Accessibility links

რა უნდა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკონომიკაში


დავით პაიჭაძე, თბილისი ეს დღეები საქართველოში საარჩევნო სუბიექტების, ან პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგრამის, ან დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენის ნიშნით მიდის. ასე, მაგალითად, ეკონომიკური პროგრამა და მისი

თეზისები უკვე წარმოადგინეს "ბურჯანაძე - დემოკრატებმა" და "მრეწველებმა". გოგი თოფაძემ მომცრო წიგნი გამოსცა, პარლამენტის მოქმედმა და ყოფილმა სპიკერებმა ბროშურები დაარიგეს. 30 სექტემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ჯერი დადგა. მიხეილ სააკაშვილმა სხვა გზა - ზეპირი ტრადიცია ირჩია.

ყველამ იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ჯილა ეკონომიკაში გია მაისაშვილია - ის 90-ანი წლების დასაწყისში წავიდა საქართველოდან, ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მუშაობდა "ენრონში", იცნობს ჯეიმს ბეიკერს. მიხეილ სააკაშვილმა ის წარუდგინა გრიბოედოვის თეატრში შეკრებილ აუდიტორიას და დასძინა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური პროგრამის არსი სოციალური სამართლიანობის მიღწევაა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ეს იყო ბოლო შტრიხი, რომელიც აკლდა "ნაციონალური მოძრაობის" პროგრამასა და კამპანიას. ახლა ჩვენს გამარჯვებას წინ უკვე ვეღარაფერი დაუდგება. დიდი მადლობა. მე ვთხოვ გიას, ამობრძანდეს სცენაზე (ტაში)".

აუდიტორიის ტაშს მოჰყვა გია მაისაშვილის ვრცელი ლექცია ლიბერალიზმის, ეკონომიკის ფილოსოფიის, ომისშემდგომ დემოკრატიულ ქვეყნებში ეკონომიკის განვითარებისა და სხვათა და სხვათა შესახებ.

ლექციის მიმდინარეობისას რადიო "თავისუფლებამ" დარბაზიდან გამოიხმო "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ეკონომისტი, რომან გოცირიძე და სთხოვა მას, პოპულარულ ენაზე განემარტა პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა.

[რომან გოცირიძის ხმა] "ჩვენ გვექნება ფაქტიურად სამსაფეხურიანი პროგრამა. პირველი იქნება ფილოსოფია - ესაა კონცეფცია, სტრატეგიული ხედვა, ანუ ვინ ვართ და რა უნდა ვაკეთოთ. მეორე ეტაპზე - ეს მოხდება დაახლოებით 20 დღეში - ჩვენ წარმოვადგენთ აქ, საქართველოში ექსპერტების მიერ შემუშავებულ კონკრეტულ, 4-წლიან პროგრამას. მესამე ეტაპი კი არის გეგმა: საკანონმდებლო ინიციატივების ნუსხა, დროში გასატარებელი ღონისძიებები, ინსტიტუტების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი გადაწყვეტილებები და ა.შ.".

მაისაშვილის ეკონომიკურ გააზრებათა გადმოცემის დაახლოებით მე-40 წუთი მიმდინარეობდა, როცა დარბაზში ჩოჩქოლი შეიქნა. დაცვამ და პარტიის წევრებმა ფოიეში მეყსეულად გააბრძანეს ქალბატონი ცისფერი ბლუზით. ის ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი კორუმპირებულია და 7 მილიონი მოიპარა. ვალუტა არ დაუზუსტებია. მასმედიამ მთელი ყურადღება ამ ქალს მიაპყრო. ხმაურმა რამდენიმე წუთს გასტანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალბატონი ქართველ ლეიბორისტთა დესანტი იყო გრიბოედოვის თეატრში.

[ხმა: ისმის ხმაური]

თავად მიხეილ სააკაშვილს წარბი არ შეუხრია. ის პარტერში იჯდა და განაგრძობდა გია მაისაშვილის სმენას.

[გია მაისაშვილის ხმა]
"საქართველოში დგება დრო, როცა 11-წლიანი წყვეტილობის შემდეგ საზოგადოება ცოცხლდება, საზოგადოება ფიქრობს მის მომავალზე, საქართველოს ადგილზე 21-ე საუკუნის კაცობრიობის თანამეგობრობაში და იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა ამ ჭაობისეული მდგომარეობიდან როგორმე ამოვიდეთ. 21-ე საუკუნე იქნება მოულოდნელი, რადიკალური"...
XS
SM
MD
LG