩეჩენი ლტოლვილები თუ რუსეთის ხელისუფლებას. ჯერჯერობით კი 300-მდე ჩეჩენის სამშობლოში დასაბრუნებლად განკუთვნილი აერობუსი ილ-86 უკან, რუსეთში ცარიალი გაბრუნდა.
XS
SM
MD
LG