Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობის ირგვლივ დისკუსიები გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ კემპ-დევიდში ამერიკა-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას პრეზიდენტმა ბუშმა ერთობლივი მონდომებით ტერორიზმთან ბრძოლის წარმატებულ მაგალითად

პანკისის ხეობაში განხორცილებული ანტიტერორისტული ოპერაცია დაასახელა, პანკისის ხეობის თემამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კვლავ აქტუალურობა შეიძინა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორი ნიკოლაი პატრუშევი რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის გაძლიერებაზე საუბრობს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი არ გამორიცხავს "პანკისის ხეობაში რეციდივის საფრთხეს", პრეზიდენტი შევარდნაძე კატეგორიულად მოითხოვს, ამ რეციდივის შესაძლებლობის თავიდან აცილებას.
რატომ გრძელდება დისკუსიები პანკისის ხეობის ირგვლივ?
რუსულ მედია-სივრცეში პანკისის ხეობის თემა დაბრუნდა. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მოსკოვში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის პრესკონფერენცია რადიო "ეხო მოსკვი"-ს ეთერში თითქმის მთლიანად პანკისის ხეობისა და, რუსული მხარის აზრით, იქ მყოფ ჩეჩენი ბოევიკების თემას მიეძღვნა. ნინო ბურჯანაძის მტკიცების გასანეიტრალებლად - იგი ამტკიცებდა, რომ პანკისში ჩეჩენი ბოევიკები აღარ იმყოფებიან - 1 ოქტომბერს პანკისის ხეობის ირგვლივ განცხადება უკვე რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორმა ნიკოლაი პატრუშევმა გააკეთა, რომლის განმარტებითაც, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი შესაბამისად არ არის დაცული და ამ მიმართულებით ამჟამად დამატებითი ზომები ტარდება. ქართული მხარე რუსეთის მიერ საზღვრის დაცვის დამატებით ღონისძიებებს მიესალმება და ჩეჩნეთში 5 ოქტომბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ თავადაც საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის. როგორც სააგენტო პრაიმ-ნიუსს განუცხადა საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარატმენტის შტაბის უფროსმა კორნელი სალიამ, ჯერჯერობით ვითარება რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე სტაბილურია, თუმცა სიტუაციის ნებისმიერი მიმართულებით განვითარებისთვის მზადყოფნაა საჭირო.
სწორედ ჩეჩნეთში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირეს საქართველოში მყოფმა ჩეჩნეთიდან დევნილებმა რუსეთის ხელისუფლების მოულოდნელი ზრუნვა ჩეჩენი დევნილების მიმართ. როგორც ცნობილია, ამ ორიოდე დღის წინ თბილისში რუსეთიდან სამთავრობო დელეგაცია ჩამოვიდა სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობაში ჩეჩენი დევნილების დასარწმუნებლად. დელეგაცია რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის საქმეთა მინისტრის, სტანისლავ ილიასოვის ხელმძღვანელობით, მოსკოვში დევნილების გარეშე დაბრუნდა. ჩეჩენმა დევნილებმა არსებულ ვითარებაში ჩეჩნეთში დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.
სხვათა შორის, არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს კიდევ ერთი დელიკატური საკითხი - არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩეჩენი საველე მეთაურების რაზმებში საქართველოს მოქალაქეებიც იბრძოდნენ და იბრძვიან. თუმცა, მათი ბედის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მაგალითად, 29 სექტემბრის ჟურნალ "ვლასტის" ცნობით, საქართველოდან ჩრდილოეთ ოსეთში გადასული რუსლან გელაევის ჯგუფში ქართველებიც იყვნენ. მათგან ორი - ალექსი მაჩალიკაშვილი და მურთაზ მანია რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს და სექტემბერში მათი სასამართლო პროცესი დაიწყო ჩრდილოეთ ოსეთში. საინტერესოა, რომ ქართული მხარე საკუთარი მოქალაქეების ბედით არანაირ დაინტერესებას არ იჩენს. ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, საქართველოს ხელისუფლებას ჩეჩნეთში დაკავებული საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიცია მოეთხოვა.
XS
SM
MD
LG