Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა გაზეთ "მოსკოუ ტაიმსში" რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი რუსლან ხასბულატოვი მოსკოვში ათი წლის წინათ, 1993 წლის ოქტომბერში მომხდარ სისხლიან მოვლენებს იხსენებს.



რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, წერს ხასბულატოვი, "თავდასხმა მოაწყო რუსეთის კონსტიტუციასა და მის დამცველებზე ქვეყნის პარლამენტში", ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეს, ხასბულატოვს, ბოლოს ციხეში ამოაყოფინა თავი. სახელმწიფო დუმამ ამნისტიით გაათავისუფლა მოგვანებით ხასბულატოვი, აგრეთვე სხვები, ვინც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მასთან ერთად ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს.
რუსლან ხასბულატოვი განაგრძობს:

"დეპუტატებთან მომხდარი უთანხმოების შემდეგ ელცინმა პარლამენტი დაშალა და ახალი არჩევნები დანიშნა. ჩეჩნეთის ორი ომი სწორედ 1993 წლის ოქტომბრის მოვლენათა პირდაპირი შედეგია. რუსეთის პარლამენტი, მაშინ, დემოკრატიული რეფორმის გზით მიდიოდა, და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ჩეჩნეთში შეიარაღებულ ინტერვენციას. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ უთანხმოება მოსკოვსა და გროზნოს შორის მშვიდობიანი გზით მოგვარდებოდა. კრემლი აშკარად უჭერდა მხარს ჩეჩნეთის მაშინდელი ლიდერის, ჯოჰარ დუდაევის სეპარატისტულ პოლიტიკას. დუდაევისთვის ცხადი გახდა, რომ თუ იგი ელცინს მიემხრობოდა პარლამენტთან დაპირისპირებაში, ბორის ელცინი სამაგიეროდ სრულ დამოუკიდებლობას მიანიჭებდა ჩეჩნეთს. ამდენად, კრემლი იყო ჩეჩნეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მთავარი ინიციატორი, დღეს კი "საერთაშორისო ტერორიზმს" გმობს ჩრდილოეთ კავკასიაში, თითქოს ყოველივე ეს ციდას იყოს ჩამოფრენილი. რაც შეეხება ჩეჩნეთში მოახლოებულ არჩევნებს, რომელშიც კრემლის რჩეულია ერთადერთი კანდიდატი, ამას შეიძლება ვუწოდოთ არჩევნები გეტოში, რომლის შედეგი წინასწარაა ცნობილი. მთელი ეს სპექტაკლი სასაცილო იქნებოდა, წარმოუდგენელ სისხლისღვრასთან რომ არ იყოს დაკავშირებული".

ახალ რუსეთს ახალი ყაიდის პრეზიდენტი ესაჭიროება, - წერს გაზეთ "ლოს ანჯელეს ტაიმსში" ნიკიტა ხრუშჩოვის შვილიშვილი ნინა ხრუშჩოვა, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობის კურსი მიჰყავს ნიუ-იორკის ახალი სკოლის უნივერსიტეტში.
ნინა ხრუშჩოვა, პუტინს, რუს მეფეებს ადარებს ქვეყნის მმართველობის მხრივ. 25 სექტემბერს ნიუ-იორკის ცნობილ კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლისას, აღნიშნავს ნინა ხრუშჩოვა, ვლადიმირ პუტინმა ყურადღებით მოისმინა დამსწრეთა მხრიდან კრემლის პოლიტიკის მისამართით გამოთქმული კრიტიკა.
ნინა ხრუშჩოვა განაგრძობს:

"პუტინმა თქვა, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილია იყოს ლიბერალი დემოკრატი, მაგრამ მთელი რიგი ფაქტორები: უკანონობა, განუკითხაობა, ოლიგარქია, უპასუხიმგებლო პრესა, ჩეჩენი მეაბოხეები, საერთაშორისო ტერორიზმი, არ აძლევს ამის შესაძლებლობას. თუმცა ამგვარ გამართლებას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს რუსეთში: ივანე მრისხანეც ხომ ასეთივე არგუმენტს იშველიებდა, როცა მისი ევროპელი კოლეგები დაუნდობელი სისასტიკისთვის აკრიტიკებდნენ რუსეთის მეფეს".
XS
SM
MD
LG