Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალებს უჭირთ სამუშაოზე მოწყობა უკრაინაში - და არა მარტო იქ...


პრობლემა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ,

მრავალ ქვეყანაშია ცნობილი. მაგრამ დღეს მის შესახებ უკრაინის მაგალითზე ვიმსჯელებთ...

თავდაპირველად ერთი ციტატა, რომელიც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ვალენტინას მიტემ შეარჩია უკრაინის გაზეთიდან "იზ რუკ ვ რუკი": "ვეძებთ: ახალგაზრდა ქალს, 19-დან 35 წლამდე, სასიამოვნო ხასიათის, გამხდარს, მიმზიდველი გარეგნობისას, კომპუტერზე მომუშავეს ... ვთავაზობთ მაღალ ხელფასს". კიდევ ერთი ციტატა, ამჯერად გაზეთიდან "პროპონუიუ რობოტუ": "ვეძებთ: ოფიციანტ ქალს, გამოცდილების მქონეს, 25 წლამდე, მიმზიდველი გარეგნობისას".

ასეთ განცხადებებს უკრაინელი, ან თუნდაც ქართველი მკითხველი, შესაძლოა, შეჩვეული იყოს, მაგრამ შეჩვეული, როგორც ცნობილია, ჭირიც არსებობს ხოლმე. ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩი" კი ირწმუნება, რომ სამუშაოზე აყვანისას ყურადღების გამახვილება ადამიანის სქესზე, ასაკზე, გარეგნობაზე და არა მის პროფესიულ ღირსებებზე, ადამიანის უფლებების ხელყოფას ნიშნავს. ამისა და უკრაინაში გენდერული დისკრიმინაციის სხვა ფორმების შესახებ ნათქვამია საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც "ჰიუმან რაითს უოჩმა" (ადამიანის უფლებების დამცველმა ერთ-ერთმა ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ) ბოლო ხანს გამოაქვეყნა. და ჩვენც ამიტომ შევარჩიეთ უკრაინა დღევანდელი გადაცემისათვის, თუმცა საუბარი მხოლოდ ამ ქვეყანაზე არ გვექნება.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ნიუ იორკში დაურეკა "ჰიუმან რაითს უოჩის წარმომადგენელს" რეიჩელ დენბერს: [რეიჩელ დენბერის ხმა] "აშკარა დარღვევები ახლავს სამუშაოზე აყვანის პროცესს და ეს განცხადებებით იწყება. ზოგ სამუშაოზე მხოლოდ მამაკაცებს ეძებენ - ეს კი, ჩვეულებრივ, ყველაზე პრესტიჟული სამუშაო ადგილებია, ყველაზე მაღალი ანაზღაურებით. ნაკლებად პრესტიჟულ სამუშაოებს კი ქალებს სთავაზობენ, რის მაგალითებსაც ძალიან ბევრჯერ შევხვედრივართ უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში. და ეს, ჩანს, სავსებით ჩვეულებრივ ამბად ითვლება, ძალიან არის გავრცელებული".

რამდენად ძნელია რიგიანი სამსახურის შოვნა, საკუთარ თავზე გამოსცადა 45 წლის კიეველმა ლიუდმილა ფედორენკომ. ის გადიად მუშაობს ოჯახში, რომელიც მას თვეში დაახლოებით 100 დოლარს უხდის, არ უფინანსებს არც სამედიცინო და არც საპენსიო დაზღვევას. მანამდე ფედორენკომ ამაოდ სცადა სამუშაოდ სახელმწიფო, ან კერძო ფირმაში მოწყობა: 45 წლის ქალის აყვანა არავის უნდაო, უთხრა მან ჩვენს კორესპონდენტს. [ლიუდმილა ფედორენკოს ხმა] "ჩვენში გამოდის გაზეთი, რომელიც განცხადებებს აქვეყნებს "პროპონუიუ რობოტუ". აი, ნახეთ რა განცხადებებს ბეჭდავენ, რა სამუშაო ადგილებზეა ლაპარაკი. ეძებენ კოსმეტიკური ნაწარმის გამყიდველ დისტრიბუტორ ქალებს, რიგიანი სამუშაო ადგილი კი დიდი იშვიათობაა. ძირითადად მშენებლობის სპეციალობებია, მაგრამ ეს კაცების სამუშაოა".

