Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ემუქრება სტაბილურობას საქართველოში


მაშინ, როდესაც არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი, ქვეყნის პრეზიდენტმა შექმნილი ვითარება შეაფასა, როგორც პოლიტიკის კრიმინალიზაცია და კრიმინალების პოლიტიზაცია.

საზოგადოება ხედავს აგრესიას როგორც ხელისუფლების, ასევე - ოპოზიციის მხრიდან. შესაბამისად, გახშირდა საუბარი არჩევნების შესაძლო ჩაშლის საფრთხეზე. ოღონდ, ზუსტად არავინ იცის, ვის და რატომ აძლევს ხელს არჩევნების ჩაშლა.

გესაუბრებათ იმის შესახებ, თუ რა ემუქრება სტაბილურობას საქართველოში.

ბოლო დღეების განმავლობაში, მავანს, შესაძლოა, გაახსენდა ახალი მემარჯვენეების საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გართულებულ პროცედურას ითვალისწინებდა. მაშინ, საარჩევნო კამპანიის ჩანასახოვან ეტაპზე, გაუგებარი დარჩა, რისთვის დასჭირდა საგანგებო მდგომარეობაზე საუბარი ოპოზიციის ერთ ნაწილს. ის ფაქტი, რომ პარლამენტში პრეზიდენტის უფლებების შემზღუდველი კანონპროექტი 118 ხმას ვერ შეაგროვებდა, ეჭვს არ იწვევდა. გამოდიოდა, რომ "ახლებმა" საგანგებო მდგომარეობის თემაზე საუბარი წამოიწყეს არა კანონის შესაცვლელად, არამედ, როგორც ამბობენ ხოლმე, საზოგადოების "ყურის გასახედნად".

გამოხდა ხანი და ის, რაც რამდენიმე თვის წინ მეტ-ნაკლებად ხელოვნურ საფრთხედ გამოიყურებოდა, რეალობად იქცა: ადამიანებმა ერთმანეთს ქვის და ტყვიის სროლა დაუწყეს პოლიტიკის ნიადაგზე. ამის შემხედვარე, საზოგადოების რიგითი წევრები, ისინი, ვისაც პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებს, შიშმა და გაურკვევლობამ მოიცვა. ერთმა ნაცნობმა პირადად მე გამიზიარა თავისი შეშფოთება: ამბობენ, შეიძლება არჩევნებამდე დიდი არეულობა დაიწყოს და მირჩიეს, თითო ტომარა ფქვილი და შაქარი მოვიმარაგოო. იქვე დაამატა: ჩემი ოჯახის წევრებს ქუჩაში ვეღარავინ გაიყვანსო.

ამ ადამიანისთვის და მრავალი მისი მსგავსისთვის ნამდვილად სულერთია, ვინ იქნება "დიდი არეულობის" მოთავე: ხელისუფლება თუ ოპოზიცია; ვინ იქნება მტყუანი და ვინ - მართალი. საქმე იქამდე მივიდა, რომ მათ სანატრელად გადაექცათ თუნდაც არსებულის შენარჩუნება. ეს ვითარება, ცხადია, ხელს აძლევს ხელისუფლებას: "არსებული" ხომ სწორედ ის არის. გამოდის, რომ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე იმედით ელოდნენ განახლებას, დღეს იმაზე დარდობენ, შეძლებენ თუ ვერა საკუთარი ოჯახის დაცვას გარეთ მიმდინარე პროცესებისგან.

შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ წარმატებით შექმნა საფრთხობელა ოპოზიციისგან, ოპოზიციამ - ხელისუფლებისგან. უბრალო ადამიანები კი, უბრალოდ, კაპიტულაციის გამოცხადების ზღვარზე დგანან. ასეთ ვითარებაში კონფლიქტები, რომლებიც უკვე წარმოიქმნა და ერთი თვის განმავლობაში, ალბათ, არაერთხელ განმეორდება, არჩევნების ჩასაშლელად გათვლილს არ ჰგავს. რადგან არჩევანი, რომელიც აშინებს ხელისუფლებას და რომელიც მმართველი ძალის განახლებას დაედება საფუძვლად, დაშინებული ელექტორატისგან მოსალოდნელი არ არის. პირიქით, თუ ქვების და ტყვიის სროლა გაგრძელდება, საფიქრებელია, რომ არჩევნების მონაწილეთა რიცხვი საგრძნობლად მოიკლებს, რითიც, პირველ რიგში, ხელისუფლება ისარგებლებს. ამიტომ, საუბარი იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას არჩევნების ჩაშლა სურს, დამატებით მოტივაციას მოითხოვს: კონფლიქტების გაღვივება ამის საბუთად არ გამოდგება.

მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩევნები ჩატარდება და მისი შედეგები ლეგიტიმურად გამოცხადდება, დესტაბილიზაციის საფრთხე, შესაძლოა, არ მოიხსნას. და, აი, რატომ: ბოლო თვეების მოვლენებმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება არჩევნების წინა პერიოდშიც კი ვერ ახერხებს თავისი მოვალეობა შეასრულოს ქვეყნის და მისი მოსახლეობის მიმართ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნაწილი; დეფიციტურია ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი; არ არის ხელფასი და პენსია. და თუ ხელისუფლება შეინარჩუნებს თავის ამჟამინდელ მდგომარეობას იმის ხარჯზე, რომ დააშინებს მოსახლეობას, შეუქმნის მას შეუცვლელობის ილუზიას, ან გააყალბებს არჩევნებს, ამით, სინამდვილეში, არაფერი გამოსწორდება. არჩევნები ჩაივლის და აღმოჩნდება, რომ ხელისუფლება ისევ უუნარო და უსუსურია, შემდეგ არჩევნებამდე კი მეტისმეტად ბევრი დროა დარჩენილი. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, არჩევნების შემდგომი პერიოდი გაცილებით მეტი რისკის მომცველი იქნება დესტაბილიზაციის კუთხით, ვიდრე ამჟამინდელი წინასაარჩევნო დაპირისპირებები.
XS
SM
MD
LG