Accessibility links

"სამართლიანი არჩევნები" განგაშს ტეხს - ცესკო ვადებში ვერ ეტევა


არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" განგაშს ტეხს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო ამომრჩეველთა სიების დროული გამოქვეყნება და მათი განთავსება ინტერნეტში.

ცესკომ ასევე ვერ მოახერხა დათქმულ ვადებში საუბნო საარჩევნო კომისიათა თავმჯდომარეების დანიშვნა, საარჩევნო უბნების საზღვრებისა და მისამართების დაზუსტება, სიების გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის. მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ვადების გადაწევის თაობაზე ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება.

ხელისუფლების მიერ ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასა და გამჭვირვალობაზე ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო ამომრჩეველთა სიების დროულად, ანუ 27 სექტემბრამდე გამოქვეყნება და 22 სექტემბრის დადგენილებით ეს ვადა 2 ოქტომბრამდე გადასწია. არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნების" საინფორმაციო კოორდინატორი ქეთი ცხომელიძე იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელსაც ამომრჩეველთა სიების დაგვიანებით გამოქვეყნება ქმნის:

[ქეთი ცხომელიძის ხმა] "მე, როგორც ერთ-ერთ ჩვეულებრივ ამომრჩეველს მეზღუდება დრო, რომლის განმავლობაშიც შემიძლია გადავამოწმო ჩემი თავი სიაში. დროის შეზღუდვა საკმაოდ მწვავე პრობლემაა, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ბოლო ცვლილებები ერთიან სიაში შეიძლება შევიდეს მხოლო და მხოლოდ... ბოლო ვადა არის არაუგვიანეს 29 ოქტომბრისა".

"სამართლიანი არჩევნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი, თამარ ჟვანია სხვა არანაკლებ სერიოზულ საფრთხეებზეც საუბრობს:

[თამარ ჟვანიას ხმა] "ჩვენ ასევე საფრთხეს ვხედავთ იმ ოლქებში, სადაც მოხდა საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნის შესახებ განკარგულებების გაუქმება. თუ უბანს თავმჯდომარე არა ჰყავს, ფაქტობრივად, უბნის ფუნქციონირება ჩაშლილია ამ შემთხვევაში... არის აბსოლუტური გაუგებრობა საუბნო კომისიათა თავმჯდომარეებთან დაკავშირებით. არის ორხელისუფლებიანობა, არის სამხელისუფლებიანობა. ძველი საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული საუბნო კომისიის თავმჯდომარეები, ახალი საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული უბნის თავმჯდომარეები და რა ხდება, საერთოდ ვერ გაიგებთ".

თუ რატომ ვერ გაართვა დათქმულ ვადებში ცესკომ თავი სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, ამის შესახებ კომენტარის გაკეთება ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს, კახა კახიშვილს ვთხოვე.
[კახა კახიშვილის ხმა] "ჩვენ პირველ რიგში უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რამდენად მავნებლობა იყო, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი, საარჩევნო კოდექსი, ანუ ეს, ფაქტიურად, ის ვადა არ იყო, სადაც შეიძლებოდა ნორმალურად არჩევნებისთვის მომზადებულიყო როგორც ცესკო, ასევე სხვა სუბიექტები".

"სამართლიან არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებისათვის ანგარიშის გაწევას არ აპირებენ. მისი თქმით, უპირველესი ამომრჩევლის ინტერესი უნდა იყოს.
[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "საშუალება, რომ გადავამოწმოთ ჩვენი თავი სიაში, დღეები იზღუდება, ესე იგი მოკლდება და, ბუნებრივია, ყველას და ყველაფერს უნდა გავუწიოთ ანგარიში ამ ქვეყანაში, გარდა თავად ამომრჩევლისა. ჩვენ გვინდა, რომ პირველ რიგში ამომრჩეველს გავუწიოთ ანგარიში და მერე ყველა დანარჩენს - დაწყებული თითოეული სტრუქტურიდან, დამთავრებული ყოველი პოლიტიკური პარტიით. პირველ რიგში ამომრჩევლის ინტერესი უნდა იქნას დაკმაყოფილებული" .
XS
SM
MD
LG