ძალიან ახალგაზრდა აღარც მხატვარი ნატალია ლიტოვჩენკოა და, მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაციას არ განიცდის, ვინაიდან თვითონვე, დამოუკიდებლად ჰყიდის თავის ნამუშევერებს, გარშემო ხედავს დისკრიმინაციას. [ნატალია ლიტოვჩენკოს ხმა] "ჩემს ვაჟიშვილს დიზაინის კომპანია აქვს და როცა იქ დიზაინერებს იყვანენ, თუ საქმე ქალს ეხება, უკვე ეშინიათ, რადგან ისეთი აზრი აქვთ ჩამოყალიბებული, რომ ქალი უფრო ემოციურია, ინერვიულებს სამუშაოს ხარისხის გამო და შეიძლება, პროექტი ჩააგდოს". გარდა ამისა, განაგრძობს ლიტოვჩენკო, დისკრიმინაციულია ფირმაში მუშაობის მსურველ ქალთან გასაუბრებაც- შეკითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ამ შეფასებას ორგანიზანცია "ჰიუმან რაითს უოჩის" წარმომადგენელიც ადასტურებს: [რეიჩელ დენბერის ხმა] "ქალებს ხშირად უსვამენ შეკითხვებს ოჯახზე, ეკითხებიან, ჰყავთ თუ არა ქმარი, შვილები. თუ დაოჯახებული არიან და მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, სასურველ თანამშრომლებლად არ ითვლებიან, ვინაიდან დამსაქმებელს არ სურს სოციალური გადასახადების გადახდა".

როგორც უკვე ითქვა, ასეთი რამ არა მარტო უკრაინაში, მრავალ ქვეყანაში ხდება. საქართველოში სრულმასშტაბიანი გამოკვლევა სამუშაო ბაზარზე ქალებისადმი დამოკიდებულების შესახებ ჩატარებული არ არის: [ლელა გაფრინდაშვილის ხმა] "თუმცა, აი, ემპირიული დაკვირვებებისა და ოფიციალური მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია, ტენდენციებზე ვიმსჯელოთ".

გვითხრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, "კავკასიელ ქალთა ლიგის" ქართველმა კოორდინატორმა ლელა გაფრინდაშვილმა. [ლელა გაფრინდაშვილის ხმა] "ქალებს ძალიან იოლად ათავისუფლებენ სამსახურიდან, და ძალიან ძნელად მიიღებენ სამსახურში. თქვენ ბუნებრივია, გაინტერესებთ, რა არის ამის მიზეზი. ამის ძირითადი მიზეზი არის, სამწუხაროდ, სტერეოტიპი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, რომ ოჯახის მარჩენლად, ეკონომიკურ დონორად არ მოიაზრება ჯერ-ჯერობით ქალი".

ლელა გაფრინდაშვილის მოსაზრებას ადასტურებს დასაქმების სტატისტიკა, რომლის მიხედვით ქალების რიცხვი ე.წ. საბიუჯეტო სამსახურებში გასული ათწლეულის მანძილზე 60 პროცენტით შემცირდა. ეს ინფორმაცია ყოფილი სახალხო დამცველის, ნანა დევდავრიანის პერიოდულ ანგარიშშია გამოქვეყნებული. [ლელა გაფრინდაშვილის ხმა] "სწორედ იმ გარემოებამ, რომ საბიუჯეტო სამსახურებში ქალთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა, გამოიწვია თვითდასაქმებულ ქალთა მკვეთრი ზრდა. აი, ვთქვათ, ისინი ძალიან ინტენსიურად არიან ჩართული წვრილმან ვაჭრობაში, მომსახურების სფეროში. ძალიან ბევრი ქალია დაკავებული შოპ-ტურიზმით - ვთქვათ, დროებით წასვლა (უცხოეთში), პროდუქტების ჩამოტანა და იმის გასაღება".

ლელა გაფრინდაშვილთა საუბარში კიდევ რამდენიმე თემას, მათ შორის ხანშიშესული, თუ ახალგაზრდა ქალების სამუშაოზე აყვანის პრობლემებს შევეხეთ. ამის შესახებ აუცილებლად მოგითხრობთ "ქალი და მსოფლიო" ერთ-ერთ შემდეგ გამოშვებაში. დღევანდელ გადაცემას კი დავამთავრებთ ორი შემთხვევით, რომლებიც ლელა გაფრინდაშვილმა გაიხსენა: [ლელა გაფრინდაშვილის ხმა]"ხანდაზმულობის გამო გათავისუფლება - ძალიან გახმაურებული ისტორია არის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, ქალბატონი ასმათ ტყაბლაძის, რომელიც გაათავისუფლეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. შემდეგ ომბუდსმენის ოფისის შუამდგომლობით შევიდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და შემდეგ უკვე დასახელდა რეალური მიზეზი: ხანდაზმულობის გამო გათავისუფლება. არის კიდევ ასეთი ისტორია: მცხეთაში, სამშობიარო სახლის ექიმი, ქალბატონი თამარ სვანაძე. ეს 2000 წლის ისტორიაა, როდესაც ის გაათავისუფლეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ორი წელი დასჭირდა მას იმისათვის, რომ ამ ადგილზე აღედგინათ - რა თქმა უნდა, ომბუდსმენის დიდი დახმარებით."
XS
SM
MD
LG